17:01 | 2020-07-01 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ახალი წესი, რომლის მიხედვითაც 2021 წლიდან ასაკობრივი პენსია დაანგარიშდება

ახალი წესი, რომლის მიხედვითაც 2021 წლიდან ასაკობრივი პენსია დაანგარიშდება

2021 წლიდან ასაკობრივი პენსიები წინასწარ განსაზღვრული ოდენობის ნაცვლად, ინდექსაციის წესით გაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პენსია ყოველთვიურად ინფლაციის დონისა და რეალური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის შესაბამისად დაანგარიშდება.

 

„პრაიმტაიმმა“ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით დაიანგარიშა, დაახლოებით რამდენით გაეზრდებათ მომავალი წლიდან მოხუცებს შემოსავალი.

 

მთავრობაში განმარტავენ, რომ 2021 წლის იანვრიდან იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება, რომლის მიხედვით:

 

  • ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე;

 

  • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტი, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი;

 

  • მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.

 

 

თუ გასული წლის მსგავსად, 2021 წელს ინფლაციის დონე შვიდ პროცენტს შეადგენს, გამოდის, რომ არსებული პენსია 250 ლარის ნაცვლად, პენსიონერებს სახელმწიფო ინდექსაციის წესის ამოქმედების შედეგად, 267.5 ლარს გასცემს.

ვის და რამდენი ლარით ეზრდება პენსია დღეიდან
2020-07-01ვის და რამდენი ლარით ეზრდება პენსია დღეიდან

 

2018 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით საშუალო ზრდა 4.8 პროცენტი იყო. თუ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ამ მონაცემს დავეყრდნობით, სახელმწიფო საშუალოდ, 12 ლარით კიდევ გაზრდის პენსიის ოდენობას.

 

სახელმწიფო გასაცემლების უწყება სავარაუდოდ, 2021 წელს, 250 ლარის ნაცვლად, პენსიის სახით გასცემს 279.5 ლარს ანუ 29.5 ლარით მეტს, ვიდრე დღეს დამტკიცებული სამთავრობო გადაწყვეტილებაა.

 

დღეიდან, 1-ლი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება და 250 ლარი ხდება. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი 300 ლარი იქნება.

 

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით ეძლევათ.

 

პენსიების ზრდა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ და სხვა ეკონომიკურმა უწყებამ იმუშავა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

X