18:21 | 2020-01-02 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ახალი „დიდი დეპრესია?“ – რა ელოდება მსოფლიოს და საქართველოს ეკონომიკას კორონავირუსის გამო

ახალი „დიდი დეპრესია?“ – რა ელოდება მსოფლიოს და საქართველოს ეკონომიკას კორონავირუსის გამო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 31 იანვარს მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იმავე დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას იქონიებს მსოფლიო ეკონომიკაზე. უკვე გასაგებია, რომ რამდენიმე თვით მაინც შენელდება ჩინეთის ეკონომიკის ზრდა, რაც თავის მხრივ საშიშია მსოფლიო ეკონომიკისთვის.

 

თუ ეპიდემია გაგრძელდება, მსოფლიოში შეიქმნება ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ზოგიერთი ექსპერტების აზრით, 1920-იანი „დიდი დეპრესიის“ მსგავსი იქნება.

 

თუ ერთი კვირის წინ პროგნოზირებდნენ, რომ ეკონომიკაზე ეპიდემიას არ ექნებოდა განსაკუთრებული გავლენა, დღეს როგორც ჩანს პანიკაა

 

მანამ, სანამ ჩინეთის ხელისუფლება დახურავდა ქალაქებს პროვინცია ჰუბეიში და გამოაცხადებდა „ძალიან სერიოზულ სიტუაციას“, მსოფლიოს მასშტაბით ეკონომისტებს მიაჩნდათ, რომ ვირუსის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი 2003 წლის მსგავსი იქნებოდა, როდესაც SARS-ის კორონავირუსის აფეთქება მოხდა. მაშინ ჩინეთის ხელისუფლება ეპიდემიის შესახებ სიმართლეს მალავდა, სანამ ვირუსი სხვა ქვეყნებშიც არ გავრცელდა. შედეგად დაახლოებით 8 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა და 800-მდე პაციენტი გარდაიცვალა. 2003 წელს, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა რამდენიმე თვით შეჩერდა (სულ რაღაც 1%-ით) და როდესაც ეპიდემია დასრულდა, ეკონომიკაც მალევე აღდგა.

 

2020 წლის 20 იანვრამდე მიაჩნდათ, რომ ახლანდელი კორონავირუსი უფრო ნელა ვრცელდება, ვიდრე SARS-ი და სიკვდილიანობის რიცხვიც უფრო ნაკლებია. დღეს უკვე ფიქრობენ, რომ ახალი კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია.

 

სამედიცინო პროგნოზების ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა ეკონომისტების ტონიც. მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა სარეიტინგო სააგენტომ Moodyʼs-მა განაცხადა, რომ ეპიდემია შეიძლება გახდეს „ისეთი შავი გედი, რომელიც მანამდე არ გვინახავს“. სააგენტოს ექსპერტების აზრით, გლობალური ეკონომიკის კრიზისი შეიძლება უფრო უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე 2008-2009 წლის გლობალური რეცესია და ასევე 1920 წლის „დიდი დეპრესია“.

 

ეკონომისტები უკვე დიდი ხანია პროგნოზირებენ გლობალურ ეპიდემიას, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკურ კრიზის გამოიწვევს

 

იდეა იმის შესახებ, რომ გლობალური ეპიდემია გაჩნდება, რომელიც ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს და გამოიწვევს გლობალურ კატასტროფას, მსოფლიო ეკონომიკისთვის ახალი არ არის. მსოფლიო ბანკმა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში შექმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სწავლობს ეპიდემიის ალბათობას და მსოფლიო ლიდერებს აძლევს რჩევებს, როგორ ავიცილოთ თავი დაავადებებისგან.

 

მას შემდეგ, მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს გამაფრთხილებელ ანგარიშებს იმის შესახებ, რომ კატასტროფული ეპიდემიის რისკები იზრდება და მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა ამისათვის მზად არ არის.

 

არგუმენტები:

 

– სამედიცინო სფეროში ტექნოლოგიური მიღწევები და განვითარება ეჯახება იმ საშიშროებას, რომელსაც „მსოფლიოს სიმჭიდროვე“ ჰქვია – მთელი მსოფლიო დაკავშირებულია ავიამომისვლით, ვაჭრობითა და ტურიზმით;

 

– თანამედროვე ტექნოლოგიები არამხოლოდ ებრძვიან ეპიდემიას, არამედ ახალი მიკროორგანიზმების საშიშ მოდიფიკაციებს აკეთებენ, შესაბამისად შეიძლება მოხდეს ადამიანის მიერ შექმნილი ვირუსით დაინფიცირებაც;

 

– ძალიან ცოტაა ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მომაკვდინებელი ინფექციის შეკავების სისტემა;

 

ისტორიული ეკონომიკური გათვლები

 

 

1918 წელს, „ესპანურმა გრიპმა“ მსოფლიოს მესამედ მოსახლეობას დაარტყა და 50 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. მსგავსმა ვირუსმა დღეს შეიძლება 50-დან 80 მილიონამდე ადამიანი შეიწიროს.

 

ეკონომიკური დანაკარგი განსაკუთრებულად დიდი პანიკის გამო იქნება, რომელსაც ხელს უწყობს კომუნიკაციის თანამედროვე გზები. პანიკა დააზიანებს ვაჭრობას და გაამძაფრებს ეკონომიკურ კრიზისს.

 

ბევრ სხვადსხვა ქვეყანაში, ეპიდემიის მიმართ ბრძოლას ხელს შეუშლის პოლიტიკოსების და მეცნიერების მიმართ უნდობლობა. 2014-2016 წლებში, ძალიან გართულდა დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის დამარცხება, სწორედ ამ მიზეზის გამო.

 

სერიოზული ეპიდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დათვლა მარტივი არ არის. გლობალიზაციის ეპოქაში ჯერ არ ყოფილა რესპირატორული ინფექცია, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მოკლე ვადის პერიოდში.

 

2006 წელს, ეკონომისტებმა წარმოადგინეს მოდელი, რომელშიც ასახულია ეპიდემიისგან გამოწვეული სიკვდილისა და ეკონომიკური კრიზისის კორელაცია. მას საფუძვლად დაედო SARS-ის კორონავირუსის ეპიდემია და 1918 წლის „ესპანური გრიპი“, რომელშიც გათვალეს ვაჭრობის შემცირება, მომხმარებლებისა და ინვესტორების პანიკა, ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ფასების მატება და ხელისუფლების მხრიდან ბიუჯეტის ხარჯვის ზრდა.

 

მეცნიერების გამოთვლით, ის ეპიდემია, რომლის სიკვდილიანობის რიცხვი „ესპანური გრიპისგან“ გამოწვეული სიკვდილის რიცხვის მსგავსი იქნება, „ახალ დიდ დეპრესიას“ გამოიწვევს. მსოფლიოს მშპ, კატასტროფული ეპიდემიის შემთხვევაში, შესაძლოა 8-9%-ით შემცირდეს. ყველაზე მეტად (მშპ-ს შემცირება 10%-ით) დაზარალდება სავაჭრო ჰაბები, როგორებიცაა სინგაპური და ჰონგ-კონგი და ნავთობმწარმოებელი ქვეყნები. ყველაზე ნაკლებად დაზარალდება ის ქვეყნები, სადაც ვირუსმა ნაკლებად შეაღწია და აქვს განვითარებული ინფრასტრუქტურა.

 

2016 წელს, ეკონომისტების ჯგუფმა ჰიპოტეთეტიურ ეპიდემიაზე დაყრდნობით ახალი მოდელი შექმნეს. მეცნიერები, 1700 წლიდან მოყოლებული მონაცემებით, შეეცადნენ გამოეთვალათ დაავადებულთა და დაღუპულთა რიცხვი.

 

„ესპანური გრიპი“ ამ მოდელშიც ასევე არის წარმოდგენილი, როგორც „სუპერეპიდემია“. უფრო ნაკლები მასშტაბით ეპიდემიები მსოფლიოში, ბოლო 300 წლის განმავლობაში დაახლოებით 6-ჯერ იყო.

 

მკვლევარების თქმით, 700 ათასამდე მსხვერპლის რაოდენობის გამომწვევი ეპიდემია, გამოიწვევს გლობალური შემოსავლის შემცირებას 0.8%-ით, ამასთან ყველაზე მეტად დაზარალდებიან ქვეყნები, რომლებსაც საშუალო შემოსავალი აქვთ, ყველაზე ნაკლებად – მდიდრები.

 

რაც უფრო მძიმეა ეპიდემია, მით უფრო მაღალი იქნება მისი შედარებითი ფასი.

 

 

ამჟამინდელმა ეპიდემიამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ეკონომიკური ზარალი, თუნდაც შედარებით დაბალი სიკვდილიანობით

 

 

ჯერჯერობით, მსოფლიო ეკონომიკისთვის დანაკარგები დაკავშირებულია არა საკუთრივ ეპიდემიასთან, არამედ მასთან ბრძოლის ზომებთან. აშკარაა, რომ ზიანდება ჩინეთის ეკონომიკა. ჩინეთის ხელისუფლების ჩინოსნებმა აღიარეს, რომ ამ წლის პირველ კვარტალში მშპ-ს ზრდა 5%-ზე ნაკლები იქნება. რამდენად უფრო ნაკლები – დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების ხანგრძლიობასთან და მის სიმძიმესთან. ჯერჯერობით ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თებერვლის შუა რიცხვებში პიკის შემდეგ, ვირუსის გავრცელება შემცირებას დაიწყებს.

 

ჩინეთის ხელისუფლება აპირებს გამოიყენოს ინსტრუმენტები, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისების დროს იყენებენ. კერძოდ, იგეგმება საბიუჯეტო ხარჯების ზრდა.

 

ჩინეთმა გაახანგრძლივა საახალწლო დღესასწაულის დღეები. ის 31 იანვარს უნდა დასრულებულიყო. ჯერჯერობით, არდადეგები 2 თებერვლამდეა გახანგრძლივებული, ზოგიერთ რეგიონში კი 9 თებერვლამდე. სავარაუდოდ, არდადეგებს კიდევ გააგრძელებენ, სანამ ეპიდემია კულმინაციას არ მიაღწევს.

 

ამის გამო დაზარალდება არამხოლოდ ჩინეთის ეკონომიკა, არამედ მასთან დაკავშირებული სავაჭრო ხაზები სხვა ქვეყნებთან. ჩინელმა მწარმოებლებმა უკვე გადადეს სმარტფონების მიწოდება, როგორც ჩინური მოდელებისთვის, ასევე უცხოეთისთვის, რომელიც ჩინეთში მზადდება.

 

დანაკარგს ელოდებიან სატრანსპორტო და ტურისტული კომპანიები, ამასთან არამხოლოდ ჩინურები. მსოფლიოს მასშტაბით უკვე შეზღუდულია გადაადგილება.

 

თუმცა ყველაზე დიდ საშიშროებას მოხმარების შემცირება წარმოადგენს. ეს შეიძლება გახდეს მსოფლიოსთვის გლობალური ფინანსური „ტრიგერი“. Moodyʼs-ს ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს ფერად ლითონებზე ფასის ინდექსის კლებას – ეს მსოფლიოში ინდუსტრიული წარმოების წამყვანი მაჩვენებელია. ეპიდემიის გამოცხადების შემდეგ, მეტალებზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა, რაც ექსპერტების აზრით, გლობალური კრიზისის მომასწავებელია.

 

ამჟამად ჩინეთს მსოფლიო ეკონომიკის უდიდესი ნაწილი უკავია და ბაზრები ვირუსის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ შეშინებულები არიან.

 

უახლესი ინფორმაციით, თავიანთი წარმომადგენლობითი ოფისები და მაღაზიები უკვე დახურეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა IKEA , Alphabet Inc’s Google, KFC, McDonald’s Corp, Starbucks Inc და H&M. კომპანია Apple-მა თავის ჩინეთში, თავის მაღაზიებში მუშაობის საათები შეზღუდა.

 

Starbucks-მა ჩინეთში დაახლოებით 4,300 მაღაზია დახურა. ექსპერტების ცნობით, ეს ჩინეთს ფინანსურად ძალიან დააზიანებს, რადგან Starbucks-ის ყავა ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული პროდუქციაა.

 

საქართველო, როგორც გლობალური კრიზისის ნაწილი

 

„ორაზროვანია საქართველოს მოსალოდნელი შედეგები“, – ამასთან დაკავშირებით თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორ ვახტანგ ჭარაიას ვესაუბრეთ. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკას დაეტყობა ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირება.

 

„50 ათასი ტურისტი იყო საქართველოში შარშან ჩამოსული, მათი დიდი ნაწილი სავარაუდოდ დაკარგული იქნება. ამ ეტაპზე შეჩერებულია ფრენები და თუ მალევე არ აღდგა, შარშანდელი მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 50 ათასი ვიზიტორის დაკარგვაზეა საუბარი. თითოეული მათგანი დაახლოებით, 2300 ლარს ხარჯავდა ერთ მგზავრობაზე. ეს შემოსავალი რისკის ნიშნის ქვეშ დგება“, – აღნიშნავს ჭარაია.

 

ეკონომისტის, თქმით, ვაჭრობას მხრივ, საქართველოს ექსპორტს ერთი შეხედვით არაფერი არ ემუქრება, იმიტომ რომ ჩინეთს იმპორტი არ აუკრძალავს თავის ქვეყანაში, მაგრამ თუ ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა და მსყიდველობითი უნარიანობა გაუარესდა, რა თქმა უნდა ისინი ნაკლებ იმპორტს მიიღებენ, მათ შორის საქართველოდანაც.

 

„შარშან დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა საქართველოდან, მათ შორის ღვინისთვის ჩინეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ბაზარი. შარშან მთლიანი ექსპორტი ღვინის იყო 80 მილიონი, საიდანაც 6 მილიონი მარტო ჩინეთში წავიდა, რაც დიდი რიცხვია საკმაოდ“, – განმარტავს ექსპერტი.

 

რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში ჩინური იმპორტი შარშან დაახლოებით 850 მილიონ დოლარს უდრიდა. იმპორტის ჩანაცვლება შესაძლებელია, თუმცა ფასი გაიზრდება, იმიტომ რომ ჩინური ნედლეული და მზა პროდუქცია ცნობილი და კონკურენტუნარიანია.

 

„ამ შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა პროდუქცია არ დაგვაკლდეს და ჩავანაცვლოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ფასით შესაძლოა მეტის გადახდა მოგვიწიოს. ერთი შეხედვით, ეს პოზიტიურიც კი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მთლიანი ვაჭრობა, ჩვენი ექსპორტი თუ არ შეიზღუდა და მათი იმპორტი თუ შემცირდა, მაშინ ჩვენი სავაჭრო ბრუნვაც საქართველოს სასარგებლოდ გაუმჯობესდება, ანუ საქართველოს სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან გაუმჯობესდება, თუმცა ეს არ არის მაინც და მაინც დიდი წარმატება იმ პირობებში თუ ფასები გაიზრდება“, – აღნიშნავს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.

 

ჩინეთის ბაზარი მრავალფეროვანია და ქვეყანაში ყველანაირი პროდუქცია შემოდის, პლასტმასის ნაკეთობებიდან დაწყებული, მზა დანადგარებით დამთავრებული. რაც შეეხება საკვებს, ექსპერტის ცნობით, მისი იმპორტი ყველაზე მინიმალურია, თუმცა შემოდის. „საქონელი თუ ჩამოვა ზღვის, ან სხვა ქვეყნების გავლით, რაც არ გამიგია რომ კონტროლდებოდეს“, – აღნიშნავს ჭარაია.

 

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში სამგზავრო რეისების გარდა, შეწყვეტილია ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი.

 

რაც შეეხება ინვესტიციებს, ვახტანგ ჭარაიას აზრით, პრობლემა გაჩნდება ამ მიმართულებითაც.

 

„ჩინური ინვესტიცია დაახლოებით 50 მილონი დოლარი იყო საშუალოდ ბოლო წლებში და ეს კარგი კარგი წინაპირობა იყო, რომ ახალი მსხვილი ინვესტიციები მოგვეზიდა. რადგანაც ჩინეთს პრობლემები შეექმნა თავისთან, შესაძლოა ჩვენთან საინვესტიციოდ არ ეცალოს და ამ მხრივ შეიძლება ჩვენ დაგვაკლდეს ეკონომიკური წინსვლა. თუ ფინანსურად გაუჭირდა ჩინეთს ამ ვურუსის გამო ,შესაძლოა საინვესტიციო რესურსი აღარ დარჩეთ საქართველოში განსახორციელებლად“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259 ადამიანამდე გაიზარდა. ეპიდემიის გამო, დღემდე ჩინეთის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნიდან 10,000-მდე ავიარეისი გაუქმდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები