18:17 | 2021-07-20 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო „ლონდონის“ შესასვლელში

აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო „ლონდონის“ შესასვლელში

„ტფილისის ჰამქრის“ წევრი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში უნიკალური აღმოჩენის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

 

„აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო „ლონდონის“ შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი და გადაღებილი ფენის ქვეშ!

 

ქართული თემატიკა თბილისური სადარბაზოების კედლის მხატვრობაზე ძალიან მცირეა. ეს არის ნამდვილი აღმოჩენა!

 

ლელო ნინოშვილის უმაგრესი ჯგუფი მუშაობს „ლონდონზე“. ლელას ჯგუფის რესტავრირებულია აღმაშენებლის 36, რომის 4, მაჩაბლის 17, გალაკტიონის 18… – ვინც თბილისს იცნობს, ამ მისამართების მნიშვნელობის ახსნა არ სჭირდება!

 

მოკლედ, მოსალოცი ამბავია და დიდი იმედი მაქვს, რომ კედლის მხატვრობის რესტავრაციაში მაინც, შემთხვევითი ადამიანები „ფასის დაგდებით“ არ მოიგებენ ტენდერებს! პელეები ხართ!“- წერს ცირა ელისაშვილი.

 

 

სასტუმროს ისტორია

 

„ლონდონი“ (Hotel de Londres) 1875 წელს გაიხსნა მადათოვის ქუჩის #21 სახლში (ახლანდელი ათონელის #31). „ლონდონის“ შენობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მისი სადარბაზო და კიბის უჯრედი იყო. „ლონდონი“ პატარა სასტუმროს წარმოადგენდა: 1896 წელს ის 28 ნომრისგან შედგებოდა, სადაც დღე-ღამეში ერთი ოთახის ფასი ერთიდან ათ მანეთამდე მერყეობდა. 1914 წელს სასტუმროს უკვე კიდევ ორი ნომერი მიემატა.

 

„ლონდონის“ ოქროს ხანა 1880-1890-იან წლებზე მოდის. ამ დროს აქ ჩერდებოდნენ შეძლებული უცხოელი მოგზაურები და ისეთი საპატიო სტუმრები რუსეთიდან, ევროპიდან და მახლობელი აღმოსავლეთიდან, როგორებიც გახლდნენ: რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი, ჯორჯ კერზონი, შემდგომში ინდოეთის ვიცე-მეფე და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, და ცნობილი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი.

 

მეცხრამეტე საუკენის დასაწყისიდან მოყოლებული, სასტუმრო „ლონდონს“ გერმანელები ამუშავებდნენ, რიხტერების ოჯახი. უამრავი მოგზაური ახსენებს ამ სასტუმროს და მხოლოდ და მხოლოდ – დადებითად.

 

თითქმის ყველა ამბობს, რომ ეს იყო საუკეთესო სასტუმრო კავკასიაში, ბევრი – საუკეთესო იყოო რუსეთში, ხოლო ერთი იმასაც კი ამბობს, მსოფლიოში არ მინახავსო ასეთი კარგი სასტუმრო. რით იყო „ლონდონი“ გამორჩეული?

 

 

„აქ იყო კარგად შერწყმული ოჯახური სტუმართმოყვარეობის მოდელი, როდესაც სასტუმროს მეპატრონე პირადად იცნობს ყველა კლიენტს, პირადად ზრუნავს მათზე, ეს ოჯახური სიმყუდროვის ატმოსფერო და, მეორე მხრივ, ძალიან მაღალი სტანდარტები მომსახურების, კვების.

 

იქ რესტორანიც იყო და ყველაფერი, რაც კი შეიძლება შესთავაზოს სასტუმრომ კლიენტს. აი, ამით მიაღწია „ლონდონმა“ მაღალ სტატუსს, რომელიც მას ჰქონდა დიდი ხნის მანძილზე, დაარსებიდან დახურვამდე, ორმოცი წელი, თითქმის.“

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი


X