fbpx
14:00 | 2020-06-26 ავტორი: მარი ჯაფარიძე

33 წლის შვილი გარდამეცვალა, მთელი ქონება გავყიდეთ, რომ გადამერჩინა… – მოხუცთა თავშესაფრის სევდიანი ისტორიები

33 წლის შვილი გარდამეცვალა, მთელი ქონება გავყიდეთ, რომ გადამერჩინა… – მოხუცთა თავშესაფრის სევდიანი ისტორიები

მოხუცთა თავშესაფარს „ბარბარე 21“ მის ხელმძღვანელთან, მწერალ მერაბ შათირიშვილთან ერთად ვეწვიეთ და სპეციალურად „პრაიმტაიმისთვისექსკურსიაც მოეწყო.

 

სამსართულიანი სახლი დიდი ეზოთი სიმყუდროვის შეგრძნებას იწვევს. მოხუცები ბატონ მერაბს სიყვარულითა და ღიმილით ეგებებიან.

 

ეზოში შესვლისთანავე ქალბატონი ზეინაბი მოგვეგება და გვკითხა, – გურჯაანში როდის მივდივართო?

 

ქალბატონ ზეინაბს მხოლოდ შორეული წარსული ახსოვს და იცის, რომ გურჯაანში დაიბადა და იქვე გათხოვდა. ახლა კი მუდმივად იქით მიუწევს გული და ბატონი მერაბიც გულმოდგინედ ჰპირდება, რომ აუცილებლად წაიყვანს.

 

ეზოში საკმაოდ მოზრდილი მეურნეობაა, რომელიც ტერასებისგან შედგება და წვეთოვანი სისტემით ირწყვება.

 

ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწყობს, ფუსფუსებს და შრომობს, ზოგი ცხვარს ასეირნებს, ზოგი რწყავს…

 

დანარჩენები კი თავს ჭორაობით იქცევენ.

 

 

შემოდგომით მოხუცებს ეკოლოგიურად სუფთა, თავისივე ხელით მოყვანილი ბოსტნეული ექნებათ.

 

მოხუცები ღიმილით ხვდებიან ყველა სტუმარს. მეც გულიანად მიმიღეს, დამათვალიერეს, მომეფერნენ და თავის ამბებსაც მომიყვნენ.

 

დემურ კალანდაძე თავშესაფარში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ის გახლავთ ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი და საკმაოდ მაღალ თანამდებობეზეც უმუშავია.

 

გურულებისთვის დამახასიათებელი ენაწყლიანობით გამოირჩევა და საინტერესო მოსაუბრეცაა.

 

 

– გურული ვარ, ხიდისთაველი. ახლა 79 წლის ვარ. დავიბადე თბილისში. მამას ერქვა ნესტორი და შინაურები ეძახდნენ ჭიჭიკოს. მეოთხე შვილი ვიყავი და დაბადების მოწმობაში ჩამიწერეს დემურ ჭიჭიკოს ძე კალანდაძე, ჩემი და-ძმები კი ნესტორის ძეები და ასეულები იყვნენ. მეხუმრებოდნენ, ხოლმე, შენ ჩვენი ძმა არ ხარ, სხვა მამა გყავსო. ასეთი კურიოზებიც ხდებოდა იმ დროს.

 

მე რომ დავიბადე, ბებიაჩემმა გაყიდა დეკეული და იყიდა თხა, რომლის რძითაც გავიზარდე. იმის შემდეგ მთელი ცხოვრება პეტელობაში გავატარე.

 

ძალიან მინდოდა ექიმობა და ახლაც მინდა, მაგრამ ასაკი არ მაძლევს საშუალებას, რომ ვისწავლო.

 

სკოლა წინანდალში დავამთავრე და ოქროს მედალიც მივიღე. ჩავაბარე სამედიცინოზე, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში ხუთიანი მივიღე და მხოლოდ ქართულში დამიწერეს ოთხიანი. მოგეხსენებათ, მაშინ სამედიცინოზე „ჩაწყობით“ ხვდებოდა ხალხი, მაგრამ მაღალი ქულები მქონდა და იმედი მქონდა, რომ ჩავირიცხებოდი.

 

აღმოჩნდა, რომ ცეკას განყოფილების უფროსის შვილი, მინისტრთა საბჭოს წევრის ვაჟი, პარტიის ცეკას თანამშრომლის შვილი დარჩნენ გარეთ და დამატებითი მოთხოვნა გაგზავნეს მოსკოვში, რომ მათი ჩარიცხვა მომხდარიყო. ამათგან მე ყველაზე მაღალი ქულები მქონდა, თან მედალიც, მაგრამ მე ჩაწყობილი არ მქონდა და მოხდა ისე, რომ თავდაპირველად თავისუფალ მსმენელად ჩამრიცხეს, მოსკოვიდან პასუხი რომ მოვიდოდა, უკვე სრულფასოვანი სტუდენტი გავხდებოდი, მაგრამ ბოლოს ყველა ჩარიცხეს, მე კი მითხრეს, რომ მოსკოვიდან პასუხი არ მოვიდა და საბუთები წაიღეო.

 

ასე გამწირეს, – გაისად მოდიო. ალბათ მოსკოვმა მოთხოვნილზე ერთი ადგილით ნაკლები დაუშვა და მე შევეწირე მაგ ამბავს. ვიჩივლე, ვეძებე სამართალი, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. საბოლოო ჯამში ქიმიურზე ჩავაბარე. ახლა ვარ დოქტორი.

 

ერთ წელიწადს წამიყვანეს თელავში, მე-18 საკავშირო ყრილობაზე გამოვედი სიტყვით. მე ვარ ის ადამიანი, ვინც პავლიკ მოროზოვი გმირების სიიდან ამოვაღებინე.

 

ვთქვი – მამას რომ შვილი გაწირავს, ის არ შეიძლება იყოს მაგალითი სხვებისთვის და გმირი. ტაში დამიკრეს, დამეთანხმნენ და პავლიკ მოროზოვის გმირის სახელი ჩამოაშორეს.

 

შემდეგ მთელი 4 წელი ლენინის რაიონის (ახლანდელი ნაძალადევი) კომკავშირის კომიტეტის მდივანი ვიყავი, შემდეგ სკოლის დირექტორი. 23 წლისა საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გავხდი.

 

შემდეგ განათლების განყოფილების გამგე ვიყავი სამგორის რაიონში და მოგვიანებით – სახალხო კონტროლის თავმჯდომარე.

 

ბოლოს ვმუშაობდი ლენინის რაიონში, განათლების განყოფილების გამგედ, 2005 წლამდე.

 

ლექციებს ვკითხულობდი ბოლო დრომდე, მაგრამ ახლა, ამ კორონას გამო ვეღარ დავდიოდი. ერთი ასპირანტი დამრჩა და ისიც ოქტომბერში დაიცავს დისერტაციას.

 

ალბათ გიკვირთ, ამდენი თანამდებობებისა და ტიტულების პატრონი აქ რატომ ვცხოვრობ.

 

33 წლის შვილი გარდამეცვალა, მთელი ქონება გავყიდეთ, რომ გადამერჩინა, მაგრამ ვერ შევძელით.

 

საუკეთესო ვაჟი მყავდა, „შვიდკაცაში“ მღეროდა. კონცერტების ჩასატარებლად ბათუმში წავიდნენ და და საღამოს არაყი დაულევიათ, 23 ბიჭი მოიწამლა. წამოვიყვანე ჩემი შვილი. კი მოვარჩინეთ, მაგრამ გულის პერანგში ექიმებს შეეპარათ რაღაც ბაცილა და გაურთულდა სიტუაცია.

 

1989 წელს მოხდა ეს ამბავი და 2002 წელს გარდაიცვალა. ამდენი წელი ვიწვალეთ და ვერ გადავარჩინეთ ბოლომდე. ქონება რაც გაგვაჩნდა, ყველაფერი გავყიდეთ და დავრჩით უსახლკაროდ. მე და ჩემი მეუღლე ქირით ვცხოვრობდით და ბინიდან ბინაში გდავდიოდით. 1 წლის წინ გადავწყვიტეთ, მოხუცთა თავშესაფარში მოვსულიყავით.

 

გადასარევი პირობებია, ვერთობით, მეურნეობასაც ვუვლით. მართალია, მე ჯანმრთელობა ხელს აღარ მიწყობს, რომ ფიზიკურად ვიმუშაო, მაგრამ სამაგიეროდ, რჩევებს არ ვამადლი და ხელმძღვანელობას.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე
X