17:40 | 2020-04-10 ავტორი: Prime Time

აი, მეც გადავრჩი – გაიცანით საავიაციო უშიშროების უმშვენიერესი თანამშრომელი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

აი, მეც გადავრჩი – გაიცანით საავიაციო უშიშროების უმშვენიერესი თანამშრომელი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

ყველა ვთანხმდებით, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის და როცა მისი საფრთხის წინაშე ვდგებით, ცხოვრებას სულ სხვანაირად ვაფასებთ.

 

ჩვენი რესპოდენტი 36 წლის მარიამ გამცემლიძეა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ სიმსივნე დაამარცხა.

 

მარიამმა თავისი დიაგნოზის შესახებ ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა.

 

ვერაგ დაავადებასთან მებრძოლ გოგოს „პრაიმტაიმი“ უფრო ახლოს გაგცნობთ:

 

– მარიამ, თქვენს შესახებ გვიამბეთ

 

– პროფესიით ჟურნალისტი ვარ. მყავს მეუღლე და 5 წლის ქალიშვილი. თუმცა საკუთარი სპეციალობით არასდროს მიმუშავია. უნივერსიტეტი როგორც კი დავამთავრე ჩემი პირველი სამსახური და ნაბიჯები იყო ქრისტიან დემოკრატიული პარტიის პრესცენტრში.

 

საკმაოდ კარგი გუნდი დამხვდა და გავიზარდე უფრო მეტად პროფესიული თვალსაზრისით. რამოდენიმე წლის შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად შემეცვალა შეხედულებებიც. ახლა საავიაციო უშიშროების თანამშრომელი ვარ.

 

– ყოველთვის მომწონდა ქალი სტრუქტურაში მომუშავე, პოლიციელი… შემთხვევით წავაწყდი ვაკანსიას, შევავსე CV და გავაგზავნე, ცდა ბედის მონახევრეა-თქო გავიფიქრე.

 

დამიკავშირდნენ და გასაუბრებაზეც დამიბარეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.

უკვე 6 წელია ვემსახურები საქართველოს. ვმუშაობ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო უშიშროებაში, ჩემი პოზიცია გახლავთ უმცროსი ინსპექტორი. მიყვარს ჩემი საქმიანობა.

 

– ცოტა ხნის წინ, უმძიმესი პერიოდი იყო თქვენს ცხოვრებაში, კერძოდ სიმსივნის დიაგნოზი დაგისვეს, რომელიც დაამარცხეთ, როგორი იყო ცხოვრება რულ რეალობაში?

 

– ეს საკმაოდ რთული პერიოდი აღმოჩნდა. იმ დღის გახსენებაც კი მზარავს. ვიწექი ალადაშვილის კლინიკაში, მკურნალობდნენ პნევმონიაზე, მქონდა მუდმივად დაბალი სიცხეები, სახსრების ტკივილი, გულმკერდის ტკივილებიც.

ტომოგრაფიის გადაღების შემდეგ გახდა საეჭვო ჩემი ფილტვები, შუა საყარი მქონდა გაფართოებული და 10-სანტიმეტრიანი წანაზარდი, რის გამოც ექიმებმა მირჩიეს სასწრაფოდ გამეკეთებინა ბიოფსია.

 

ახლობლების, მეგობრების რჩევით სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებულ, რაც მე არ გამაჩნდა.

 

უფლის წყალობით, გამოჩნდა ადამიანი ვინც ეს ითავა, გაუწია ორგანიზება… დამირეკა დამამშვიდა არაფერზე მენერვიულა… სახელი უნდა ვახსენო, იმედია არ მიწყენს – მეგი დავლაშერიძე.

 

იმდენი ხალხი აღმოჩნდა ჩემს გვერდით უცებ, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, ოჯახი, მეგობრები, კლასელები, ჯგუფელები, ნათესავები, თანამშრომლები, მეზობლები, სრულიად ჩემთვის უცხო ადამიანებიც ჩემს სამკურნალო ფულს მიგროვებდნენ.

 

თანხაც შეგროვდა და რა თქმა უნდა წავედით მე და ჩემი მეუღლე სტამბულში… აღმომაჩნდა ჰოჯკინის ლიმფომა || სტადია 10 სმ წანაზარდით

 

ჩემდა საბედნიეროდ დროულად აღმოვაჩინე. მეტასტაზები არ იყო სხეულში წასული. უფალს მართლა ვყვარებივარ. სულ ვფიქრობ, არ გამწირა სასიკვდილოდ.

 

რაც შეეხება ჩემ შემართებას… მხოლოდ პირველი 3 დღე გამიჭირდა, გამუდმებით ვტიროდი, სადღაც ცუდ სიზმარში მეგონა თავი, მინდოდა გამღვიძებოდა და სიცრუე ყოფილიყო. არ დამავიწყდება ჩემი თავის გამხნევების პროცესი, რადგან ეს ცოტა უჩვეულოდ გავაკეთე.

 

ამას პირველად ვამბობ, ოჯახის წევრებმაც არ იციან… შევედი სააბაზანოში, დავდექი სარკის წინ და თვალებში ვუყურებდი საკუთარ თავს და ხმამაღლა ვტიროდი.

 

ასე ვთქვათ, დავიცალე, ნეგატივისგან ბოლო წვეთამდე. შემდეგ ისევ სარკეში ვესაუბრე ჩემ თავს. მივეცი ბევრი რჩევა, რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემი 5 წლის გოგონა უდედოდ არ დარჩენილიყო და მას ჩემ თვალებზე დარდი, სევდა, ცრემლები არ შეემჩნია.

 

მოვერიე თავს და იმ დღიდან გავხდი ისევ ის ძველი მარიამი, თითქოს არც კი ვიცოდი ჩემი დიაგნოზი.

 

შევუდექი მხიარულად ცხოვრებას, ექიმებთან ვიზიტსაც სხვანაირად ვუყურებდი, თითქოს უბრალო უმნიშვნელო გადასხმას ვიკეთებდი, გაციებული ვიყავი მეტი არაფერი, გავიმარტივე ფიქრები… ტრაგედიად არ აღვიქვი.

 

საერთო ჯამში გავიკეთე 16 ქიმია და 15 სხივური თერაპია. და აი მეც გადავრჩი…

 

– რას ურჩევთ იმ ადამიანებს ვისაც ახლა აქვს გასავლელი ეს მძიმე და რთული გზა?

 

– რას ვურჩევ და მინდა ძლიერები იყვნენ პირველ რიგში, არაფრით არ დაეცნენ, კიბო არაა საბოლოო განაჩენი, მისი დამარცხებაც შესაძლებელია. ადამიანი იბადება იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს და ამისათვის თავად უნდა იბრძოლონ, იმდენჯერ უნდა სცადონ, სანამ არ გამოუვათ!

 

დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით. საქვეყნოდ გადავუხადო მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა სულიერად, ფიზიკურად თუ ეკონომიურად.

თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ, უკიდეგანო სიკეთე გამიკეთეთ. ალბათ ვერასდროს ვერ გადავიხდი ამ ვალს. მინდა ჯანმრთელობა ბევრი ფერადი, ლამაზი, ლაღი დღეები გისურვოთ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X