fbpx
01:04 | 2020-05-01 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

აღმზრდელს დედა დავუძახე, ამის გამო საშინლად მცემა – ბავშვთა სახლში გაზრდილი ქალის სულისშემძვრელი ამბავი

აღმზრდელს დედა დავუძახე, ამის გამო საშინლად მცემა – ბავშვთა სახლში გაზრდილი ქალის სულისშემძვრელი ამბავი

„ერთადერთი ის ვიცი, რომ დავიბადე მთაწმინდაზე, 1985 წლის 5 აპრილს. ხერხემალზე პრობლემა მქონდა და მშობლებმა სამშობიაროში დამტოვეს. იქიდან ჩვილ ბავშვთა სახლში გადამიყვანეს.“- ამბობს თამარ ტაგიროვა და თვალზე ცრემლი ადგება.

 

„ხშირად მიფიქრია, რატომ და რისთვის გავჩნდი ამ ქვეყანაზე. ან ჩემს მშობლებს რა ცოდვა ჰქონდათ ასეთი ჩადენილი, რომ მათ მაგივრად მე ვაგე პასუხი. არაფერი დამიშავებია იმის გარდა, რომ ამ ქვეყანას მოვევლინე…“- აცხადებს თამარი.

 

მთაწმინდის სამშობიაროდან ახალშობილი, ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში მიიყვანეს. ხუთ წლამდე იქ იზრდებოდა. შემდეგ იყო სენაკის ბავშვთა სახლი და უამრავი ცუდი მოგონება.

 

„სენაკის თავშესაფრის თანამშრომლები ბავშვებზე მუდმივად ძალადობდნენ. გვცემდნენ, გამოკეტილები ვყავდით ოთახში. სტუმრები რომ მოდიოდნენ მხოლოდ მაშინ გვიშვებდნენ გარეთ. დაწესებულების დირექტორი ფულს გვართმევდა და თვითონ იყენებდა. ეს ყველაფერი 90-იან წლებში ხდებოდა.“- ამბობს ახალგაზრდა ქალი.

 

ყველაზე მეტად კი ერთი მძიმე მოგონება შემორჩა. როცა თავშესაფარში, სხვა ბავშვებს მშობლები აკითხავდნენ, მასაც უნდოდა, რომ ვინმესთვის დედა დაეძახა.

 

ერთხელ დედა აღმზრდელს დავუძახე. ამის გამო საშინლად მცემა, შენ დედა არ გყავს, გამჩენმა მიგაგდო და დაგტოვაო,- ამბობს.

 

დაკარგული ბავშვობის, ფიზიკური ძალადობისა და უპასუხო კითხვების გარდა იყო შიმშილი და ბრძოლა გადარჩენისთვის. ამის გამო ბევრჯერ გაპარულა თავშესაფრიდან…

 

„ბევრჯერ მომიპარავს საჭმელი და ტანსაცმელი. გვერდით ისეთი არავინ მყავდა, რომელიც მეტყოდა ასე მოქცევა არ შეიძლებაო. ჩადენილ დანაშაულს ყოველთვის ვნანობდი“- ამბობს ტაგიროვა.

 

სენაკის ბავშვთა სახლიდან დუშეთის პანსიონატში გადმოიყვანეს. გასული წლის 12 აპრილს საყვარელი ადამიანისგან შვილი გააჩინა და უკვე ერთი წელია მარტოხელა დედის სტატუს ატარებს. მათი ქორწინება არ შედგა. პატარა ბიჭუნა ახლა დედის გვარზეა. ამბობს, რომ ყველაზე ბედნიერი სწორედ ახლაა, როცა გვერდით შვილი ჰყავს.

 

სამშობიაროდან კახეთში, თავშესაფარში გადაიყვანეს. ერთი თვის შემდეგ კი თბილისში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოათავსეს. 25 მაისს ერთი წელი გახდება რაც იქ არიან და რეგულაციის თანახმად სწორედ ერთი წლის თავზე უნდა დატოვონ დაწესებულება.

 

იმის გამო რომ მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს, კანონი არჩევანის წინაშე აყენებს. მისი შვილი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ უნდა გადავიდეს. სოციალური მუშაკების შეთავაზებით, მისი შვილი სხვის ოჯახში უნდა გაიზარდოს. თვითონ ისევ დუშეთის თავშესაფარში დაბრუნდეს. დედა, რომელიც მთელი ცხოვრება გადარჩენისთვის იბრძოდა, ახლა ერთადერთ შვილს კარგავს.

 

შვილის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ხანდახან დაწესებულებიდან გაპარვაზეც უფიქრია. ახლა მხოლოდ იერთი საფიქრალი აქვს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება შვილთან ერთად.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X