20:40 | 2020-09-21 ავტორი: თამარ გონგაძე

32 წლიანი პაუზის შემდეგ “თოვლის მხატვარი” გურამ დოლენჯაშვილი გამოფენას აწყობს

32 წლიანი პაუზის შემდეგ “თოვლის მხატვარი” გურამ დოლენჯაშვილი გამოფენას აწყობს

“გუგლში” რომ გურამ დოლენჯაშვილს ჩაწერთ, ისეთ საოცარ თოვლიან იმერულ ესკიზებს გადაეყრებით, ერთი შეხედვით რომ ფოტოები გეგონებათ. მაგრამ როცა დარწმუნდებით, რომ ეს ნახატებია, დააკვირდებით, მაგრამ მაინც ვერ მიხვდებით, როგორ შეიძლება ეს ფანქრით ნახატი იყოს, აი, მაშინ იმ დიდი შემოქმედის (ზევით) მარადიულ არსებობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით და დალოცავთ მის განგებას.

 

გრაფიკოსი, რომელიც მსოფლიომ აღიარა და კოლექციონერების სამიზნეა, სამშობლოში გაკეთებული გამოფენისთვის დიდი ხანია ემზადებოდა. 32 წლიანი ემიგრაციის შემდეგ ფანქრის ჯადოქრის დაუჯერებელი ნამუშევრები სამშობლოს დაუბრუნდება. და 21 სექტემბრიდან მათი დათვალიერება საქართველოს ეროვნული გალერეის ოთხივე დარბაზში დიდ რეტროსპექტულ გამოფენაზე შეგეძლებათ.

 

მთელი ჩემი შემოქმედება ეძღვნება დედას და მეუღლეს" - ინტერვიუ განსაცვიფრებელი ნახატების ქართველ ავტორთან

 

 

გურამ დოლენჯაშვილი სამშობლოში გამოფენისთვის დიდი პასუხისმგებლობით მოემზადა. გამოფენაზე მხატვარმა თავისი ნამუშევრები სხვადასხვა ბლოკებად დაჰყო – იმერეთი, სვანეთი, ხევსურეთი, მოგზაურობების დროს შთაბეჭდილელებითა და ინსპირაციებით შექმნილი ნამუშევრები.

 

ფერწერა, გრაფიკა, ფოტოები, ნანადირევი… მხატვარი ნანადირევი ცხოველების, მათ შორის, ირმის რქებსა და ტყავებსაც ფენს. თქვენ ნახავთ ვეშაპის ხერხემლის მალებსა და თავის ქალას, ვეშაპის ულვაშს და უამრავ ექსპონატს…

 

როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, 300-მდე ნახატს შორის, დამთვალიერებელს 80-მდე ფოტოსაც ახვედრებს. ფოტოები ვეშაპებსა და ზღვის ლომებზე ნადირობას ასახავს. ამაზე მხატვარმა საინტერესო ფაქტები გაიხსენა.

 

მოემზადეთ სრული კულტურული შოკისთვის! - ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი ულამაზესი ნახატები

 

“თოვლის მხატვარი” – ასე უწოდეს რუსეთში მოღვაწეობის დროს ბატონ გურამს. “ჩემი ქვეყნიდან წასვლა იძულებითი იყო. რამდენიმე წელი გავატარე მოსკოვის შემოქმედებით სახლ „ჩელიუსკინში“. შვიდი-რვა თვის შემდეგ ოჯახს ვუბრუნდებოდი. ოჯახის გარეშე როგორ გავძლებდი?” – ამბობს მხატვარი. მერე ისევ უკან – ცივ რუსეთში ბრუნდებოდა.

 

რუსეთში ბნელ და გაყინულ 90-იანებს გაექცა. ვერ ხატავდა. დენი არ იყო, გურამ დოლენჯაშვილი კი დიდ შუქზე გამადიდებლით მუშაობს.

 

ქუთაისელ მხატვარს მშობლიურ ქალაქში დიდი სახელოსნო ჰქონდა. იქ ჩასულ სტუმრებს პირველ რიგში გურამ დოლენჯაშვილის სახელოსნოში ამოაყოფინებდნენ თავს და კულტურულ შოკს აღებინებდნენ.

 

მერე შვილებმა დედაქალაქში, უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს და მხატვარმა მეუღლესთან ერთად დატოვა ქუთაისი და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. გურამის ქალიშვილი, ყველასთვის ნაცნობი მწერალი – თეონა დოლენჯაშვილი გახლავთ. მამა-შვილმა საერთო წიგნიც გამოსცეს “დაკარგული სამოთხე”. მშობლიურ სოფელზე ქალიშვილის მიერ დაწერილ წიგნში, მამის 89 ილუსტრაციაა შესული.

 

ქართველი მხატვარი, რომელიც შავი ფანქრით გასაოცარ შედევრებს ქმნის » News Mcvane.Ge

 

77 წლის მხატვარს დღემდე ძველებურად, 18 საათი შეუძლია იჯდეს და ხატოს, დილის შვიდ საათამდე. საყვარელი საქმე ისე იტაცებს, დაღლილობას ვერ გრძნობს. ბოლო წლებია უკვე თვალს უჭრელებს ნახატი. სამი წუთით შორდება საქმეს, ან ათი წუთით თვალს მოატყუებს, დაასვენებს და ისევ აგრძელებს.

 

გურამ დოლენჯაშვილი: – 70-იან წლებში მხატვართა კავშირში შეიქმნა სექცია, რომელიც მხატვრებს გვავალდებულებდა რუსეთის სხვადასხვა ოლქებსა და ქალაქებში გამოფენები მოგვეწყო. სანაცვლოდ გემის კაპიტნები ვალდებულები იყვნენ უფასოდ მოვეტარებინეთ ზღვები და ოკეანეები.

 

მდინარე ლენაზე ვიყავი იაკუტიაში. იარკურტსკიდან დავიწყე და ყველაზე შორეულ პორტ პიკშიც გახლდით. იქ გავაკეთეთ გამოფენა. ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში რამდენჯერმე ვიყავი.

 

საკავშირო ჯგუფში 25 მხატვარი ვიყავით. მე არ ვსვამდი, არ ვეწეოდი და სხვებთან შედარებით სერიოზული რეპუტაციით ვსარგებლობდი. მხატვრებს შორის ბოჰემური ადამიანი ბევრია, ბევრია დებოშიორიც. მოკლედ, მარტოდ მარტო წავედი ჩუკოტკაზე სამოგზაუროდ, ადვილად გამიშვეს.

 

სერგო ვარდოსანიძე: ძველით ახალი წელი - ბავშვობის გახსენება...

 

უზარმაზარ ყინულმჭრელ გემზე გადამსვეს. “ერმაკი” ტეხდა ყინულებს, მას კი უკან მოჰყვებოდა გემების ქარავნები. ყინულის სისქე ზოგჯერ სამ მეტრსაც აღწევდა. ჩუკოტკაზე ესკიმოსების ცხოვრება მაინტერესებდა. გადამაფრინეს და მათთან ერთად 16 დღე ვიცხოვრე. ეს დღეები სავსე იყო შთაბეჭდილებებით. ესკიმოსები დასდევდნენ ზღვის ლომებს და ვეშაპებს, კლავდნენ, ჩავიბამდით ხომალდზე და მოგვქონდა დანიშნულების ადგილას. მე ფოტოპარატით ვიყავი, ვიღებდი ამ სცენებს ან ჩანახატებს ვაკეთებდი.

 

ხის ჩოჩხისგან შეკრული ნავებით გავდიოდით ჩუკოტკის ზღვაში (ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის განაპირა ზღვა). ამ ნავს ზღვის ლომის ტყავი აქვს ამოკრული. ოთხ ტონას იწონის ზღვის ლომი და კბილი რომ გაკრას, ნავს გადააბრუნებს და ქვასავით ჩაიძირება ყველა. გამორიცხულია გადარჩე. ამიტომ ვრისკავდი და ესკიმოსებთან ერთად გავდიოდი ზღვაში.

 

ხორცს თვითონ მიირთმევდნენ, ქონს ადნობდნენ, ტუმბავდნენ 200 ლიტრიან ყანწებში და მოსკოვსა და ლენინგრადში პარფიუმერიის ქარხნებში გზავნიდნენ. ქონს უმადაც ჭამენ. მე ზღვის ლომის ღვიძლი შემიწვეს. გემრიელი ხორცი იყო, ხახვში შემწვარი…

 

ასევე ვიყავი ვეშაპმჭერ გემებზე. შემზარავი სურათები მაქვს გადაღებული. ხუთი ესკიმოსი 200 ტონიან ვეშაპს 15 წუთში ჩონჩხად აქცევდა. საოცარი სისწრაფით ანაწევრებდნენ. ჩონჩხს “ვეშაპების სასაფლაოზე” აგდებნენ.

 

შემოქმედი ადამიანისთვის განსაკუთრებულად სულისშემძვრელი სანახაობა იყო ის, რასაც იქ ვუყურებდი. მთელი ნაპირი ვეშაპების სისხლით იყო მორწყული…

 

No description available.

 

 

ვეშაპების და ზღვის ლომების საზარელი ხოცვის სანახაობამ მხატვარზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. დაუნდობელ ადამიანზე შექმნა დიდი სერია, რომელიც მთელი მსოფლიოს მუზეუმებში გამოიფინა.

 

გურამ დოლენჯაშვილი: – ამ სიმბოლურ-ალეგორიულმა სერიამ პრემიები მომიტანა. მისი სახელწოდებაა “გაფრთხილება”. მესიჯი ასეთია – თუ იქნება ომი, იქნება სასაფლაო. ატომურ ომს ყველაფრის სასაფლაოდ გადაქცევა შეუძლია. და საბჭოთა კავშირს ატომური იარაღის იმხელა მარაგი აქვს, დედამიწის 200-ჯერ აფეთქებაა შესაძლებელი.

 

შემდეგი სერია იყო “განგაშის ზარები” და “კომეტა”. ამბობს, რომ ფერწერაში ისეთივე ძლიერი არ არის, როგორც ფანქარში.

 

გურამი: – ისეთი შეუპოვარი კაცი ვარ, გრაფიკაში ისეთ რამეებს ვაკეთებ, იტყვიან, სულელის მეტი ამას არავინ გააკეთებსო. სამთვიანი, ხუთთვიანი, ოთხ წლიანი შრომაც კი დასჭირვებია ჩემს ნახატებს.

 

– რა ჰქვია ოთხწლიან ნამუშევარს?

 

– მოწამეთა.

 

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

 

ჩემი გამოფენა აპრილში უნდა მოწყობილიყო. კმაყოფილი ვარ, რომ გადაიდო. მას შემდეგ ვზივარ და ვმუშაობ. ისეთი რამეები დავხატე, რაც ამ გამოფენისთვის ნამდვილად საჭირო იყო.

 

 

ამბობს, რომ ნიჭთან ერთად შრომა აუცილებელია, მუდმივი და დაუღალავი შრომა. ისე შედევრები არ იქმნება.

 

“როგორ შეიძლება მხატვარი მიადგეს სუფთა ტილოს და თქვას: ახლა უნდა შევქმნა გენიალური ფერწერა, ან ამის შემდეგ დავხატავ შედევრს. ამის განმსაზღვრელი მხოლოდ მაღალი ღმერთია. როგორც ყველა შემოქმედს, ისე მის მიერ შექმნილ ნაწარმოებს დაჰყვება თავისი ბედი. ზოგი ნახატი უგზოუკვლოდ იკარგება, ზოგს კი ვიღაც ისეთი თვალით შეხედავს, იყიდის, „სოთბიზე“ გაიტანს, დიდი ხმაური ატყდება.

 

სიყვარული არის ჩემი შემოქმედების თავი და ბოლო…” – ამბობს ფანქრის ჯადოქარი.

 

გურამ დოლენჯაშვილის ნახატები, რომელიც ფოტოები გეგონებათ – თვალსაზრისი

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +