14:12 | 2020-05-19 ავტორი: თამარ გონგაძე

“ამ ყველაფრიდან “ამახვევინეს”, თუმცა დახვრეტას გადავრჩი” – რას იხსენებს “პრაიმტაიმთან” ზურაბ ცინცქილაძე

ქართული მხატვრული ფილმი “მევლუდი” 35 წლისაა. ნიკოლოზ სანიშვილის ფილმი, ახლახან ლევან მჟავანაძისა და მერაბ აბულაძის მიერ კინოსტუდია “ქართულ ფილმში” აღდგა.

 

რეალურ გმირ მევლუდ დიასამიძეს პარმენ ლორიამ 1941 წელს რომანი უძღვნა. სწორედ ამ რომანის მიხედვით სცენარზე ნუგზარ შატაიძემ იმუშავა. ფილმის იდეა კი თავად მევლუდის როლის შემსრულებელს, მსახიობ ზურაბ ცინცქილაძეს ეკუთვნის.

 

მსახიობი, ფილმის გარშემო, “პრაიმტაიმს” ბევრ საინტერესო ფაქტს უყვება. ახლა კი, როცა შეზღუდვები მოიხსნება, ფილმს მაღალმთიან აჭარაში იხილავს მაყურებელი.

 

Batumelebi | კინოფილმ „მევლუდის“ 30 ...

 

ლევან ცინცქილაძე: როლზე როგორ დამატკიცეს და ახლავე გიამბობთ. ნიკოლზ სანიშვილმა მოსკოვში გადაიღო ფილმი „სახლი ლესნაიას ქუჩაზე“. რევოლუციონერების როლში ვიყავით – დავით გიორგობიანი, ლევან უჩანეიშვილი, ზაზა მიქაშავიძე და მე – ზურაბ ცინცქილაძე. ჩემი სცენები ამოიჭრა. რეჟისორმა “მოსაბოდიშებლად” მითხრა – მე შენ კარგი როლი უნდა გათამაშოო. რა კარგი როლი, თქვენც ახლა მევლუდი არ მათამაშოთ-მეთქი, ვუპასუხე სანიშვილს. აჭარაზე ისტორიული ფილმი არ არსებობდა და გულისტკივილი მქონდა. ვინ იყო მევლუდიო? – მკითხა. მივუტანე რომანი და… ნიკოლოზ სანიშვილმა ნუგზარ შატაიძესთან ერთად კინოსტუდიაში გააკეთა სცენარი. დამიჯერეს და გამიმართლა.

 

გადაღებები რომ დავიწყეთ, ბათუმიდან ვიღაცამ წერილები გაგზავნა კინოსტუდიაში, სინჯების გარეშე ფილმის გადაღება როგორ შეიძლებაო. გაჩერდა გადაღება და დაინიშნა სინჯები.

 

მევლუდის როლზე სინჯებში მონაწილეობდნენ – ლევან უჩანეიშვილი, გივი ჩუგუაშვილი, ზაზა მიქაშავიძე და გია ბურჯანაძე. რახან სინჯები ფორმალურად უნდა გამართულიყო, მოვიდნენ ჩემი კოლეგები და შედგა სინჯების გადაღებაც. მათ ჩემ გამო სურვილი არ ჰქონდათ ამ ფილმში ეთამაშათ, მიუხედავად იმისა, რომ გმირის თამაში ძალზედ სასურველი იყო.

 

შეიკრიბა კომისია, სადაც რეზო ჩხეიძემ, რომელიც კინოსტუდიის დირექტორი იყო, თქვა – სინჯების გაკეთება საჭირო არ არის, მევლუდს ზურაბ ცინცქილაძე ითამაშებსო. რამდენიმე თეთრი ღერი წვერში სწორედ მაშინ შემერია. ძალიან სანერვიულო იყო ეს ჩემთვის, ვთვლიდი, რომ ჩემში რაღაც ღირებულს კლავდნენ. გმირი ხომ მსახიობის ნაწილია. ამიტომაც ვინერვიულე.

 

სად იგეგმება ფილმის ჩვენება?

 

– რომ იცოდეთ, როგორ გველოდება ხალხი მაღალმთიან აჭარაში. ფილმის ჩვენება გაიმართება იქ, სადაც გადაღებები იყო – ქედაში, შუახევსა და ხულოში. ასევე გადაღება იყო ბათუმშიც.

 

1985 წელს, ქედის რაიკომის მდივანი, მიხეილ მახარაძე გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში“ განცხადებას ავრცელებდა – ზემო აჭარის მცხოვრებლებში შრომის ნაყოფიერება ერთი-ორად გაიზარდა. კინოსტუდია “ქართულმა ფილმი” აჭარის ისტორიულ წარსულზე იღებს ფილმ “მევლუდს”. მთელი გვერდი ჰქონდა დათმობილი ამ განცხადებას.

 

ობიექტზე მისვლა და გადაღების დაწყება შეუძლებელი იყო. უამრავი ხალხი გვხდებოდა, პურ-მარილით… ნიკოლოზ სანიშვილი დაიყვირებდა – დამაცადეთ, კაცო, გადაღებაო.

 

ბევრ საინტერესო ფაქტს მოგიყვებით ფილმ „მევლუდთან“ დაკავშირებით. საბჭოთა ცენზურამ იმდენი საინტერესო კადრი ამოჭრა. მევლუდი ერთ სცენაში რუსის გენერლებს ძარცვავს. ეს ფაქტი ისტორიულადაც ცნობილია.

 

ამ სცენების გადაღებისას ფილმის ბიუჯეტის ნახევარიც კი დაიხარჯა. ჩაქვში სპეციალურად დაიგო რკინიგზა, 1800 წლის ორთქლმავალი გავატარეთ მასზე. ვაგონები ჩამოიყვანეს, სად არ ეძებდნენ რომ ეშოვათ ძველი ვაგონები, რომლებიც გადაკეთდა. ეს შრომასათანაც იყო დაკავშირებული და თანხებთანაც.

 

ამ ვაგონებში ცხენიდან ავდიოდი, როგორც ამერიკულ ვესთერნშია. ცხენი მოსდევდა მატარებელს და უკან, გაქანებული მატარებლიდანაც ვხტებოდი ცხენზე! დუბლიორის გარეშე! 30 წლის ვსრულდებოდი.

 

ასეთი ჯირითი სად ისწავლეთ?

 

– კინოსტუდია “ქართულ ფილმს” ისეთი საოცარი არაბული, ინგლისური ცხენები ჰყავდა, რომელზეც სტუდენტობისას დავდიოდით და ჯირითს ვეუფლებოდით. ეს უნდა გვცოდნოდა. ფარიკაობას ვსწავლობდით. დილის შვიდ საათზე ცურვაზე თუ არ გამოვცხადდებოდით, საყვედურს ვიღებდით. ამ აუზებზე შესვლა დღეს ისეთი ძვირია, შესვლა ჭირს.

 

მოკლედ, მატარებლის სცენა საბჭოთა ცენზურამ ამოჭრა. მთავარ მიზეზად დაასაახელეს ის, რომ ამერიკულ კინოს გავსო. თუმცა ფილმის დაჩეხვის მიზეზი რუსი გენერლების დაძარცვის სცენა იყო, რაც შეურაცხმყოფელად მიიღეს.

 

ეს სცენა მატარებელში თამაშდებოდა. ის სცენა დატოვებულია, რუსი გენერალი რომ გაცოფებულია და აქაურ გუბერნაატორს იბარებს. თუმცა, რისთვის არის გაცოფებული, დაჭრილ ფილმში უკვე აღარ ჩანს. ძალიან გულდასაწყვეტია ამ სცენების დაკარგვა…

 

Zurab Tsintskiladze-ს ფოტო.

 

აჭარა იმ დროს ახალდაკავებული ჰქონდათ რუსებს, მუჰაჯირობის ოპერაცია ტარდებოდა, რომ დაწმინდილიყო აჭარა. ეს ზოგჯერ თავისით, ზოგ შემთხვევაში, პროვოკაციებით ხდებოდა. ისინი მეზობელ ქვეყანაში უნდა გაქცეულიყვნენ. რუსეთიდან ბრძანება იყო, მუჰაჯირებისგან უნდა დაიცალოს და ჩვენთვის სანდო ხალხით დასახლდეს აჭარაო.

 

მევლუდი ყაჩაღად იყო იმიტომ, რომ ხალხს უშლიდა, წასულიყვნენ და დაეტოვებინათ აჭარის ქართული მიწა. მისი სიკვდილით დასჯის ძირითადი მიზეზი ეს იყო.

 

მევლუდი - MYVIDEO

 

მინდა საინტერესო რამ გითხრათ, რაც ფილმში პირიქით არის წარმოჩენილი. რუსეთის სასამართლომ მევლუდს გადასახლება მიუსაჯა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ იცოდა, ციხიდან გამოიქცეოდა მევლუდი. ამიტომ მათი დაჟინებული თხოვნით მას ცოლ-შვილი დაუპატიმრეს, რომ გამოჩენილიყო. ეს ქართველისთვის და განსაკუთრებით, აჭარელი კაცისთვის, ისეთი შეურაცხმყოფელი იყო, ამას ცხადია, არავის აპატიებდა! ამიტომ ადგილობრივმა გუბერნატორმა ყველა საშუალება იხმარა, რომ ის სიკვდილით დასჯილიყო.

 

ცხენთან ერთად მოვიარე აჭარა. მაშინ კიდევ უფრო შემიყვარდა აჭარის ყოველი ხე და ბუჩქი. ტყეში ღამეებსაც ვათევდი ცხენთან ერთად. ასეთი არაორდინალური ვიყავი…

 

ახლა ექსკლუზიურ ამბავს მოგიყვებით. თურქეთიდან დაგვიკავშირდა ვინმე დიასამიძე, რომელიც აქედან გადაპარული მევლუდ დიასამიძის შვილთაშვილია. ასე ამბობს, დიდი ბაბუა სიკვდილით დასჯისას გაექცა ჯალათებსო.

 

როგორც კი ფილმს აჭარის სხვადასხვა კუთხეში ვაჩვენებთ და მოვივლით, მერე უნდა წავიდეთ თურქეთში და ვნახოთ მისი საფლავი. ეს ბიჭი ამბობს, რომ დიდი ბაბუის საფლავს თურქული გვარ-სახელის გარდა ფრჩხილებში აწერია დიასამიძე.

 

ამბობს, რომ ბაბუას დაყავდა მის საფლავზე და უყვებოდა ისტორიულ ამბავს, თუ როგორ უშლიდა მევლუდი ქართველებს აჭარიდან გაქცევას და იქ დარჩენას თხოვდა.

 

მევლუდი ათჯერ მეტი გმირია, ვიდრე ის ფილმშია წარმოჩენილი. დღეს რომ აქ ამაყად დადიან ქართველები, მათი წინაპრები აქედან გასახლებას სწორედ მევლუდმა გადაარჩინა.

 

საფლავსაც თუ ვიპოვით, პატივს მივაგებთ. იქაური ქართველები მევლუდ დიასამიძეს დიდ პატივს სცემენ.

 

Zurab Tsintskiladze-ს ფოტო.

 

სხვათა შორის, მეც მევლუდივით გამომასახლეს, ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩემი სახლიდან და აჭარიდან. ბრალდება იყო ასეთი – ასლან აბაშიძეს ხელს ართმევდა ქუჩაშიო. ამ ბრალს ისინი მდებდნენ, ვინც მასთან მუშაობდნენ და ფულს აკეთებდნენ.

 

ასლან აბაშიძის ბაბუა, მემედ აბაშიძე განვასახიერე სატელევიზიო სპექტაკლში და ეს იყო ჩემი დიდი მსჯავრი აჭარაში, რაც დღემდე გრძელდება.

 

მე ბათუმში კინოსტუდია “აჭარა” დავაფუძნე. ხელოვნების ისნტიტუტში კინოფაკულტეტის პრორექტორი ვიყავი. თანამედროვე სიტყვით რომ ვთქვა, ამ ყველაფრიდან „ამახვევინეს“. თუმცა, მევლუდისგან განსხვავებით, დახვრეტას გადავრჩი (იცინის).

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X