fbpx
22:15 | 2020-04-14 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

7 შვილის მარტოხელა მამა ერთადერთ შემოსავალს კარგავს – “რა იქნება, არ ვიცი“

7 შვილის მარტოხელა მამა ერთადერთ შემოსავალს კარგავს – “რა იქნება, არ ვიცი“

მცხეთაში მცხოვრები შვიდი შვილის მარტოხელა მამა ერთადერთი შემოსავლის გარეშე რჩება. რუსლან ვეკუა, რომელსაც მეუღლე ექვსი წლის წინ სიმსივნით გარდაეცვალა, გამოუვალ მდგომარეობაშია და დახმარებას ითხოვს.

 

შვიდი წლის წინ, ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გახსენება ახლაც უმძიმს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა მან აიღო. რუსლანს დედა ეხმარებოდა, თუმცა ბავშვების ბებიაც გარდაიცვალა.

 

წლების განმავლობაში რუსლანს  რუსეთში მყოფი ძმა ფინანსურად ეხმარებოდა. ისიც სამი თვის წინ დაასაფლავა.

 

მანამდე რუსლანმა ბავშვებისთვის ელემენტარული პირობების შესაქმნელად სამსახურის ძიება დაიწყო. ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში მანქანის მფლობელი მძღოლი სჭირდებოდათ, ამიტომ მან განვადებით ლომბარდიდან ავტომობილი გამოიყვანა.

 

ტურისტებს ემსახურებოდა და თვეში 500 ლარს ლომბარდში იხდიდა. მოლაპარაკების თანახმად, სამი წლის შემდეგ, ავტომობილი საბოლოო შესყიდვით მას უნდა დარჩენოდა.

 

გადასახდელი 7 თვე დარჩა, თუმცა იმის გამო, რომ ტურისტები საქართველოში აღარ შემოდიან პანდემიის გამო, რუსლანი ვეღარ მუშაობს. ლომბარდი ავტომობილის წართმევით ემუქრება. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა მამას „პრაიმტაიმი“ ესაუბრა.

 

„ჯანმრთელობის მხრივ კარგად ვართ. ფინანსურად კი ძალიან გაგვიჭირდა. შვიდი ბავშვის სახლში ყოფნა და უმუშევრობა რთულია. ტელევიზიაც კი გათიშული გვქონდა დავალიანების გამო.

 

თანხა ვისესხე და ბავშვებმა საკარანტინო რეჟიმი რომ არ დაარღვიონ, ტელევიზია ჩავურთე, ცოტა რომ გაერთონ. ცოტაოდენი პროდუქტებიც მოვიმარაგე და ამ მხრივ, მშვიდად ვარ.

 

მოგეხსენებათ, კომუნალური დავალიანებები მთავრობის ინიციატივით ჩამოგვეჭრა. მას შემდეგ რაც ლომბარდიდან ავტომობილი გამოვიყვანე, სოციალური დახმარება მომიხსნეს.

 

უქმად ყოფნას სამუშაოს მოძებნა ვარჩიე. სამი წლის წინ, ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას მანქანიანი მძღოლი სჭირდებოდა, ამიტომ „მინი ვენი“ ლომბარდიდან განვადებით გამოვიყვანე. სამი წელია ვიხდი, შეთანხმებისამებრ, 7 თვეში უნდა დამრჩენოდა, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში ტურისტი აღარ შემოდის, ასე დავრჩი უმუშევარი.

 

ლომბარდიდან კი დამირეკეს და მითხრეს, რომ წაგართმევთ მანქანასო. სამი წლის განმავლობაში თვეში 500 ლარს ვიხდიდი, ცოტას შვილებს ვუნაწილებდი და ვცდილობდი, ნორმალურად მეცხოვრა, მაგრამ პანდემიამ ჩემი გეგმებიც შეცვალა და კიდევ უამრავი სხვა ადამიანისაც.

 

ახლა, ჩვენი შემოსავალი ჩემი ობლების დახმარებაა, ას-ას ლარს იღებენ. მე რომ ეს თანხა ლომბარდში გადავიხადო, სრულიად მშივრები დამრჩებიან. რა ვქნა აღარ ვიცი, როგორ გავუმკლავდე ამ ყველაფერს. ყველაზე პატარა 6 წლისაა, მას ხუთი თვიდან ვზრდი, მეუღლე სწორედ მაშინ გარდამეცვალა.

 

ხან იმედით ვუყურებ მომავალს, ხან – უიმედობა მიპყრობს. არ ვიცი როგორ გამომივა, მაგრამ ძალიან მინდა, ბავშვებს ისეთი მომავალი შევუქმნა, რომ კარგი განათლება მივცე, გზაზე დავაყენო. რა გავაკეთო არ ვიცი…

 

ახლა, ისეთი მდგომარეობაა, ყველა ადამინს თავისი გაჭირვება აქვს, ყველას გაურკვეველი მდგომარეობა აშინებს, დახმარებისთვის ვერავის მივადგები.

 

კარგი იქნებოდა ლომბარდებსაც საშეღავათო პერიოდი მოეცათ, ედროვებინათ, სანამ ქვეყანა ისევ ფეხზე დადგება და ისევ გადავიხდიდი, მანქანის წართმევით, ამდენი შრომა და ჩემი ობლების ლუკმა წყალში მეყრება.

 

აქამდე მხოლოდ კეთილი ადამიანების მხარდაჭერით მოვედით, ხან ისეთ დროს გაუმართავთ ხელი, მართლა გამოუვალ სიტუაციაში რომ ვიყავით. ახლა, რა იქნება არ ვიცი…“ – ამბობს მარტოხელა მამა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X