18:30 | 2019-12-25 ავტორი:

2019 წლის დასამახსოვრებელი ქართული კულტურული მოვლენები

2019 წლის დასამახსოვრებელი ქართული კულტურული მოვლენები

2019 წელი რამდენიმე საინტერესო კულტურული მოვლენის წელი იყო. იყო ხმაური, აღმოჩენა, სკანდალი…

 

ვუნდერკინდი კომპოზიტორის, 10 წლის ცოტნე ზედგინიძის აღმოჩენის წელია. ცოტნე ნიკოლოზ რაჭველის აღმოჩენაა. სწორედ მაესტრომ გააცნო ქართველი მოცარტი საზოგადოებას. თავდაპირველად სოციალური ქსელი მეშვეობით, შემდეგ პირველი კონცერტით, რომელიც 14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრში გაიმართა. ცოტნემ მსმენელისთვის ბახის, შოსტაკოვიჩისლიგეტისიანაჩეკისბერგისა და საკუთარი კომპოზიციები შეასრულა. ცოტნეს პედაგოგი მისი ბებია, ილიაუნის პროფესორი ნინო მამრაძეა. პირველი კონცერტი ვუნდეკინდმა გარდაცვლილ დედას, ირინა სულხანიშვილს მიუძღვნა.

 

 

„მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე!!! დიდი, ძაააალიან დიდი მუსიკოსი იზრდება საქართველოში ცოტნე ზედგინიძის სახით!!! განუმეორებელი ნიჭი და სიღრმე, ღმერთის რჩეული…

 

ღმერთო, დიდი მადლობა, რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას… მჯერა მისი!!! მიყვარს!!! ვეთაყვანები როგორც განგების რჩეულს,“ –  ნიკოლოზ რაჭველი.

 

1 ოქტომბერს ოპერის თეატრში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სეზონი ნიკოლოზ რაჭველმა და ცოტნე ზედგინიძემ საზეიმოდ გახსნეს. და ღამით გარდაიცვალა გია ყანჩელი. კონცერტი ადროვა წავიდა…

 

 

დიმიტრი ცინცაძის ფილმი „შინდისი“ 2019 წლის საამაყო პროექტია. პროექტის ავტორი, მსახიობი ედმონდ მინაშვილი აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირის – მიხეილ დავლიშვილის მეგობარია. მაშინ ედმონდმა, მეგობრის კუბოსთან აღთქმა დადო, რომ მის სახელს უკვდავყოფდა. აღთქმა პირნათლად შეასრულა და მხოლოდ მეგობრის კი არა, შინდისელი გმირების და აგვისტოს ომში დაღუპული ყველა ჯარისკაცის სული უკვდავყო.

 

ემოციური ფილმია, ცრემლით სანახავი. თუმცა ზედმეტი პათეტიკისგან და გადაჭარბებული ემოციებისგან თავისუფალი. აუცილებლად სანახავი და პატრიოტული. ეს არ არის ფილმი სუფთად ომზე, ეს არის ამბავი გმირის რანგში აყვანილ ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი ზნეობით და მორალით უკეთეს ადამიანად გაქცევენ.

 

ფილმი უმაღლესი ამერიკული დაჯილდოების ცერემონიალის – „ოსკარის“ უცხოური ფილმების ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოდა.

 

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ფილმი გეისიყვარულზე ეკრანზე გამოსვლის დღიდან დიდი სკანდალისა და ხმაურის გამომწვევი  აღმოჩნდა. უამრავი პრიზის მქონე ფილმმა გადაღებებიც სკანდალებით დაიწყო. წარმოშობით ქართველმა შვედმა რეჟისორმა, ლევან აკინმა ფილმში „სუხიშვილების“ გადაღება მოინდომა, თუმცა ნინო სუხიშვილისგან კატეგორიული უარი მიიღო.

 

„რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი” – „პრაიმტაიმთან“ ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო სუხიშვილმა.

 

ამ განცხადების გამო აკინი სუხიშვილს ჰომოფობიაში სდებდა ბრალს და ჭორიც კი გაუვრცელა, თითქოს და, ნინოს გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსი ჩამოერთვა.

 

ფილმის პრემიერას ისეთი მიტინგი და ჩოჩქოლი მოჰყოლოდეს, როგორც ეს ამ ფილმმა გამოიწვია, საქართველოს არ ახსოვს, არც ბევრ ქვეყანას. „ქართული მარში“, არასამთავრობო ორგანიზაციები და უბრალოდ, ფილმის მოწინააღმდეგეები კინოთეატრ „ამირანის“ წინ შეიკრიბნენ და პრემიერაზე მისულებს კინოთეატრში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ინტერნეტით მალევე გავრცელდა ფილმის პირატული ვერსია. როგორც აღმოჩნდა, ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდა. ანუ ფილმის  გამპროტესტებლებს ნანახი არ ჰქონდათ, ისე ეწინააღმდეგებოდნენ ფილმის ჩვენებას, რომ რელაურად არ იცოდნენ, რა ხდება ფილმში.

 

 

შეუძლებელი აქ არ ვახსენოთ პატარა გურული თვითმარქვია ბიჭი, რომელიც თურქული ფროდაქშენების კოორდინატორად ასაღებდა თავს. ქართულ ბომონდს ატყუებდა, რომ „დიდებული საუკუნის“ გაგრძელებაში უნდა გადაეღო. მოტყუებულ ვარსკვლავებს შორის აღმოჩნდნენ – ლელა წურწუმია, მოცეკვავე ნინო ლეჟავა, თათა ჯაში, ნანიკო სტამბოლიშვილი.

 

მარტის ბოლოს, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქული ტელეარხი ახალ სერიალს, სახელწოდებით “დაუმორჩილებელი სულთნები” იწყებდა. სერიალი ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ მოვლენებს ეხებოდა, სადაც მნიშვნელოვან როლს ქართველი ქალი სულთნებიც ასრულებდნენ.

 

განაწილებული იყო როლები. „დიდებული საუკუნე – დაუმორჩილებელ სულთნებში“ ლელა წურწუმიას რაჰიმენ პრესტუ დადიანის როლი უნდა განესახიერებინა, ნანუკა სტამბოლიშვილის პერსონაჟი ფატმა შაჰ-ლიპარტელიანია, იმ პერიოდის სვანეთის საგვარეულოს წარმომადგენელი. თათა ჯაშს ლოაზეს გველესიანის როლი უნდა შეესრულებინა, ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის. ნინო ლეჟავა სერიალში სპარსელი ქალის, კერძოდ, ირანის პრინცესას როლზე შეირჩა. „მე როგორც სცენარის ერთ-ერთ ავტორს, უფლება მაქვს ჩემით, უკასტინგოდ შევარჩიო მსახიობები” – ამბობდა დავითი.

 

აღმოჩნდა, რომ 16 წლის დავით ჯიჯეიშვილი იჯდა ოზურგეთში, თავის ოთახში, ანაწილებდა როლებს, იგონებდა ისტორიებს და ერთობოდა. საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ჯიჯეიშვილი ქართველ ვარსკვლავებს ატყუებდა, თუმცა თვითონ „პრაიმტაიმთან“ თავი ასე იმართლა.

 

დავით ჯიჯეიშვილი: – რუსეთმა უარი განაცხადა ამ კოპროდუქციაში ჩართულობაზე და სხვა პარტნიორი უნდა მოვიძიოთ. ალბათ, ევროპაში.  მე ქართველ ვარსკვლავებს ვუთხარი, პროექტი არ გამოვიდა-მეთქი. ვერ ვხვდები რაში დამჭირდებოდა ამდენი ადამიანის გადაკიდება?! დაელოდონ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელსაც სერიალის ოფიციალური გვერდი დაწერს. მერე, ვინ ვინ მოატყუა, გაირკვევა.

ავტორი:

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X