21:02 | 2020-04-08 ავტორი: რუსა ღვანიძე

ახლა რომ პლაზმაზე ბევრს საუბრობენ, მამა მას 80-იან წლებში იყენებდა – ქართველი ექიმი, რომელმაც ჯანმოს ხელმძღვანელობაზე უარი თქვა

ახლა რომ პლაზმაზე ბევრს საუბრობენ, მამა მას 80-იან წლებში იყენებდა – ქართველი ექიმი, რომელმაც ჯანმოს ხელმძღვანელობაზე უარი თქვა

1970 წლის ეპიდემია – ქოლერა, საბჭოთა კავშირის თხუთმეტ რესპუბლიკაში მძინვარებდა. ბათუმი, პირველი ქალაქი იყო, საიდანაც კრემლში, ქოლერის ეპიდემიის მოსალოდნელი საშიშროების შესახებ შეტყობინება გაგზავნეს.

 

შეიქმნა სპეციალური კომისია და ბათუმში, საგანგებო ვიზიტით, სსრკ-ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გულბასოვი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ ბოჭორიშვილი ჩავიდნენ.

 

ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშიებით, უამრავ ადამიანს გაახსნდა ბ-ნი ვახტანგის თავდაუზოგავი შრომა, განსაკუთრებით ქოლერას ეპიდემიის დროს, როცა ინფექციის საწინააღმდეგოდ, პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი.

 

 

ამ ისტორიას „პრაიმტაიმთან“ დღეს ცნობილი ინფექციონისტის ქალიშვილი, ქალბატონი ლალი იხსენებს.

 

 

– დიახ, ეს სიმართლეა. ქოლერით დაავადებულ პაციენტებს, სწორედ ამ ხსნარით მკურნალობდა. რამდენიმე ხნით ადრე, მოსკოვში იმყოფებოდა. როგორც ჩანს მოსკოვიდან დაბრუნებულმა, უკვე იცოდა მკურნალობის მეთოდები.

 

მოსკოვში, უკვე გავრცელებული იყო ქოლერა.

 

მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე ხანში, ქოლერამ, ბათუმში იფეთქა. ბებიაჩემის დედა (დედის მხრიდან), ქოლერით იყო გარდაიცვლილი. როცა მამა, ბათუმში ქოლერით დაავადებულების სამკურნალოდ გაემგზავრა, ბებია საქართველოში იმყოფებოდა და ძალიან ინერვიულა.

 

 

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2012 წელი სეფსისთან ბრძოლის წლად გამოაცხადა და ამ ურთულეს პრობლემასთან საბრძოლველად ათწლიანი გეგმაც დასახა. ბატონმა ვახტანგმა კი, სეფსისის დეფინიცია-განმარტება, ოცდაათი წლით ადრე, 1980 – იან წლებში დანერგა…

 

 

– დიახ. ასე იყო. 1969 წლიდან თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას ჩაუდგა სათავეში.

 

1973 წელს, დედა ავად გახდა – სეფსისი დაემართა. გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებოდა. სწორედ მაშინ, მამამ, რაც რამე ჰქონდა ნასწავლი და წაკითხული, ყველაფერი გამოიყენა.

 

ახლა რომ საუბრობენ, პლაზმის გამოყენებაზე, მან ადრე დანერგა ეს მეთოდი, ქოლერას ეპიდემიის დროსაც იყენებდა.

 

სად ინახება ვახტანგ ბოჭორიშვილის სამეცნიერო ნაშრომები?

– ყველა მისი მასალა ერთად მინდა შევკრიბო და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, წიგნად გამოვცე. მე მარტო ვერ ვახერხებ და თუ ვინმე დამიდგება გვერდში, კარგი იქნება – მერიდება, ვერავის ვთხოვ!

 

მიხარია, რომ გაგახსენდათ ვახტანგ ბოჭორიშვილი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ასეთი დაფასებისთვის.

 

~ მოგვიყევით მამაზე…

 

– წარმოშობით რაჭიდან ვართ, მაგრამ მამაჩემი, არ ვიცი, იქ თუ როდესმე იმყოფებოდა. დაიბადა სოფელ გიორგეთში, 1923 წლის 25 მარტს. პასპორტში, დაბადების თარიღი – 1924 წელი ეწერა, გარკვეული მიზეზების გამო.

 

 

ბაბუა, სასულიერო პირი იყო. მამაჩემის ბიძა, კოტე ფოცხვერაშვილი (ვახტანგის დედის ძმა), თბილისში ცნობილი პიროვნება იყო – საქართველოს ყოფილი სახელმწიფო ჰიმნის – „დიდება“ – ავტორი.

 

მართალია, ვერ მოესწრო ამ შესანიშნავი სიმღერის ახალ ცხოვრებას, მაგრამ 79 წლის შემდეგ, 1990 წლის 12 ნოემბერს, საბჭოთა იმპერიისაგან განთავისუფლებული საქართველოს რესპუბლიკის, უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ დაამტკიცა ეროვნულ ჰიმნად.

 

საშუალო სკოლა, თელავში დაამთავრა. ბაბუამ, მამა გაბრიელმა, რომელიც მღვდელი იყო, თელავში რუსული ენის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. მამამ კარგად იცოდა რუსული ენა, მხოლოდ წერა უჭირდა. მაგრამ ხარკოვში სწავლის დროს, ერთ წელიწადში უკვე საკმაოდ კარგად აითვისა.

 

– მამას ერთ-ერთი და, რომელიც მასზე 20 წლისთ უფროსი იყო, თელავის თეატრში მუშაობდა და ვახტანგმაც, 14 წლიდან თელავის თეატრში დაიწყო მუშაობა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი, თბილისის თეატრალურ ინსტიტიტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა.

 

რა მიზეზით შეწყვიტა სარეჟისოროზე სწავლა?

 

– თბილისში, სტუდენტობის დროს, სტუდქალაქში მოუწია ცხოვრება. მასთან ერთად ცხოვრობდა ერთ-ერთ სტუდენტი, რომელსაც ტუბერკულიოზი დაემართა და ვახტანგსაც გადასდო. ამის შემდეგ, იძულებული გახდა, საცხოვრებლად სოფელში, დასთან წასულიყო.

 

მოხდა სასწაული და მამა გამოჯანმრთელდა. გადატანილი ავადმყოფობის გამო, თბილისში ცხოვრება აუკრძალეს და ქ.სოხუმში მოუწია გადასვლა, სადაც წლების განმავლობაში რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა. მახსოვს, სპექტაკლი დადგა – „ხევისბერი გოჩა“, რომელიც დაიწუნეს და სწორედ ეს გახდა მიზეზი, თბილისში დაბრუნებულიყო.

 

აქ შემთხვევით შეხვდა მომავალ ექიმს, ვახტანგ საგანელიძეს, რომელმაც ხარკოვში მასთან ერთად წასვლა და სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება შეთავაზა. ვახტანგმა, გადაწყვეტილება მიიღო და ხარკოვში, სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა.

 

– უკვე დაოჯახებული იყო?

– რა თქმა უნდა, არა. სწორედ, იქ შეირთო ცოლად – ლიდია ნიკოლოზის ასული ვორობიოვი. დედა, მამის გარდაცვალებამდე, ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.

 

 

სიცოცხლის ბოლო დღეებში, მამა საწოლთან ეჯდა და ლექსებს უკითხავდა. ორი ქალიშვილი ვყავდით – მე და თამარი. ჩემი და, სიცოცხლის ბოლომდე, მამასთან მუშაობდა, რომელიც პროფესორი და აკადემიკოსი იყო. თამარი, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა – მამის გარდაცვალებიდან, ერთ წლის თავზე. მანამდე კი, დედა დაიღუპა. სამ წელიწადში დედა, მამა და და დავკარგე – ეს ჩემთვის, დიდი ტრაგედია იყო.

 

ტუბერკულიოზის გადატანა ხომ არ გახდა მისი სამედიცინოზე ჩაბარების მიზეზი?

 

– არ არის გამორიცხული. იმ პერიოდში, დიდი პარაქტიკა გაიარა და სავარაუდოდ, გადაწყვიტა ექიმის პროფესიას დაუფლებოდა. ადამიანს, თუ შენი პროფესიის სიყვარული არ გაქვს, ძალიან რთულია მუშაობა. ექიმი, დამოუკიდებელი პროფესიაა და ვფიქრობ, ამიტომაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

 

ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა კიდეც – მინისტრიც გახდა და შემდეგ პარლამენტარიც…

 

– დიახ, მინისტრი 3 წელი იყო (1970-73 წლებში). საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული, საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, პარტიული სიით. ბლოკი “საქართველოს აღორძინება”, ფრაქცია “XXI საუკუნე”-ს თავმჯდომარე.

 

სულ ნერვიულობდა, ომი არ დაწყებულიყო. ამბობდა, „ომი რომ დაიწყოს, აღარ გაჩერდებაო“. ამიტომ წავიდა პოლიტიკაში. ფიქრობდა, რომ ხალხს დაეხმარებოდა.

 

დაახლოებით 2000 წელს, როცა დედა, უკვე მძიმედ იყო ავად, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ პრეზიდენტობა შეთავაზეს. სამი წლით უნდა გამგზავრებულიყო და მეუღლის გამო უარი განაცხადა. დედას, ხშირად თავად უვლიდა და ვერ შეძლო დატოვება.

 

თავად რა დიაგნოზით გარდაიცვალა?

 

სიმსივნე ჰქონდა. ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება. თან ვიცოდი, ჩემი დაც მალე გარდაიცვლებოდა. ეს ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული წლები იყო. ივლისის ბოლოს, ცუდად გახდა და 11 სექტემბერს გარდაიცვალა.

 

დიდიხანს არ უწვალია. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ერთ-ერთ – ჟურნალისტს, ინტერვიუც კი მისცა.

 

 

 

ოჯახის წევრები, სასლიერო პირები იყვნენ. ბ-ნი ვახტანგი დადიოდა ტაძარში?

 

– კი, რა თქმა უნდა. ეკლესიაში ყოველთვის დადიოდა, უბრალოდ, ხშირად ვერ ახერხებდა, დროის სიმცირის გამო. მახსოვს, ექვსი წლის ვიყავი, ბებია (ვახტანგის დედა) დავინახე ეკლესიაში რომ შედიოდა და მამას ვუთხარი, წარმოგიდგენია, ბებო ეკლესიაში შევიდა-მეთქი.

 

მიპასუხა – „იცი, რა შვილო, დაიმახსოვრე, ღმერთის არსებობა, ყველას თავისებურად ესმისო“. მე არ ვცხოვრობ ეკლესიურად, მაგრამ ღმერთის მჯერა და ხშირად ვლოცულობ. სულ მეუბნებოდა – „არასდროს გააკეთო ისეთი რამ, რაც არ გინდა, შენ გაგიკეთონო“.

 

რჩევას რომ ვეკითხებოდი, მპასუხობდა, შენ გინდა?. თუ ვეტყოდი – „არა“, მპასუხობდა – „მაშინ სხვას რატომ უნდა უნდოდესო“. ზუსტად მახსოვს, რომ გარდაცვალების წინ, თავად მოითხოვა მამაოს მოყვანა, აღსარება ჩააბარა და ეზიარა.

 

2002 წლის 11 სექტემბერს გარდაიცვალა. დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და მოღვაწეთა პანეონში. 2003 წელს, გარდაცალებიდან ერთი წლის შემდეგ, ვახტანგ ბოჭორიშვილის ბიუსტი, ფრაქცია “XXI საუკუნე”-ს წევრებმა, აღმაშენებლის და თამარ მეფის კუთხეში მდებარე ბაღში (სოკოს ბაღი) დადგეს, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ მოიპარეს, მაგრამ მისი დაბრუნება მოვახერხე და ისევ დავდგი.

 

 

– რას ეტყოდით საზოგადოებას?

– ყველას ჯანმრთელობას, ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ. ახალი თაობის უმეტესობას, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭოიშვილის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს. ამ ინტერვიუს წყალობით, საზოგადოება, კიდევ ერთხელ მოიგონებს. მიხარია, რომ გაგახსენდით, ძალიან დიდ პატივს გცემთ „პრაიმტაიმს“, ამას ნამდვილად გეუბნებით, მამას ვგავარ, ტყუილად, არაფერს ვამბობ( იცინის). აღსანიშნავია, რომ თქვენი ინფორმაციები, ყოველთვის ობეიექტურია. დიდი ხანია არავინ შემხიანებია და გული მწყდება. თუ ვინმეს გამოვადგები, მუდამ თქვენ სამსახურში ვიქნები!.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენტარი - +