22:53 | 2020-04-05 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

6 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობას განაახლებს – წულუკიანი

6 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობას განაახლებს – წულუკიანი

„6 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშობას განაახლებს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, მუშაობა განახლდება გამარტივებული წესით. სამართალწარმოება დაიწყება დედნის გარეშე, აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი დისტანციური მიმართვის საფუძველზე.

 

„ორშაბათიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობას განაახლებს. მუშაობა განახლდება გამარტივებული წესით. სამართალწარმოება დაიწყება დედნის გარეშე, აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი დისტანციური მიმართვის საფუძველზე, პორტალ MY.GOV.GE-ის მეშვეობით ან პირდაპირ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმეილზე დოკუმენტაციის გაგზავნით.

 

ყველა სერვისი, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიურო გასცემდა ვირუსის გავრცელების დაწყებამდე, განახლდება დისტანციური მომსახურების რეჟიმში, გარდა გამოსახლებებისა, ვინაიდან ეს საკითხი და ეს მოქმედება საჭიროებს ოჯახში შესვლას.

 

ვინაიდან ჩვენ თავიდან ვიცილებთ მოქალაქეებთან კონტაქტს და მოქალაქის თანამშრომელთან კონტაქტს, ეს იქნება ის საქმიანობა, რომელიც ორშაბათიდან არ და ვერ აღდგება. დანარჩენ ნაწილში ბიურო დისტანციურ რეჟიმში სრულად აღადგენს საკუთარ საქმიანობას.

 

რაც შეეხება სანოტარო მომსახურებას, ორი ლოკაცია განისაზღვრა უკვე თბილისში, ორი ნოტარიუსი ყოველდღიურ რეჟიმში დილიდან 14 საათამდე გასცემს სანოტარო მომსახურებას, ამ ლოკაციებს დაემატება თბილისში მესამე ადგილი, ასევე ბათუმში, და ქუთაისში შესაბამის მისამართებზე“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 174 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის 41 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X