13:33 | 2020-06-28 ავტორი: Prime Time

ადვოკატი: იმედი მაქვს, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არცერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს

ადვოკატი: იმედი მაქვს, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არცერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო აღკვეთი ღონისძიების სახეს არცერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს.

 

მისივე თქმით, საქმის მასალებით მისი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა არ დასტურდება.

 

„მე მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყება არ იმოქმედებდა ისე ქაოსურად, როგორც იმოქმედა. მე მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მივიღეთ ძალიან ცუდი რამ, რომ ამ უბედურებას კიდევ 17 ადამიანის და მათი ოჯახების უბედურება ემატება, რადგან საქმის მასალებს შეძლებისდაგვარად დაცვის მხარე გაეცნო და არსად არ დასტურდება ბრალეულობა, იმ მუხლების ავთენტურობა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა თუნდაც ის დაკავება, რომელიც განხორციელდა. მე იმედს გამოვთქვამ, რომ დღეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არცერთ სპორტსმენზე, არცერთ ადამიანზე არ გამოიყენებს, რომლებიც აქ არიან და ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს საქმე არ იქნება პოლიტიზებული და იქნება სამართლებრივ ჩარჩოში ჩამჯდარი. ამას მოვუწოდებ როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას“, – განაცხადა კობაიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

 

ასევე, ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.

 

პროკურატურამ ჩვიდმეტივეპირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

წყარო:formulanews

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X