fbpx
23:47 | 2020-04-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ამ დიდმა გაჭირვებამ იქნებ გვასწავლოს, რომ საფლავზე ღრეობა და ჭამა არ არის ქრისტიანული ტრადიცია“ – მამა შიო

„ამ დიდმა გაჭირვებამ იქნებ გვასწავლოს, რომ საფლავზე ღრეობა და ჭამა არ არის ქრისტიანული ტრადიცია“ – მამა შიო

აღდგომის დღესასწაულთან ერთად ახლოვდება საფლავებზე გასვლის დღე. საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის პირობებში, როცა ექიმები და ხელისუფლება სოციალური დისტანციისკენ მოგვიწოდებენ, საფლავებზე ხალხის შეკრება შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს.

 

რას გვირჩევს ამ დროს ეკლესია, როგორ მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ ჩვენი მიცვალებულებისთვისmshoblebi.ge-ს ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე ესაუბრა:

 

„რელიგიურობა ეგზისტენციალური მოვლენაა. ეს პიროვნულობის განმსაზღვრელი თეზაა. აი ახლა ამ დიდი ჭირიანობის ჟამს, განსაკუთრებით დაგვანახა უფალმა, რომ რელიგიურობა ეს ძალიან შინაგანი და პიროვნული საკითხია.

 

ჩვენ ჩავიკეტეთ სახლებში და ვემალებით ჭირს. განა ეს ცუდია, რომ ვიმალებით?

 

არა, რა თქმა უნდა, როცა ომია, უნდა დაიმალო, რომ გადარჩე. განსაკუთრებით, როცა ვირუსი მძვინვარებს და ამის მწარე ისტორიული წარსული ჩვენს ქვეყანასაც კარგად ახსოვს.

 

ერეკლე მეორე ორმოცი დღე ვერ დაკრძალეს, რადგანაც შავი ჭირი მძვინვარებდა ქართლ-კახეთში. სვეტიცხოვლის ეზო სავსე იყო გარდაცვლილი ადამიანებით და მათ დამმარხავნიც არავინ ჰყავდათ, რადგანაც დიდი შიში იყო გამეფებული. ეს ისე კომენტარისთვის, რომ კარგად გავაანალიზოთ პრობლემა.

 

დღეს ფიზიკური გადარჩენის წინაშე ვდგავართ. როგორც ჰეგელი ამბობს: „სხეული სულის სასაფლაოდ არ უნდა გადავაქციოთ“.

 

დღესდავდექით უცნაური რეალობის წინაშე, აღდგომა მოდის, საფლავზე გასვლის კოლექტიური ტრადიცია ჩვენში იმდენად ღრმად არის გამჯდარი, რომ ალბათ ტრაგედიად იქცევა ეს ქართველი კაცისთვის, მაგრამ შეგახსენებთ, რომ უმთავრესი არის ჩვენი კეთილგონიერება, ლოცვა, ფიქრი იმაზე, რომ ჩვენმა ამ ტრადიციულმა მსვლელობამ შესაძლებელია დიდი პრობლემა შეუქმნას ახლობლებს, მეგობრებს და ეგრეთწოდებულ კლასტერად იქცეს სასაფლაო.

 

მერე მოგეხსენებათ, როგორი ქეიფი და დროსტარება ვიცით საფლავებზე… შარშან „ბიბისის“ ჟურნალისტი თვალებგადმოცვენილი საუბრობდა თემაზე: სადილი სასაფლაოზე… ამ შემთხვევაში ოფიციალური ეკლესია თავისთავად გააკეთებს განცხადებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გადავდოთ საფლავზე წასვლა, რადგანაც არ არის ეს დოგმატურ კანონიკური სახე.

 

ამაღლებამდე ნებისმიერ დროს შეგვეძლება გავიდეთ და ჩვენს მიცვალებულებს მივულოცოთ აღდგომა. სახლში ლოცვით და მათი სულების მოხსენიებით უფრო დიდ საქმეს გავაკეთებთ, ვიდრე ახლა ამ ჭირიანობის დროს საფლავზე გასვლით.

 

შემდგომაც შეგვეძლება ვაკურთხოთ საფლავები და ერთმანეთიც უფრო თამამად და არა დისტანცირებულად მოვიკითხოდ. ქართული გულმოდგინებით გავუღიმოთ ერთმანეთს და ამ დიდმა გაჭირვებამ იქნებ გვასწავლოს, რომ საფლავზე ღრეობა და ჭამა არ არის ქრისტიანული ტრადიცია.

 

ეს სირცხვილიც არის! ჩვენ კულტურული ერი ვართ, მაგრამ მაინც გვაქვს ისეთი ტრადიციული ნიუანსები, რომელიც შორდება ქრისტიანულ მორალსა და ბუნებას. ეს გადასახედია და გასაფილტრი.

 

ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი მიცვალებულებისთვის ჩვენს გულებში და ევქარისტიაში. ქრისტე აღსდგა“, – ამბობს მამა შიო.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X