13:09 | 2021-09-05 ავტორი: Prime Time

6 ავღანელი ქალის სულისშემძვრელი ამბავი – როგორ ცხოვრობენ ქალები „თალიბანის” ავღანეთში

6 ავღანელი ქალის სულისშემძვრელი ამბავი – როგორ ცხოვრობენ ქალები „თალიბანის” ავღანეთში

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის” ავღანეთში შესვლის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

 


Foreign Policy 6 ავღანელ ქალს გაესაუბრა, რათა უკეთ გაეგო როგორია „თალიბანის” ავღანეთი და რა ხდება იქ.

 

სტატიის თარგმანს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

ფატიმა აჰმადი 28 წლის, ყოფილი პოლიციელი:

 

„მახსოვს ერთ დილას როგორ გამაღვიძა „თალიბანის“ მებრძოლების გამარჯვების ყიჟინამ და მაშინ მივხვდი, რომ ავღანეთი ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა დატოვა. ეს საშინელი შეგრძნება იყო. სანამ ამერიკელი ჯარისკაცები აქ იყვნენ „თალიბანი“ კარგად იქცეოდა, ახლა კი ისინი ღიად ავიწროებენ ქალებს, რადგან იციან მათ აღარავინ დაიცავს. ქალებს მეექვსე კლასის შემდეგ სკოლაში სწავლა ეკრძალებათ. მალე „თალიბები“ ქალებს მუშაობას და ზოგადად გარეთ გასვლასაც აუკრძალავენ. „თალიბანი“ არ შეცვლილა, მათ ისევ სურთ ქალების საზოგადოებისგან გარიყვა.

 

ცოტა ხნის წინ კიდევ მქონდა იმედი, რომ მუშაობის გაგრძელებას შევძლებდი. მაგრამ ახლა ეს იმედი გადამეწურა. ისინი ქალებს საშინლად ექცევიან, მათი ცხოვრება გაუსაძლისია. ადრე ჩემს ფოტოებს თამამად ვაქვეყნებდი ინტერნეტში, ახლა კი მეშინია, რომ ამის გამო, შესაძლოა, მათ მომკლან და ურჯულო მიწოდონ. აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, ძალიან შეშინებული ვარ. „თალიბები“ მომკლავენ, თუ იმის გამო არა, რომ პოლიციელად ვმუშაობდი, მაშინ იმიტომ, რომ მე ვარ ქალი, რომლის სურათებიც სოციალურ ქსელში დევს. თუ მომკლავენ, რა ეშველება ჩემს ორ შვილს? მეშინია. არავინ მყავს, რომ ჩემი სიკვდილის მერე მათ მიხედოს”.

 

ასია რაჰიმი, 22 წლის, იუთუბერი:

 

„ჩვენ ახლა აღარაფრის უფლება აღარ გვაქვს. ქალებს არ შეუძლიათ ისწავლონ ან იმუშაონ. მამაკაცის გარეშე გარეთ გასვლაც კი არ შეგვიძლია.ზუსტად იქ დავბრუნდით, სადაც 20 წლის წინ ვიყავით. ამერიკამ მიგვატოვა. ამერიკამ ავღანელი ხალხი თავისი მიზნების მისაღწევად გამოიყენა, ახლა კი ზურგი გვაქცია. ჩვენს უბედურებაზე პასუხისმგებლები სწორედ ისინი არიან“.

 

კობრა, 23 წლის – ქაბულის უნივერსიტეტის, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი

 

„ქალ ლექტორებს უფლება არ აქვთ იმუშაონ. „თალიბანის“ გადწყვეტილებით ახლა გოგონები და ბიჭები ცალ-ცალკე ოთახებში ვსწავლობთ. აი, რა ვითარებასი დაგვტოვა ამერიკამ“.

 

სახელი და გვარი გასაიდუმლოებულია მისივე უსაფრთოხოების გამო – 32 წლის, მუშაობდა ავღანეთის გენერალურ პროკურატურაში:

 

„თალიბანისთვის“ ქალები ადამიანები არ არიან. ისინი ადამიანებად მხოლოდ მამაკაცებს მიიჩნევენ, ხოლო ქალებს მათ საკუთრებად აღიქვამენ.  არ მეგონა თუ საერთაშორისო საზოგადოება მათ ხელში დაგვტოვებდა. ყველამ კარგად იცის, როგორ ექცევა „თალიბანი“ ქალებს. ძალიან მტკივა ეს ყველაფერი“.

 

ზაჰრა ჰუსეინი, 26 წლის – უფლებადამცველი

 

„ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფნის პერიოდში ბევრი რამის შესაძლებლობა მოგვეცა. ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. ვიპოვეთ ჩვენი ადგილი პოლიტიკაში და ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. ვიბრძოდით ჩვენი უფლებებისთვის. ახლა კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. „თალიბანს“ არ უნდა რომ ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში იყვნენ ჩართულები. ახლა ქალები მარგინალიზებულები არიან. ჩვენ აღარ შეგტავიძლია მუშაობა. ქალებს არ შეუძლიათ იყვნენ მომღერლები ან მსახიობები. არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. არ შეუძლიათ ილაპარაკონ და თავიანთი უფლებები დაიცვან. ზუსტად იქ დავბრუნდით, სადაც 20 წლის წინ ვიყავით. ყველანაირი იმედი დავკარგეთ. ჩვენი ოცნებები კოშმარად იქცა“.

 

16 წლის სტუდენტი გოგონა (სახელი და გვარი გასაიდუმლოებულია):

 

„ამერიკელებმა გვასწავლეს თავისუფლება, მაგრამ არ დაგვეხმარნენ რომ ჩვენი თავი დაგვეცვა და გაგვეთავისუფლებინა. ჩვენივე გალიაში გამოკეტილები დაგვტოვეს. ახლა ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვლილია და მე არ შემიძლია ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა და როგორ ყოფაზეც ვოცნებობდი“.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!