fbpx
12:14 | 2020-04-21 ავტორი: თამარ გონგაძე

“ახლაც ჩამესმის მისი ხმა, დამელოდე, არსად წახვიდეო” – კობა სუბელიანი კორონავირუსით გარდაცვლილ ამერიკელ ბაბუაზე

“ახლაც ჩამესმის მისი ხმა, დამელოდე, არსად წახვიდეო” – კობა სუბელიანი კორონავირუსით გარდაცვლილ ამერიკელ ბაბუაზე

90 წლის ამერიკელი მოხუცი, რომელსაც ამერიკაში მყოფი ყოფილი ქართველი პოლიტიკოსი კობა სუბელიანი უვლიდა, 17 აპრილს Covid-19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა. ამის შესახებ კობამ “ფეისბუქზე” დაწერა.

 

“ჩვენც მოგვწვდა ვირუსი, ჰენრი მილერი აღარ არის” – წერდა კობა.

 

სუბელიანი წელიწადნახევრის მანძილზე მუშაობდა ჰენრი მილერთან, რომელიც ნიუ-იორკში ცნობილი ადვოკატი იყო. სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა სემინარებს, კითხულობდა ლექციებს…

 

კობა ძალიან ხშირად წერდა ჰენრიზე სოციალურ ქსელში. პოსტებში ყვებოდა, თუ როგორ შეაყვარა ამერიკელ ადვოკატს ქართული ქეიფი და სიმღერა.

 

ქართველი პოლიტიკოსი “პრაიმტაიმს” თავის ემოციებს უზიარებს და სამომავლო გეგმას აცნობს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას.

 

კობა სუბელიანი: – დამენანა ასე მზაკვრული სიკვდილისთვის, რომელიც ასე ჩასაფრებულივით დაატყდა თავს. იცოცხლებდა კიდევ, რომ არა კორონა.

 

რას ვიზამთ, რა შეგვიძლია, ვეღარაფერს შევცვლით…

 

შემეცოდა და გული დამწყდა. ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ გამოძვრებოდა. გამოვალ აქედან და ისევ ისე გავაგრძელებთო, ბოლო სიტყვა ეს იყო, ტელეფონზე რომ ვესაუბრე.

 

ახლაც ჩამესმის მისი ხმა. დამელოდე, არსად წახვიდეო. სად უნდა წავიდე გელოდები-მეთქი.

 

ნათელში იყოს. მოსიყვარულე და კეთილი გულის კაცი იყო, ბევრის მნახველი ცხოვრებაში.

 

გვგულშემატკივრობდა რუსეთთან მიმართებაში.

 

კობა, რას აპირებთ? სად გააგრძელებთ მუშაობას?

 

– ჩემი მეგობრის, ნიკა ავალიანის კომპანიაში გადავალ, ალბათ, სამუშაოდ. მანქანების გადაზიდვის ბიზნესი აქვს და ვნახოთ, როგორ იქნება. მთავარია, ამერიკის ეკონომიკა ნელ-ნელა ამუშავდეს, რომ დაეხმაროს სხვა ქვეყნებსაც და მათ შორის, საქართველოსაც.

 

კრიზისია, მაგრამ თავს გავიტანთ მაინც და რაღაცას მოვახერხებთ. ამერიკაა და იმიტომ.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X