fbpx
18:44 | 2020-07-25 ავტორი: მარი ჯაფარიძე

3 თვით ადრე დაგეგმილი თვითმკვლელობა – „არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამ, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია“

3 თვით ადრე დაგეგმილი თვითმკვლელობა – „არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამ, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია“

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წელს სუიციდის 874 დაფიქსირდა. აქედან 375 გარდაცვალებით დასრულდა.

 

როგორ მიდიან ადამიანები ამ გადაწყვეტილებამდე, რთული სათქმელია, მაგრამ არსებობს უამრავი გარემოება და საბაბი, რის გამოც ასეთი ნაბიჯი გადაუდგამთ.

 

20 წლის ნატა მ-მ  „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უამბო, რომ მას ბევრჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა, თუმცა, მისი ასეთი გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების შედეგად ხდებოდა, რომელზეც გოგონა დამოკიდებული იყო.

 

– ექიმის არასწორად დანიშნულმა მკურნალობამ ფსიქოტროპულ წამლებზე დამოკიდებული გამხადა. 9 წელი ვიყავი ამ პრეპარატებზე დამოკიდებული, ბოლო ორი წელი კი ვიყავი ძალიან ცუდად და ამ 2 წლიდან ბოლო 3 თვე საერთოდ არაადეკვატური ვიყავი. არაფერი მესმოდა, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, როგორ ვიქცეოდი…

 

მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი და საკმაოდ წარმატებული ადამიანიც ვიყავი, ისეთი არაადეკვატური გამოხედვა და სახე მქონდა, ისეთი უცნაური მანერები, რომ გიჟიაო, ჩემზე ამბობდნენ. ყველაფერი თავზე ჩამომენგრა, ადამიანებმაც, მათ შორის – ბევრმა ახლობელმა ზურგი მაქცია. ჩემნაირ ადამიანებს საზოგადოება გარიყავს და ხდებიან ბულინგის მსხვერპლი. ყველაზე მეტად დამეხმარა ეკლესია, სადაც მართლა ბოლომდე გამოვჯანმრთელდი, ცხოვრების სტიმული ისევ მომეცა და აღარ მინდოდა თავის მოკვლა. მანამდე კი ძალიან ბევრჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა და ყოველთვის გადავრჩი.

 

ნატას შემთხვევა განსხვავებულია იმ შემთხვევებისგან, რომელზეც ქვემოთ მოგიყვებით. ამ ისტორიის ავტორიც ახალგაზრდა გოგოა.

 

– დიდი ხნის განმავლობაში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. ერთხელ, ერთი მეგობარი შეყვარებულის გამო უშნოდ მეხუმრა და ამის შემდეგ ყველამ ამომიჩემა. ეს ამბავი წლების წინ მოხდა, როცა სტუდენტი ვიყავი. მას შემდეგ თითქმის 15 წელია გასული. თავიდან ავყვებოდი ხოლმე ჯგუფელებს ხუმრობაში, თუმცა მწყინდა – ვიფიქრე, მობეზრდებათ-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდნენ. მერე ვბრაზობდი და ვჩხუბობდი, მაგრამ არც ამან გაჭრა. შეყვარებულს დავშორდი იმის გამო, რომ იქნებ ამის შემდეგ მაინც მოეცათ მოსვენება, მაგრამ უარესი გააკეთეს. უამრავი კომპლექსი გამიჩნდა და ისე მომბეზრდა ყველაფერი და ისე დავიღალე იმით, რომ ვცდილობდი ისე მოვქცეულიყავი, მასხრად არავის ავეგდე, რომ გადავწყვიტე, თავი მომეკლა და ამ ადამიანებს სანანებლად ჰქონოდათ, რომ მათ გამო დავასრულე სიცოცხლე.

 

სულელი რომ იქნები ადამიანი და უტვინო, იმიტომაც მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, თორემ აბა ასეთი რამის გამო თავს მოიკლავს ნორმალური ადამიანი? შეყვარებულთან დაშორებასაც ძალიან განვიცდიდი და მას ვადანაშაულებდი თან ამ ყველაფერში. დედა არ მყავდა და დედინაცვალი ცალკე მიშრობდა სისხლს. მოკლედ, 3 თვით ადრე დავგეგმე თვითმკვლელობა. ამისთვის ვემზადებოდი. სამი თვე იმიტომ მჭირდებოდა, რომ რაღაც საქმეები მქონდა გასაკეთებელი.

 

მანამდე თუ ვუფრთხილდებოდი, რამე არ მეწყენინებინა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქეთ მაბულინგებდნენ, ამ გადაწყვეტილების მერე ყველას სასტიკად გავუსწორდი. სათითაოდ ვიძიე შური ყველაზე. ზოგის ქმარს შევატყობინე, ცოლი რომ ღალატობდა, ზოგის – ცოლს, ოღონდ ტყუილი და ჭორი არ მომიგონია. ზოგს ფიზიკურადაც გავუსწორდი. თუ ვინმესთან თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ბოდიში მოვუხადე და პატიება ვთხოვე. ერთი სიტყვით, ბევრი რამ შევცვალე.

 

2 კვირით ადრე შეყვარებულსაც შევურიგდი. სიმართლე გითხრათ, ყველაზე რთული იყო, გადამეწყვიტა, როგორ დამესრულებინა სიცოცხლე. სხვადასხვა მეთოდს ვაანალიზებდი გონებაში და ბოლოს ისევ წამლების მიღება გადავწყვიტე. ვიფიქრე, დავიძინებ და უმტკივნეულოდ მოვკვდები-მეთქი.

 

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პრობლემა მოიხსნა, ამან არ დამაკმაყოფილა და ვთვლიდი, რომ ეს შურის საძიებლად საკმარისი არ იყო. გამჯდარი მქონდა გონებაში, რომ უნდა სისრულეში მომეყვანა ჩანაფიქრი.

სხვათა შორის, თამარ ბაჩალიაშვილზე რომ ამბობენ, თავის მოკვლა თუ უნდოდა, ასე შორს რატომ წავიდაო, არავინ იცის, რა მოუვა თავში ადამიანს, რომელსაც სუიციდი აქვს განზრახული. ძალიან მინდოდა, რომ სადმე, შორს წავსულიყავი მეც და სოფელში წავედი, სადაც დაკეტილი სახლი გვქონდა. ეზოში ჰამაკი იყო გაბმული და მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი იყო, სწორედ იმ ჰამაკში მინდოდა სიცოცხლის დასრულება. დავწერე საკმაოდ მოზრდილი წერილი, სადაც მოვყევი მიზეზს, რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. დავლიე აბები, ჩავწექი ჰამაკში და პლედი გადავიფარე. გონს საავადმყოფოში მოვედი. თურმე მეზობელს გაუვლია და იმას გადავურჩენივარ.

 

საოცრად გამიხარდა, როცა თვალები გავახილე და ცოცხალი ვიყავი. ვერ გეტყვით, ეს რა გრძნობაა. გონებაში ყველაფერი დალაგდა რაღაცნაირად და მანამდე თუ ამღვრეული გონებით დავდიოდი, ახლა ყველაფერი ნათლად დავინახე.

 

მივხვდი, რომ დიდი სისულელეა, როცა ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას იღებ. უკან ვერ დააბრუნებ  ვერაფერს, თუ ჩემსავით არ გაგიმართლა. ყველაფერს ეშველება და სიკვდილს – არა.

 

სუფთა ფურცლიდან დავიწყე ცხოვრება და დღეს მეცინება კიდეც იმაზე, რაც ჩავიდინე. არ გავთხოვილვარ, შვილიც არ მყავს, იმ შეყვარებულს დავშორდი, მაქვს სამსახური და მივყვები ცხოვრებას ისე, როგორც ნორმალურ ადამიანს შეეფერება. ყველა ადამიანი აკეთებს რაღაც სისულელეს, მაგრამ არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამ, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია“.

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

X