fbpx
00:15 | 2020-11-29 ავტორი: თამარ ბუჩუკური

6 სოსისი და 1 პური შვიდსულიანი ოჯახისთვის – უფასო სასადილოს ულუფა მრავალშვილიან ოჯახს

6 სოსისი და 1 პური შვიდსულიანი ოჯახისთვის – უფასო სასადილოს ულუფა მრავალშვილიან ოჯახს

ექვსი სოსისი და ერთი პური – ეს მჭედლიძეების მრავალწევრიანი ოჯახის ულუფაა უფასო სასადილოდან. თბილისის გარე უბანში ხუთი შვილის მშობლები ქირით ცხოვრობენ. მათ სოციალური დახმარება დანიშნული აქვთ, თუმცა ეს თანხა ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს და სულ პატარა, ორი თვის ჩვილის საჭიროებებს არ ყოფნის. მამა უმუშევარი დარჩა, არც სოფლად აქვთ სახლი, სადაც წავიდონენ

 

მართალია, უკვე მოძველებული, მაგრამ რეგიონებში აქტუალური „ტრადიციის” წყალობით, მამაპაპისეული სახლი სოფლად, უმცროს ძმას დარჩა, ხუთი შვილის მამა ცოლთან და ხუთ შვილთან ერთად დედაქალაქში წამოვიდა. თავიდან ძალიან გაუჭირდათ, მერე ნელ-ნელა ფეხზე დადგნენ, ქმარი მუშაობდა, ცოლი პატარებს ზრდიდა.

 

ყველაფერი კარგად იყო, სანამ კორონავირუსი საქართველოში შემოაღწევდა. შემოაღწია და პანდემიამ დაპაუზებულ ქვეყანაში ადამიანების საარსებო საშუალებები მოსპო. გიორგი მშენებლობებზე, რემონტებსა და ავეჯის გადაზიდვებზე მუშაობდა. არ ჰქონდა დასვენების დღე. რამდენიმე სამუშაოს უთავსებდა და ოჯახი სტაბილურად გრძნობდა თავს.

 

ოჯახი უფასო სასადილოს ძირითად სიაში დიდი ხანია ვერ მოხვდა, არა და, ახლა, მათი სარჩო-საბადებელი სწორედ უფასო სასადილოდან წამოღებული კერძებია, თუმცა რთულია, კერძები დაარქვა იმას, რასაც იღებენ – 7 სულიანი ოჯახისთვის გამოყოფილი 6 სოსისი და ერთი პური.

 

ეს ფოტო სასოწარკვეთილმა ლეილა მჭედლიძემ გადაიღო, როცა ქმარმა დღეს, საუზმის, სადილისა და ვახშმის რაციონი სასადილოდან სახლში მიიტანა. არ იცის, როგორ გაუნაწილოს ბავშვებს კვების ყველა ჯერზე ეს მცირედი ულუფა.

 

ამ ყველაფერზე „პრაიმტაიმი” მრავალშვილიან დედას, ლეილა მჭედლიძეს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ბინის ქირის უზრუნველყოფაზე უარს იმ მიზეზით ეუბნება, რომ კონკრეტული მისამართი არ აქვს, უმისამართოა. არ აქვს მისამართი, რადგან უსახლკაროა…

 

 

„თბილისში ქირით ვცხოვრობთ. მე არაფერი მაქვს, ქმარს სოფლიდან სახლის წილი არ მისცეს, წესია ასეთი, უმცროს შვილს უნდა დარჩეს ქონებაო, ასე გვითხრეს ოჯახში და წამოვედით თბილისში. თავიდან გვიჭირდა, ძალიან გვიჭირდა და უფასო სასადილოს მივმართეთ, სხვა გზა რომ არ გვქონდა, მაშინ დამატებით სიაში ჩაგვსვეს და მითხრეს, თუ საჭმელი მოგვრჩება, წაიღებთ ხოლმეო. მას შემდეგ, ისევ ასე ვართ.

 

წესით, ორნახევარი პური გვეკუთნის, მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევაა, თვეები ისე გადის, რომ ერთ ცალზე მეტს არ გვაძლევენ. ყოფილა შემთხვევები, როცა ჩემი ოთხი შვილისთვის ნახევარი პური მომიტანია. მე და ჩემი მეუღლე თითქმის ვშიმშილობთ, რათა საკვები ჩვენზე არ დავხარჯოთ და პატარებს გავუნაწილოთ. იმდენად დავიღალე ამ მდგომარეობით, რომ დღეს, ფოტოზე ასახულ ჩვენი ოჯახის ულუფას საზოგადოებას გავაცნობ და მათ მირჩიონ – როგორ გავანაწილო საუზმედ, სადილად და ვახშმად, ოთხ ბავშვზე ექვსი სოსისი და ერთი პური? მეხუთე ბავშვი 2 თვისაა და ბუნებრივ კვებაზე მყავს, დამატება უკვე მასაც სჭირდება, უჭმელს რძე როგორ მექნება?

 

ხუთი შვილი იმიტომ გავაჩინე, რომ ქმარი სამ სამსახურში მუშაობდა, მაშინ უკვე აღარც სასადილო მადარდება და არც სხვა რამ, რადგან ჩვენს ოჯახს თავად ვუვლიდით. მუშაობდა მშენებლობებზე, რემონტებსა და ავეჯის გადაზიდვაზე. დასვენების დღეებზეც სამსახურში იყო, ერთმანეთს უთავსებდა და მშვიდად, სხვისი ხელის შემყურენი არ ვიყავით, ისე ვცხოვრობდით. თუმცა, პანდემიამ თავისი კვალი დაგვატყო, ისიც უმუშევარია და მეც. ამიტომ, ისევ უფასო სასადილოს მივმართე, მაგრამ იქ იმდენად ცოტა საკვებს გვაძლევენ, ბავშვებს ვერ ვუნაწილებ, როგორ ვუთხრა, რიგრიგობით ჭამეთ, ერთ დღეს ერთმა, მეორე დღეს – მეორემ და ა.შ.

 

ჩემი ერთი შვილი ბაღის ასაკისაა, რომ ამბობენ, ბაღში ბავშვზე განკუთვნილ საკვებს ოჯახებში ვარიგებთო, იცით რა სიხშირით? ორ ან სამ კვირაში ერთხელ მოაქვთ, არც ესაა შეღავათი. ჩაკეტილები ვართ, თორემ უპასუხისმგებლოები ნამდვილად არ ვართ. გვაქვს სოციალური დახმარება, რომელსაც ქირასა და კომუნალურ გადასახადებზე ვანაწილებ. მრჩება იმდენი, რომ ვერმიშელსა და წიწიბურას ვყიდულობ ხოლმე, რომ უბრალოდ ჩემს პატარებს გული არ წაუვიდეთ. ასეთ კერძს, 6 სოსისსა და ერთ პურს არ მიცემა ჯობია, რომ იმედი მაინც არავის ჰქონდეს. 34 წლისანი ვართ და არ ვაშიმშილებთ ჩვენს შვილებს, რომ არა პანდემია და ე.წ. ლოკდაუნი, სრული ჩაკეტილობა და უპერსპექტივობა. ჩვენი უფროსი შვილი 12 წლისაა, შემდეგი, 10 წლის, მომდევნო 8 წლის, მასზე პატარა 4 წლის და სულ პატარა 2 თვის. ახლა, სხვა პრობლემაცაა, ხმას ამოვიღებთ თუ არა, სოციალურ მუშაკებს უშვებენ, რათა გაჭირვებულ დედებს შვილები წაართვან და მათ მოვლაში სხვა ქალებს, ვითომ „დედებს” 400 ლარი გადაუხადონ. ასეთია უსამართლო სამართალი და ჩვენი ცხოვრების პირობები.” – ამბობს ლეილა მჭედლიძე.

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X