16:36 | 2021-10-13 ავტორი: თამარ გონგაძე

“ადამიანი, რომელიც ამდენი ხანი შემოქმედებაშია და თან, სულ ჩოგანი უჭირავს, მისალოცია, აბა რა არის?!” – ლანა ღოღობერიძე 93 წლის გახდა

“ადამიანი, რომელიც ამდენი ხანი შემოქმედებაშია და თან, სულ ჩოგანი უჭირავს, მისალოცია, აბა რა არის?!” – ლანა ღოღობერიძე 93 წლის გახდა

13 ოქტომბერს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე 93 წლის გახდა. ძნელად იპოვით ამ ასაკის ადამიანს, რომელიც კორტებზე დადიოდეს და კვირაში ორჯერ ჩოგბურთს თამაშობდეს. ისევ იღებდეს ფილმებს და ახალ სცენარზე ეჭიროს თვალი…

 

საეტაპო ფილმების რეჟისორს საკუთარი დაბადების დღე უყვარს. ახსენდება სამი წლის წინანდელი იუბილე, როდესაც 90 წლის გახდა.

 

 

“ფრანკფურტში გახლდით, ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე. გერმანელებმა რესტორანში აღმინიშნეს ეს მრგვალი საიუბილეო თარიღი. ძალზედ სასიამოვნო იყო.

 

ასაკმა რა მომიტანა და სხვა ადამიანების მეტად გაგების უნარი. რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ შენ არ ხარ სამყაროს ცენტრი. ჯერ თვითდამკვიდრების სურვილი გაქვს, მერე ხვდები, რომ შეგიძლია ყველაფერი გაწირო და ხვდები იმასაც, რომ შენ ამის გჯერა, სხვას კი, სხვა რამის. სხვისი სიმართლის გაგების სურვილი თანდათან მოდის.

 

ადრე ვფიქრობდი, რომ 21-ე საუკუნეში ჩემი ადგილი არ იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის!” – ამბობს ლანა ღოღობერიძე “პრაიმტაიმთან”.

 

 

ზურა ყიფშიძემ თავისი კინოკარიერა ცოტა ადრე დაიწყო, თუმცა ლანას ფილმი “როცა აყვავდა ნუში”, მისთვის ტრამპლინი აღმოჩნდა. გახდა ვარსკვლავი. მართალია, თვითონ ეს ფილმი არ უყვარს, “ტორტიკივით” ვარო, ამბობს საკუთარ როლზე, თუმცა ფაქტია, მაყურებელმა ის ამ როლით შეიყვარა და თან ისე ძლიერად, რომ დღემდე მოყვებათ “ნუშის” ემოცია.

 

ზურამ ღოღობერიძის ბოლო ფილმშიც (“ოქროს ძაფი”) ითამაშა.

 

ზურა ყიფშიძე: – ქალბატონ ლანას ფილმებში ველოსიპედით დავიწყე და ეტლით დავასრულე. ორივეგან ბორბალია, ცხოვრების სიმბოლოსავითაა.

 

“როცა აყვავდა ნუშის” გადაღება, ეს იყო დღესასწაული. ვთამაშობდით, თუმცა ვერ ვაცნობიერებდით, რას ვაკეთებდით.

 

არაჩვეულებრივი ქალბატონია. ერთეულებს განეკუთვნება. თანამედროვე ქალია. რასაც ფიქრობს და გრძნობს, იმის გადმოცემა სურს. პირადსა და ადამიანზე იღებს ფილმებს. რაც ადამიანს აწუხებს, ის ეკრანზე გადააქვს.

ოპტიმისტი და ჯანმრთელია. არ ვარ დაზღვეული იმისგან, რომ კიდევ არ გადამიღებს ფილმში. უარს ვერ ვეტყვი…

 

 

ლია კაპანაძემ ორჯერ ითანამშრომლა მასთან. ეს არის ფილმები „ფერისცვალება“ და „როცა აყვავდა ნუში“.
მსახიობი “პრაიმტაიმთან” სიამოვნებით იხსენებს ფილმებს.

 

ლია კაპანაძე: – „დიდი მწვანე ველი“ თითქმის უკვე გადაღებული გვქონდა, როდესაც ლანა „ფერისცვალებას“ იღებდა.

რუსეთიდან მოწვეული ჰყავდა მსახიობი ფიოდოროვა. მაგრამ მსახიობი მოულოდნელად ამერიკაში წავიდა. მის შესასრულებელ როლზე კი, ჩემი კანდიდატურა წარადგინა. არაჩვეულებრივი შემადგენლობაა ფილმში: სოფიკო ჭიაურელი, გეიდარ ფალავანდიშვილი, ბაადურ წულაძე…
მომეწონა როლი და პერსონაჟის შინაგანი ბუნება, ვფიქრობ, კარგად გადმოვეცი.

 

ლია კაპანაძე ფილმში “როცა აყვავდა ნუში”

 

შემდეგ გადაიღო „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ და მე მგონია, რომ მას ძალიან უყვარს ეს ფილმი.
„როცა აყვავდა ნუში“ (სადაც მე ზურა ყიფშიძის დედის როლში ვარ) მაყურებელმა ძალიან შეიყვარა. არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლი შეკრიბა. მთავარი როლის შემსრულებელთაგან, ჩემი და ზურას გარდა ცოცხალი არავინ არის, არც თათა ვარდანაშვილი, არც გოგა ფიფია, არც დოდო აბაშიძე და სესილია თაყაიშვილი.
მოწონება ერთია, მაგრამ ფილმმა სიყვარული დაიმსახურა და ის დღემდე უყვართ.

 

ლანა ღოღობერიძე აცრისას

 

ლანასთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. როგორც მსახიობს, ისეთ დეტალს გეტყვის, რომ მაშინვე ხვდები, რა უნდა თქვას ამ როლმა. ეს რეჟისორის დიდი პლუსი და დამსახურებაა. ეს რომ მას არ ეშლება, მისი ფილმებიდან კარგად ჩანს.

 

ამბობენ, რომ მისი ბოლო ფილმი „ოქროს ძაფი“ ძალიან კარგია, თუმცა მე არ მინახავს.
მის შემოქმედებას დიდ პატივს ვცემ, რომელიც მაღალ დონეზე შესრულებული სარეჟისორო ნამუშევრებით გამოირჩევა.

 

 

ის, რომ ზურამ „ნუშში“, სოფიკომ „რამდენიმე ინტერვიუში“ , გეიდარ ფალავანდიშვილმა – „ფერიცვალებაში“ მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურეს, ეს სწორედ ლანა ღოღობერიძის დამსახურებაც არის.

 

კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ წარმატებებს, ვულოცავ დაბადების დღეს.

 

ადამიანი, რომელიც ამდენი ხანი შემოქმედებაშია, და თან სულ ჩოგანი უჭირავს, მისალოცია, აბა, რა არის. ის სპორტითაც არ ჩამოუვარდება თავის შემოქმედებას. ვფიქრობ, მას სპორტიც აძლევს ძალას.
მრავალ წარმატებას ვუსურვებ. ლანა, გკოცნი.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X