00:47 | 2021-08-19 ავტორი: თამარ გონგაძე

აღმოაჩინეთ ტაძარი, სადაც მამა გაბრიელის სარტყელი უშვილოებს შვილებს ჩუქნის, სნეულთ კი – კურნავს

აღმოაჩინეთ ტაძარი, სადაც მამა გაბრიელის სარტყელი უშვილოებს შვილებს ჩუქნის, სნეულთ კი – კურნავს

ციხისჯვრის (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში) წმინდა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის სახელობის ტაძარზე მეგობრისგან შევიტყვე. მამა გაბრიელის ნაქონი სარტყელი ინახება, რომელიც სასწაულებს ახდენსო.

 

ტაძარში, 13 აგვისტოს, ნისლიანი ბაკურიანის გავლით მოვხვდი. ციოდა და ირგვლივ რძისფერი ნისლი იძენძებოდა.

 

ბაკურიანიდან რამდენიმე წუთში ციხისჯვარში ხართ.

 

უცებ ნისლი სადღაც გაქრა, უკვალოდ გაუჩინარდა და ლამაზ სოფელში აღმოვჩნდი.

 

პატარა ტაძარია, მწვანე სოფელში ჩაფლული. 2012 წელს მიტროპოლიტ მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით აიგო და ერთ წელიწადში იკურთხა.

 

 

ტაძარში სანამ ნანატრ სიწმინდეს მიეახლებით, დედა ნატალიას იხილავთ. დგას და რმენით მისულ გულებს ნუგეშის მომცემი სიტყვებით მასპინძლობს. ყვება სასწაულებზე, რომელსაც მამა გაბრიელის სარტყელი, მირონმდინარე ხატი და შესამოსელი ახდენს.

 

ლუსკუმაში დევს მამა გაბრიელის ანაფორა, ოლარი, რომლითაც ღვთისმსახურებს, მამა გაბრიელის საფლავზე, რამდენიმე ათასი პარაკლისი აქვთ გადახდილი.

 

შესამოსელი, ოლარი და მრევლის შეწირული ჯვარი

 

იქვე დევს სარტყელი, რომელსაც წელზე გაიკეთებთ, წაიკითხავთ ლოცვას და მამა გაბრიელს შემწეობას თხოვთ.

 

დედა ნატალია მიყვება, რომ როდესაც მისმა შვილმა, არქიმანდრიტმა გაბრიელმა (ერისკაცობაში იოსებ ჯამბაზიშვილი) ტაძარი მამა გაბრიელის სახელზე ააშენა, მალევე გაიხსნა მამა გაბრიელის საფლავიც. ის უკვე წმინდანად იყო შერაცხული. ამდენად ეს არის ამ წმინდანის სახელზე აგებული პირველი ტაძარი.

 

დედა ნატალია

 

დედა ნატალია: – ხატში წმინდა ნაწილია ჩაყოლებული, შიგნით მისივე მირონმდინარე ხატია. აქ დევს მისი შესამოსელი, სარტყელი.

 

სატყელს სასწაულები მოუხდენია. აქ გვიდევს ხის ჯვარი, რომელიც გააკეთა კაცმა, რომელსაც შვიდი წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყელის გაკეთების შემდეგ მიეცა შვილი, ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა.

 

ბევრს უჩნდება შვილი. ვისაც გოგო უნდა და მამა გაბრიელს შესთხოვს უჩნდება გოგო, ვისაც ბიჭი უნდა, ვაჟის მშობელი ხდება.

 

ლოცვა, რომელსაც სარტყელის გაკეთებისას კითხულობენ

 

იკურნებიან დაავადებულები. ბავშვი ვერ მეტყველებდა. წაუკითხეს ეს ლოცვა, პირში უსვამდნენ მამა გაბრიელის ზეთს და მეორე წელს რომ მოვიდნენ, თქვეს, რომ ბავშვი ამეტყველდა. ერთი ვერ დადიოდა. ექიმებს უთქვამთ, ვერ გაივლისო. აქ მოლოცვის შემდეგ კი ბავშვს გაუვლია…

 

მონაზონი 74 წლის არის. ცისანა ციხელაშვილი, დედა ნატალია, ექვსი წლის წინ, ხარებას გამხდარა. მონაზვნად 2015 წელს სადგერის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში აღიკვეცა და მას შემდეგ, მისი მონახულება, ციხისჯვრის ტაძარში შეგიძლიათ.

 

მონაზვნის შვილი კი ტაძრის წინამძღვარია. მამა გაბრიელი ტაძარსა და წმინდა ბერის სიწმინდეებზე გვიყვება.

 

არქიმანდრიტი გაბრიელ ჯამბაზიშვილი: – სიწმინდეები მამა გაბრიელის დამ, ემა დეიდამ და დედა პარასკევამ გადმოგვცეს. მამა გარიელს ორი და ჰყავდა, ემა და ჯულიეტა. ემა დეიდა ოთხი წლის წინ გარდაიცვალა.

 

ეს ტაძარი თავიდან მამათა მონასტერი იყო და როდესაც აქ აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამობრძანდა, მაშინ იკურთხა დედათა მონასტრად. აქ დედები დამკვიდრდნენ.

 

მამა გაბრიელი

 

2015 წლიდან აქ, დედა პარასკევა სამთავროს მონასტრიდან გადმოვიდა. ახლა კი ის ბორჯომში, ვარდგინეთის ივერის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერშია. მას აქვს სიწმინდეები და მომლოცველებს აქვს საშუალება, ემთხვიონ და მადლი მიიღონ. მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლი სულ თან აქვს…

 

რაც შეეხება მამა გაბრიელის ნივთებს და სიწმინდეებს. სარტყელის ისტორია ასეთია. საბერძნეთში რომ ვიყავი, იქ ვნახე, რომ წმინდა იოანე რუსის სარტყელს და სკუფიას (თავსაბურავი) იფარებდნენ და მასზე ლოცულობდნენ მომლოცველები.

 

სიწმინდესთან შეხებით ადამიანი მადლს იღებს. და მეუფეს ლოცვა-კურთხევით, ეს ტრადიცია, ჩვენთან გადმოვიტანე. აქამდე, საქართველოში, ასეთი ტრადიცია არ ყოფილა, რომ პირდაპირ ნივთებს მთხვეოდა ან  გაეკეთებინა ისინი მრევლს.

 

ემა დეიდამ და დედა პარასკევამ მაჩუქეს მამა გაბრიელის სარტყელი და მას შემდეგ ის ჩვენს ტაძარშია.

 

 

სახარებაში წერია, იესოს სისხლმდინარე ქალი შეეხო და თქვა, მისი სამოსის კიდესაც რომ შევეხო, განვიკურნებიო და ის განიკურნა. ჩვენს სწავლებაშიც არის, წმინდანის ნივთებზე შეხებისას, ჩვენი რწმენიდან და სიყვარულიდან გამომდინარე, მადლს ვიღებთ.

 

ჩვენი ტაძარი უშვილოთა მფარველობით გამოირჩევა. სასწაულია ის, რომ მამა გაბრიელის სახელობის ტაძარში მოლოცვის შემდეგად, უკვე ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადა. დაახლოებით 70 ბავშვი… უშვილოებს შვილი რომ მიეცემათ, მერე უკვე შემდეგ შვილებზე სალოცავად მოდიან, გოგო მინდა, ბიჭი მინდაო…

 

ბევრი განიკურნა კიბოსგან, სხვადასხვა დავადებისგან, მათ შორის, ქალური დაავადებებისგან. დიდება უფალს.

 

მომლოცველი ასე ირტყამს სარტყელს და ლოცულობს

 

ვინც რწმენით მოდის და შესთხოვს, მამა გაბრიელი ისმენს მათ ლოცვას. ვისაც რწმენა არ აქვს, მამა გაბრიელი მასაც ეწევა, რომ რწმენაში მოაქციოს. მამა გაბრიელი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ძალიან დიდი რწმენის არ მქონე ადამიანებიც იღებენ კურნებას. ასე იყო მის საფლავზეც. სხვა რელიგიის ხალხი იღებდა შეწევნასა და მფარველობას. მოკლედ, მას რწმენაში მოჰყავს ადამიანი. ურწმუნოც რომ იყო, სასწაულს მოგიხდენს.

 

სხვათა შორის, ტაძრის ადგილი, ეს მიწა საწაულებრივად გადმოგვეცა. სულ მაოცებდა, ასე უცებ როგორ მოხდა ტაძრის აშენება. ყველაფერი თავისით მოდიოდა. ტაძარში მობრძანდა ერთი ბერძენი ქალი. მამა გაბრიელის ნახატი ნახა, დედაოს უთხრა, ეს კაცი აქ ნანახი მყავსო.

 

ამ ადგილას ადრე იყო ბავშვთა დასასვენებელი ბანაკი. ეს ქალი ყვება, მოვდიოდი და მაგ ადგილას კვერთხით ხელში იდგა ეს კაციო.

 

 

დედა პარასკევას ვკითხეთ, შესაძლო იყო თუ არა, მამა გაბრიელი ციხისჯვარში მოხვედრილიყო. მან გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც მამა გაბრიელი საგიჟეთიდან გამოუშვეს და თხუთმეტი წელი სასაფლაოებზე ცხოვრობდა. ლენინის სურათი რომ დაწვა, სახალხოდ აკრძალული ჰქონდა მსახურება. აი, იმ დროს მამა გაბრიელი დადიოდა მთა-მთა და მიტოვებულ ეკლესიებში წირავდა.

 

შეიძლება ეს ადგილი აკურთხა. წმინდანებს ეცხადებათ, სად უნდა აშენდეს ეკლესია.

 

და ტაძარი აშენდა ღვთის მადლით. მართლა სასწაულებრივად მოგვეცა ეს მიწა. ასე ადვილად ეკლესიის აშენება არ ხდება.

 

მრავალი ადამიანი მოდის და ნუგეშს იღებს აქ, ჩვენ კი ეს გვახარებს. უფალი მადლს უშურველად გვაძლევს. ის ჩვენს სურვილსაც კი იწირავს. უბრალოდ მასთან ყოფნა რომ გინდა, ამასაც ხედავს და გვიწირავს.

 

ეზოშია ასევე აწყურის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მცირე ზომის ეკლესია, რომელიც 2016 წელს აიგო. ციხისჯვარში აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი 1546 წლიდან შვიდი წლის მანძილზე ინახებოდა. შემდეგ იმერეთის მეფე ბაგრატ მესამემ წაიღო გელათში. შემდეგ იქიდან მოხვდა სვეტიცხოველში და ახლა ეს ხატი სახელმწიფო მუზეუმში ინახება…

 

 

ასე რომ, ახალციხის მხარეში (ბორჯომში, ბაკურიანში) ყოფნისას, აუცილებლად მოილოცეთ დიდი სასწაულის მომვლინებელი პატარა ტაძარი, სადაც რწმენით სავსე ადამიანების ლოცვით გაჯერებული აურაა და ღვთისმსახური დედა-შვილი მამა გაბრიელის მიერ გაბედნიერებული ადამიანების სიხარულებით ხარობს…

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!