18:57 | 2021-04-01 ავტორი: თამარ ბუჩუკური

30-ლარიანი კვების ვაუჩერი 16 წლამდე ასაკის ბავშვებს – რის შეძენას შეძლებთ დღეს „ბავშვის კვების ბარათით“

30-ლარიანი კვების ვაუჩერი 16 წლამდე ასაკის ბავშვებს – რის შეძენას შეძლებთ დღეს „ბავშვის კვების ბარათით“

„ბავშვის კვების ბარათი” 100 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებს გადაეცემათ, რომლებსაც 16 წლამდე ასაკის წევრზე 20, 30 ან 50 ლარის სახით თანხა ყოველთვიურად ირიცხება.

 

პროდუქტებზე ფასები თითქმის ყოველდღიურად იზრდება, თუმცა ბავშვთა კვების დადგენილი თანხა კვლავ უცვლელია.

 

“პრაიმტაიმი” გელაშვილების ოჯახს ესაუბრა, რომელიც სოციალურად დაუცველია და 5 წლის ალექსანდრე სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 30 ლარს იღებს. რა თქმა უნდა, ეს თანხა მოზარდის გამოსაკვებად ძალიან მცირეა და სულ რამდენიმე დღე ჰყოფნის.

 

“ძალიან გვიჭირს ხალხო, 30 ლარით ელემენტარულ პროდუქტს ვყიდულობ, ძირითადად ბურღულეულს. ეს გამოსაკვები თანხა კი არაა, მხოლოდ იმდენია, რომ შიმშილით არ მომიკვდეს. მაღაზიაში შესვლიდან შესვლამდე პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად იზრდება, უკვე 30 ლარად აღარაფერი მოგვდის.” – ამბობს ეკა გელაშვილი.

 

“პრაიმტაიმი” ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელს ესტუმრა, რომელშიც „ბავშვის კვების ბარათით” პროდუქტების ყიდვაა შესაძლებელი.

 

პედიატრების, დიეტოლოგების, ნუტრიციოლოგებისა და ენდოკრინოლოგების რჩევები ბავშვთა კვების რაციონთან დაკავშირებით იმდენად ფანტასტიკის ჟანრია 30 ლართან და გაძვირებულ პროდუქტებთან შედარებით, რომ გასაანგარიშებლად სულ რამდენიმე აუცილებელი პროდუქტის ღირებულების შეკრება მოგვიწია და ძალიან მალევე 30 ლარს გადააჭარბა კიდეც. აი, მაგალითად:

 

 

 

მცენარეული ცხიმი სადილისთვის – 1 ლიტრი ზეთის ფასი 8.10 ლარია.

 

 

 

 

 

 

ხოლო 200 გრ. კარაქის ღირებულება 8.81 ლარს შეადგენს.

 

გამოდის, რომ „ბავშვის კვების ბარათზე” დარიცხული 30 ლარიდან მხოლოდ ცხიმის საყიდლად 16.91 ლარია საჭირო.

 

 

 

 

დარჩენილი 13.09 ლარის განაწილება კი ალბათ,მხოლოდ ილუზიონისტ მშობლებს შეუძლიათ. რატომ? განაგრძეთ პროდუქტების ნუსხისა და ფასების კითხვა, ამის შემდეგ პასუხსაც იპოვნით.

 

 

რაც შეეხება ბურღულეულს, ფასები ასე გამოიყურება: 1 კგ. მანანის ბურღული – 3.75 ლარი, 1 კგ. შვრია – 3.15 ლარი, 900 გრ. შაქარი 2.42 ლარი, ხოლო 900 გრ. წიწიბურა – 4.07 ლარი ღირს.

 

 

 

იმისთვის, რომ მოზარდმა დილაობით სამი სახის ფაფა მიირთვას, 17.46 ლარი სჭირდება მშობელს.

 

 

რძის პროდუქტები, რომელიც ყველა მოზარდისთვის აუცილებელია და ყოველდღიურად უნდა იღებდნენ საკმაოდ ძვირია: რძის შემცვლელი მასალისგან დამზადებული 1 კგ. ყველის ფასი 9.97 ლარია, ხოლო რძისგან დამზადებული 1 კგ. ყველი 18 ლარი ღირს. 180 გრ. ხაჭოს ფასი 3.20 ლარია.

 

 

 

მხოლოდ რძის შემცვლელი ნედლეულისგან დამზადებული ყველისა და ხაჭოს შესაძენად 13. 17 ლარია საჭირო. 15 ცალი კვერცხის ფასი 7.13 ლარს აღწევს.

 

 

 

რაც შეეხება ხორცს, 1 კგ. საქონლის ხორცის ფარში 18.5 ლარი ღირს, ძვლიანი ხორცი კი, – 19.3 ლარი. 1 კგ. ქათმის ფასი 7.85 ლარს შეადგენს.

 

 

 

ნახევარ-ნახევარი კილოგრამის წონის საქონლისა და ქათმის ხორცის შესაძენად მშობელს 22.82 ლარი დასჭირდება.

 

 

ფასების გაძვირებით დანარჩენ პროდუქტებს არც ხილ-ბოსტნეული ჩამოუვარდება: 1 კგ. კარტოფილის ფასი 1.05 ლარია, 1 კგ. ხახვი – 1.25 ლარი, 1 კგ. სტაფილო – 2.39 ლარი, ჭარხალი – 2.15 ლარი ღირს.

 

 

 

იმისთვის, რომ პატარას მხოლოდ ბოსტნეულის წვნიანი თვის განმავლობაში სამჯერ მოუმზადონ 6.84 ლარია საჭირო.

 

 

 

დაახლოებით, 5-6 ცალი ვაშლი 1 კგ-ს შეადგენს, რომლის ღირებულებაც 3.69 ლარია.

 

 

 

 

ამ ელემენტარული პროდუქტების ღირებულება მინიმალური წონით 88.02 ლარს შეადგენს.

 

საბოლოო ჯამში, ეს ჩამონათვალი მოზარდებისთვის საჭირო პროდუქტების მინიმუმს შეადგენს, მხოლოდ იმდენს, რომ პატარა უბრალოდ იკვებოს.

 

 

ხოლო ის რეკომენდაციები და რაციონი, რომლებიც სპეციალისტების მიერ არის შედგენილი, ამ ფასთა გაანგარიშებით, ყოველთვიურად კი არა, დღიურად არის საჭირო „ბავშვის კვების ბარათზე” 30 ლარის ჩარიცხვა აუცილებელი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X