14:38 | 2021-07-07 ავტორი: თამარ გონგაძე

“აგერ ამდენი წელია ვუძლებ ამ გურულ ქალს… დაჩაგრული კაცის ისტორია თუ გინდათ, გიამბობთ” – იმედა კახიანი იუბილარ ცოლსა და ქორწინების 59 წლისთავზე

“აგერ ამდენი წელია ვუძლებ ამ გურულ ქალს… დაჩაგრული კაცის ისტორია თუ გინდათ, გიამბობთ” – იმედა კახიანი იუბილარ ცოლსა და ქორწინების 59 წლისთავზე

6 ივლისი იმედა კახიანისა და ფლორა ანთიძე-კახიანის ქორწინების დღეა. წყვილის შეუღლებიდან 59 წელი გავიდა. ქალბატონი ფლორა დღეს 83 წლის გახდა. ასე რომ, 6 ივლისი კახიანებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია.

 

იმედა კახიანი: – გურული ცოლის პატრონი რა გაძლებაში ვიქნები, ხომ წარმოგიდგენიათ. დაჩაგრული კაცის ისტორია თუ გინდათ, გიამბობთ.

 

შეუღლებამდე 5 წელი დავდიოდით. პირველად სად ვნახე და სად გავგიჟდი, გითხრათ? უბნელები ვიყავით, პლეხანოველები. ქალთა და ვაჟთა სკოლები ცალკ-ცაკე იყო. ის 23-ე ქალთა სკოლაში სწავლობდა, მე მე-19 ვაჟთაში. ორივე ცნობილი სკოლები იყო. გაკვეთილები რომ გვიმთავრდებოდა, ქალთა სკოლისკენ უნდა გაგვევლო ბიჭებს. ასე შორით დაგვა და შორით ტრფობა იყო მაშინ. ფლორა შემჩნეული მყავდა, მაგრამ არ ვიცნობდი.

 

 

მერე 19 წლის ვიყავი, “საბუდარელი ჭაბუკის” სასინჯ გადაღებაზე რომ მივედი. 1956 წელი იყო. როლზე დამამტკიცეს, გოგიტა გავხდი, მაგრამ არ მყავდა თებროლე. თუ ვინმე კარგი გოგო იყო, მოჰყავდათ სინჯებზე. ერთ მშვენიერ დღეს ეს ჩემი უბნელი კარგი გოგოც მოიყვანეს.

 

თუმცა ჩემს მომავალ მეუღლეს კინოში არ გაუმართლა და თებროლე ვერ გახდა, სამაგიეროდ ძალიან გაუმართლა ცხოვრებაში და გახდა ჩემი ცოლი. მე დამიჭირა და კინო რაღად უნდოდა (იცინის)?!

 

დაიწყო სიყვარულობა, რომელსაც ჩვენს დროს ეძახდნენ – “დადიანო”. ორშაბათობით კინოში დავდიოდით, ახალი ფილმები გამოდიოდა. პლეხანოვზე იყო ფილარმონია და თუკი რაიმე კონცერტი ტარდებოდა, ჩვენც იქ ვიყავით. იმ დროს ყველა მოსწავლეს, სტუდენტს ჰქონდა აბონემენტები, მთავრობა ურიგებდა და რუსთაველის, მარჯანიშვილის, მოზარდმაყურებელთა თეატრებში დადიოდა ყველა მოზარდი.

 

– კოცნას უბედავდით?

 

– იყო კოცნა, რავა არ იყო? მაგრამ მოკრძალებული, სახალხო და საჩვენებელი კი არა. შევაპარე, მასაც გრძნობა ჰქონდა. კოცნის იქით სხვა რამე როგორ შეიძლებოდა?

 

შეყვარებულები რომ ვიყავით ყველამ იცოდა. ყოველ საღამოს ფეხით დავდიოდით. ასე გავიდა ხუთი წელი.

 

ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა ყაზბეგში იღებდნენ “თეთრ ქარავანს”. რა გახდა შენი დაქორწინება, ამდენი ხანი სიარული რა არის, ბარემ დაქორწინდიო, მითხრეს გადამღებ ჯგუფში.

 

2021-07-02"რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს" - სიმღერა, რომლის ავტორისა და შექმნის ისტორიაზე არაფერი იცოდნენ

 

უკვე 25 წლის ვიყავი. თბილისში წამომყვნენ თამაზ მელიავა და მისი ასისტენტი გიზი გაბესკირია. ჩამოვედით და თბილისში დაგვხვდა ნოდარ დუმბაძე, რომელიც მაშინ კინოსტუდიის სასცენარო განყოფილებაში მუშაობდა.

 

სიონში დავიწერეთ ჯვარი. მაშინ ყველა არ იწერდა ჯვარს, ამ რიტუალს ფასი ჰქონდა. მე თუ მკითხავთ, ეს სანახაობა კი არ არის, გააზრებულად უნდა დაიწერო ჯვარი. უნდა გესმოდეს მისი მნიშვნელობა, რა პასუხისმგებლობა გეკისრება.

 

25 კაციანი სუფრა გვქონდა, თან ფლორას დაბადების დღე იყო. მეორე დღეს წავედით ყაზბეგში, გადასაღებ მოედანზე. გზად თამაზ მელიავამ მოითხოვა, ფასანაურში საჭმელად შევიაროთო.

 

იქ მეგობრებით დაგვხდა ჩვენი გენიალური კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, რომელიც კარგი მოქეიფე და მოსიყვარულე ქართველი იყო. ხომ იცით, “საბუდარელ ჭაბუკში” მისი სიმღერაა – “გულს რად მიკლავ, მე სიცოცხლე”. უყვარდა ეს სიმღერა და ამბობდა, სხვა რომ არაფერი დამრჩეს, მარტო ეს სიმღრა ხო მაინც დარჩება ჩემს სახელზეო. გვიანობამდე გაგრძელდა ქეიფი.

 

ამ დროს ყაზბეგის შესასვლელში საგანგებოდ დასახვედრად მზად იყო გადამღები ჯგუფი; ბატონი სპარტაკ ბაღაშვილი ჩოხით და ამბით შეგვეგება… ჩვენთვის გაიხსნა ახალი სასტუმრო…

 

ასე დავქორწინდით, ჩემო ძვირფასო. ვცხოვრობთ ამდენი ხანი და ვუძლებ ამ გურულ ქალს. დიდი გამძლეობა უნდა. ჯერ გურულის გაგება როგორია, რას და როგორ ლაპარაკობს და მერე კიდე, ჩემი მეუღლე არაბისტია, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორია, არაბულ ენას ასწავლის. ახლა გურული რომ არაბულად ილაპარაკებს, რა დღეში ვარ, ხომ წარმოგიდგენიათ?

 

 

უკვე ერთი სისხლი და ხორცი ვართ. ბევრი რამ გამოვიარეთ. დიდი ტრაგედიაც გადავიტანეთ, 14 წლის ანგელოზივით ვაჟი გარდაგვეცვალა. ეს იყო დიდი ტკივილი. მტერსაც ნუ გამოაცდევინოს ღმერთმა. რომ არა ეს ტრაგედია, უბედნიერესი კაცი ვარ. ეკამ სამი შვილი გვაჩუქა. გვყავს შვილთაშვილები…

 

დიდი დანაშაული არაფერი ჩამიდენია. პატარა შეცდომები ყველას აქვს. ვერც ვიტყვი, უცოდველი ვარ-მეთქი.

 

– ბოლომდე ცოლის ერთგული ხართ?

 

– რას ბრძანებთ ბატონო, ახლა განსაკუთრებულად ერთგული ქმარი ვარ (იცინის).

 

კარგი დიასახლია, ვერ წავართმევ. ყველა მოხიბლულია მისი ხაჭაპურით. იცოცხლე, ძალიან გემრიელს აცხობს.

 

სახელს ამართლებს, ყვავილები უყვარს, ელაპარაკება… ახლაც მუშაობს, არ ანებებს თავს სამსახურს. არც მე ვარ უქმად. მიღებს ელდარი ფილმში. მღვდლის როლი მომცა და წვერში ვარ გაბუძგნული. აგვისტოს ველოდებით და გადაღებებიც დაგვეწყება…

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!