18:26 | 2020-05-02 ავტორი: Prime Time

„აბიტურიენტები მხოლოდ ერთ გამოცდას ჩააბარებენ!“ – ასე გადაწყდა სომხეთში… რა გამოცდილება აქვს საქართველოს

„აბიტურიენტები მხოლოდ ერთ გამოცდას ჩააბარებენ!“ – ასე გადაწყდა სომხეთში… რა გამოცდილება აქვს საქართველოს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მსურველთა (ასევე, საერთო სამაგისტრო გამოცდის, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის) რეგისტრაცია დასრულდა.

 

გარკვეულია აბიტურიენტთა რაოდენობაც. წელს 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი მიიღებს მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში, რომლის გარშემო ჯერ კიდევ არაერთი კითხვა და მოლოდინი არსებობს.

 

გაურკვევლობა დაანონსებულ პრეზენტაციამდე

 

განათლების სამინისტრო გვპირდება, რომ ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად, არსებული რეალობის ადეკვატურ სტრატეგიას უახლოეს პერიოდში გააჟღერებს. 24 აპრილს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ განათლების საკითხებზე ცალკე მუშაობენ და მალე პრეზენტაციას წარმოადგენენ.

 

მანამდე კი შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, გაითვალისწინებს თუ არა აბიტურიენტთა არცთუ მცირე ნაწილის წუხილს, პრეტენზიას თუ მოლოდინს მთავრობა და შესთავაზებს თუ არა მათ გამოცდების შედარებით ლიბერალურ მოდელს.

 

გამოცდების ლიბერალიზაციის პერსპექტივა დამოკიდებულია პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების შეფასებაზე, რომელიც არაერთგვაროვანია. ოპტიმისტები თვლიან, რომ დისტანციური სწავლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო და ამ ფორმით მიღებული ცოდნა სრულიად საკმარისია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

 

სკეპტიკოსების აზრით კი დისტანციური სწავლება ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი სხვადასხვა მიზეზების გამო (არა მხოლოდ ტექნიკური) და, ხშირად, არც სწავლების ხარისხი იყო საჭიროსთან შესაბამისი.

 

ამ პოლემიკის ნაწილია პეტიციაც – რამდენიმე ასეული ხელმოწერით, რომელიც აპრილის პირველ ნახევარში, მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს გაუგზავნეს.

 

პეტიციაში წერია “გამოცხადდეს აკადემიურ სემესტრად 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი!!! ონლაინ სწავლება დიდად არაფრის მომცემი არ არის”. პეტიციის საფუძველზე დასკვნის მომზადება კომიტეტმა შესაბამის ბიუროს დაავალა, მაგრამ ჯერჯერობით ის არ გასაჯაროვებულა.

 

საპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა (ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო) კი მაშინვე გამოთქვეს აზრი, რომ ხარვეზების მიუხედავად, მიმდინარე სემესტრი აკადემიურად არ უნდა გამოცხადდეს.

 

24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეს პოზიცია დაადასტურა და სწავლების პროცესის წარმატებაზეც ისაუბრა:

 

„აკადემიური წელი არ გამოცხადდება, განათლების სამინისტრომ შეძლო ეფექტურად გამკლავებოდა ამ გამოწვევას და ონლაინ სწავლების კუთხით სკოლებსა და უმაღლესებში პროცესები წარმართა ეფექტურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მან იქვე განმარტა, რომ გამოცდები შესაძლოა მხოლოდ გადავადდეს:

 

შეიძლება იყოს გარკვეული გადავადების ნაწილი, თორემ მექანიზმი ეროვნული გამოცდების ჩატარებისა, იქნება შენარჩუნებული

 

– გიორგი გახარია

 

რამდენიმე დღეში, განათლების სამინისტრომ და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელეს. მათ განცხადებაში წერია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადის ცვლილება არ იგეგმება.

 

პანდემიის „ბანალური“ რეალობა

 

მასწავლებლები, ფსიქოლოგები და მშობლები (განსაკუთრებით აბიტურიენტთა მშობლები), ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მაღალი მოსწრების აბიტურიენტებიც კი მოეშვნენ.

 

გაურკვევლობამ, საერთო სტრესულმა მდგომარეობამ და სოციალურმა პრობლემებმა, ამ პერიოდში, ახალგაზრდების შრომისუნარიანობა, ნებისყოფა და მოტივაცია საგრძნობლად დააქვეითა.

 

მათი თქმით, პანდემიისგან შექმნილი პრობლემები ბევრად კომპლექსურია, ვიდრე ოფიციალური ფორმულირებიდან ჩანს. ის სწავლის პროცესს აფერხებს არა მხოლოდ ხელმოკლე, არამედ საშუალო ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ოჯახებშიც – რაც ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენს.

 

შესაძლოა, ბევრისთვის ბანალური იყოს საუბარი ისეთ რეალობაზე, როგორიცაა: სამსახურის დაკარგვით, თუ ბიზნესის ჩამოშლით განპირობებული პანიკა და სტრესი; სახლში გამომწყვდეული გარდატეხის ასაკის მოზარდები, რომელთაც ისედაც მყიფე ფსიქიკა აქვთ; ხშირად, სივრცე, რომელიც განმარტოვების და მშვიდ გარემოში მეცადინეობის საშუალებას არ იძლევა; სახლიდან, დისტანციურად მომუშავე უფროსები; ერთდროულად რამდენიმე ბავშვის ონლაინგაკვეთილი, როდესაც ემთხვევა გაკვეთილების ცხრილები და არ არის საკმარისი ტექნიკა; მიმდინარე პრობლემები (ფასების ზრდა, „რა ვაჭამო ბავშვებს?“); თუნდაც უახლესი მომავლის გაურკვეველი პერსპექტივა…

 

ძნელი დასაჯერებელი არ უნდა იყოს, რომ ეს ფაქტორები სწავლის ხარისხზე ცუდად აისახება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბევრი მშობელი თავად ვერ უმკლავდება სტრესს, რაც მოზარდებზე ნეგატიურად მოქმედებს.

 

გასათვალისწინებელია არგუმენტი, რომ სახელმწიფო, სუსტად მომზადებული აბიტურიენტების სათავისო გათვლებს არ უნდა წამოეგოს, რომ ამ მხრივ მთავრობას წინდახედულობა მართებს. თუმცა, ვერავინ უარყოფს, რომ ნიჭიერ და ბეჯით ახალგაზრდებსაც ვნებთ ძლიერი სტრესი და, შესაძლოა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, წარმატება დროში გაუხანგრძლივდეთ.

 

რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს მთავრობამ, წინდახედულობა და პრევენცია ობიექტური ანალიზის ფონზეც არის შესაძლებელი. სიტუაციის ხელოვნურად იდეალიზება კი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციას მხოლოდ ზიანს მოუტანს.

 

ბანალურია არა რეალური პრობლემები, არამედ ისეთი „ჭეშმარიტი“ სტერეოტიპები, როგორიცაა: „დღეს ინტერნეტი და აიფონი ყველას აქვს“, ან „სუპერმარკეტებში ნახეთ ხალხს ფული თუ არ აქვს“ და მისთ.

 

განათლებისთვის სომხეთმა უკვე მოიცალა

 

პანდემიამ სტრესული გარემო და სწავლისთვის არახელსაყრელი პირობები 170-მდე ქვეყანაში მილიარდზე მეტ ახალგაზრდას შეუქმნა. ამ დროისათვის პანაცეად ქცეული დისტანციური სწავლების მეთოდი განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ აღმოჩნდა ყველასთვის ეფექტიანი.

 

მაგალითად, აშშ-ში საუბრობენ რეგიონებზე, სადაც ინტერნეტი არ აქვთ. იქაც და სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც ტექნიკურ ხელმისაწვდომობასთან ერთად, პრობლემურად ასახელებენ სოციალურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც.

 

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო შეზღუდვის თუ შეფერხების კომპენსირების საკითხზე ხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სტრატეგიები აქვთ, როგორც ზოგადად, ისე განათლების სფეროშიც.

 

ამ დროისათვის, განათლების სისტემაში გათვალისწინებული კომპენსაციის მაგალითად ჩვენი მეზობელი სომხეთი მოგვევლინა. სომხეთში განათლებისთვის უკვე მოიცალეს, იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ აბიტურიენტები წელს ერთ გამოცდას ჩაბაარებენ, მოსწავლეებს კი გამოცდები საერთოდ არ ექნებათ.

 

სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთიუნიანმა განაცხადა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები ივლისის დასაწყისში ჩატარდება.

 

„აბიტურიენტები წელს მხოლოდ ერთ მისაღებ გამოცდას ჩააბარებენ. იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც განცხადება რამდენიმე გამოცდის ჩაბარებაზე 15 მარტამდე შეიტანეს და ფული გადაიხადეს, ფული უკან დაუბრუნდებათ“

 

– არაიკ არუთიუნიანი

 

სომხეთში, საზოგადოებას უკვე გააცნეს გამოცდების ჩატარების წესი და რეკომენდაციები: აბიტურიენტების მშობლები არ უნდა მივიდნენ იმ ცენტრებში, სადაც მათი შვილები გამოცდებს ჩააბარებენ; საგამოცდო ცენტრებში ადამიანების სიმრავლის თავიდან ასაცილებლად აბიტურიენტთა შეზღუდულ რაოდენობას დაუშვებენ; გამოცდები ჩატარდება ნიღბების გამოყენებით, ხოლო საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილია იქნება სადეზინფექციო საშუალებებით.

 

განათლების შეფერხების კომპენსაცია – ქართული გამოცდილება

 

განათლების შეფერხების კომპენსაციის ქართული მაგალითი გვქონდა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ. მაშინ, განათლების სისტემაში ჩათვალეს, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა ხანგრძლივად შეაფერხა სასწავლო პროცესი და ახალგაზრდებს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელი შეეშალათ მისაღები გამოცდებისთვის სამზადისში.

 

ლიბერალური მიდგომა პრაქტიკულად საყოველთაო იყო და ის თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელს შეეხო. უნივერსიტეტებმა მისაღები გამოცდების არსებულ სქემებში ცვლილებები შეიტანეს და ბარიერები დასწიეს.

 

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში მისაღები კონტიგენტისთვის ქვოტა გაიზარდა, შეფასების ბარიერმა კი დაიწია. ბოლოს ჩარიცხეს ის აბიტურიენტებიც, რომელთაც გამოცდებზე გამსვლელ ქულათა რაოდენობამდე ერთი ქულა აკლდებოდათ.

 

ამავე წელს უფრო მეტი შეღავათი დაუშვეს აბიტურიენტთა სასარგებლოდ აფხაზეთში. სოხუმის ქართული უნივერსიტეტის (ჯერ კიდევ არაფორმალურად ერქვა თსუ სოხუმის ფილიალი) რექტორის, ფელიქს ტყვებუჩავას ბრძანების საფუძველზე, მოიხსნა სავალდებულო გამოცდა უცხო ენაში, დაიწია შეფასების ბარიერმა, მისაღები ადგილების რაოდენობა კი გაორმაგდა.

 

ამ მოვლენებს აფხაზეთში წინ უძღოდა სასწავლო პროცესის კიდევ უფრო სტრესული და ხანგრძლივი შეფერხება, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. კერძოდ, პირველი დაპირისპირება ქართველ და აფხაზ ნაციონალისტებს შორის, სოხუმში, 1989 წლის 15-16 ივლისს, მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით მოხდა (აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყვნენ ქართველები).

 

აფხაზთა ორგანიზებულმა ჯგუფებმა ალყაში მოაქციეს სოხუმის 1-ლი საშუალო სკოლა, სადაც ქართული უნივერსიტეტის მისაღები კომისიის წევრები, აბიტურიენტები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. დაპირისპირების დროს დაიღუპა 16, დაიჭრა 140 ადამიანი, მათი უმრავლესობა ქართველები იყვნენ. იმ დღეს სასიკვდილოდ დაჭრეს (ლურსმნიანი ხელკეტით) უნივერსიტეტის ლექტორი პროფესორი ვოვა ვეკუა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

მისაღები გამოცდები მოგვიანებით, ნოემბერში ჩატარდა.

 

განათლების სამინისტროს მიერ დღემდე დაშვებული შეღავათები

 

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თავიდანვე შეღავათიანი ცვლილებებით დაიგეგმა (2019 წლის ზაფხულში). ახალი მოდელის მიხედვით, რომელიც ჯერჯერობით ძალაშია, გამოცდების რაოდენობა შემცირდა 4 სავალდებულო გამოცდიდან 3-მდე. თუმცა, მაშინვე დაანონსდა, რომ გამოცდები შემცირდებოდა, დანარჩენი გამოცდების შეფასების კრიტერიუმები კი გამკაცრდებოდა.

 

ამ მოდელით, გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

 

პანდემიის გამოცხადების შემდეგ, გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა, (30 მარტის ნაცვლად) 30 აპრილამდე გახანგრძლივდა.

 

ასევე, გახანგრძლივდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარდგენის ვადა (რომელიც ასევე, უკვე ამოიწურა).

 

ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა აბიტურიენტებს 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი – აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

 

დაანონსებულ პრეზენტაციამდე აბიტურიენტები, მინიმუმ, გამოცდებზე საგრანტო და გადასალახი ქულების შედარებით დაბალ ბარიერს ელოდებიან. შესაბამისი ოფიციალური სტრუქტურები კი ჯერ მხოლოდ შაბლონური პასუხით შემოიფარგლებიან:

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებისთვის სრულ მზადყოფნაშია და იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები

 

– საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროში.

 

 

ავტორი: რუსუდან ხუბულავა

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X