16:39 | 2020-03-28 ავტორი: Prime Time

ახალი დეტალები 3 თვის ბავშვის მკვლელობაზე

ახალი დეტალები 3 თვის ბავშვის მკვლელობაზე

ვეჯინში მომხდარი სამი თვის ჩვილის მკვლელობის შემდეგ, მამამ, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი მოკლა, თვითდაზიანება მიიყენა და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, გურჯაანის საავადმყოფოში იმყოფება.

 

ამავე საავადმყოფოშია მოთავსებული, ცივი იარაღით დაჭრილი მისი მეუღლეც, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობების გამო, ექიმებმა ოპერაცია უკვე ჩაუტარეს.

 

მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა პაციენტი სტაბილურად მძიმეა და მას დაკვირვება სჭირდება.

 

მკვლელობა, სოფელ ვეჯინში მცხოვრები, ბეჟიტაშვილების საცხოვრებელ სახლში მოხდა. სოფელ ვეჯინში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, პაატა გველუკაშვილის ინფორმაციით, მკვლელობის დროს მასპინძლები სახლში არ იმყოფებოდნენ.

 

„საჩხერედან არიან და ცოლის დის ოჯახში, ქვისლთან იყვნენ სტუმრად. როგორც ჩვენ ვიცით, მკვლელობის დროს მასპინძლები სახლში არ იყვნენ. ცოლ-ქმარს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ხმაური არ გაუგონიათ არც მეზობლებს. ჩოჩქოლი რომ ატყდა, ხალხი მაშინ გამოიშალა. ვინც სავარაუდოდ, მკვლელობა ჩაიდინა, ახალგაზრდა კაცია, 24 წლის. ასეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ ოჯახის წევრები გაიმეტა, არ მესმის“, – განაცხადა გველუკაშვილმა.

 

პრაიმტაიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცისათვის გამოძიებას ჯერ ბრალი არ წაუყენებია, სამართალდამცავები, სავარაუდოდ, მისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას ელოდებიან.

 

„ექიმებსაც ველოდებით, მანამდე გარკვეული პროცედურებიცაა გასავლელი, ბრალის დადგენილებაც შესადგენია, რადგან მომხდარის დეტალებს ახლა ვსწავლობთ. ამის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ჩამოვყალიბდებით“, – განაცხადა გამოძიებამ.

 

შეგახსენებთ, დღეს დილით, ახალგაზრდა მამაკაცმა, ცივი იარაღით, სამი თვის ჩვილი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X