22:08 | 2020-06-15 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

3 წლის შვილი პურს მთხოვს, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ! – ახალგაზრდა დედა შველას ითხოვს

3 წლის შვილი პურს მთხოვს, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ! – ახალგაზრდა დედა შველას ითხოვს

ბავშვობაში მომავალი ცხოვრება სულ სხვანაირად წარმოედგინა. ოცნებობდა დიდ ლამაზ სახლსა და უზრუნველ მომავალზე.

 

ეს ყველაფერი ოცნებად დარჩა. რეალობა კი იმდენად სასტიკი აღმოჩნდა, ყველაზე ცუდ სიზმარშიც რომ ვერ წარმოიგდენდა.

 

ნათია ჩიკვაიძე მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს სულ 11 შვილი ჰყავთ. სიდუხჭირის გამო გოგონამ არასრული განათლების მიღებაც ვერ შეძლო.

 

19 წლის იყო რომ დაოჯახდა. ბიჭუნა გაუჩნდათ. ბავშვი 3 თვის იყო, როცა მის მეუღლეს ხერხემალზე პრობლემები შეექმნა და მუშაობა ვეღარ შეძლო.

 

ოჯახში კრიზისული პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

 

გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდა დედამ გამოსავალი რომ ვეღარ იპოვა, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დახმარება ითხოვა.

 

„3 წლის შვილი პურს მთხოვს და იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ ვაჭამო. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ!“ – წერდა ნათია.

 

„პრაიმტაიმი“ ნათია ჩიკვაიძეს დაუკავშირდა.

 

„ჩემი ბიჭუნა ერთ თვეში 3 წლის ხდება. მყავს მეუღლე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამის გამო, მუშაობას ვერ ახერხებს..

 

მყავს მშობლები, რომლებსაც ჩემს გარდა, კიდევ 10 შვილი ჰყავთ. როცა მამა მუშაობდა მეხმარებოდა, მაგრამ ახლა, ისიც უმუშევარია და ძლივს ახერხებს ჩემი დედმამიშვილების გამოკვებას.

 

მამათილი გარდაცვლილი მყავს, დედამთილი ასაკშია და მასაც თავისი გასაჭირი აქვს. ჩემი მეუღლე დედისერთაა.

 

როცა დავოჯახდით, მეუღლემ მამაჩემთან, ავეჯის საამქროში დაიწყო  მუშაობა. რამდენიმე თვეში ხერხემლის ტკივილი დაეწყო და როცა ექიმთან მივედით, მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.

 

გვითხრეს, რომ პირველი და ბოლო მალა აქვს დაზიანებული არასწორი ვარჯიშის გამო. სიარულით დადის, მაგრამ საშინელი ტკივილები ტანჯავს.

 

ექიმმა აუკრძალა სიმძიმეების აწევა. ამის გამო ვერ მუშაობს. მას უმაღლესი განათლება არ აქვს, შესაბამისად ვერ ნახულობს ისეთ სამსახურს, სადაც ფიზიკური შრომა არ არის საჭირო…

 

იმის გამო, რომ მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, სამწუხაროდ მეც არ მომეცა იმის საშუალება, რომ საშუალო განათლება მაინც მიმეღო.

 

ცხრა კლასიც ვერ დავამთავრე. ბავშვის დამტოვებელი არ მყავს, მეც ვერ ვმუშაობ. კრიზისული პერიოდი მეუღლის ავადმყოფობასთან ერთად დაგვეწყო.

 

ორი შვილი დავმარხე.. ორი გასაზრდელი მყავს - მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს
2020-06-04ორი შვილი დავმარხე.. ორი გასაზრდელი მყავს - მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

 

გამოსავალი, რომ ვერსად ვნახე, სოციალურ ქსელში დავწერე ჩემი გასაჭირის შესახებ და დახმარება ვითხოვე. სულ იმას ვამბობ, რომ ჩემი შვილი მე კი არა, უცნობმა ადამიანებმა გაზარდეს-მეთქი.

 

რომ არა კეთილი ხალხი, ჩემი შვილი, რომელსაც ორ დღეში ერთხელ 25 ლარიანი ხელოვნური საკვები სჭირდებოდა, ალბათ ცოცხალი არ იქნებოდა.

 

მეზობლების და კეთილი ადამიანების დახმარებით მოვედი აქამდე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მათგანს. “ – ამბობს ნათია.

 

საბა ერთ თვეში სამი წლის გახდება. ზღაპრის გმირები მის დაბადების დღეზე არ იქნებიან. ნათია ამბობს, რომ მისი შვილი ტორტზეც ვერ ჩააქროს სანთლებს.

 

„საბას გასულ წელს კეთილმა ადამიანებმა პატარა ტორტი მოართვეს და სანთლები ჩააქრო. ბედნიერი იყო ძალიან. საშუალება არ მაქვს და შესაბამისად, წელს ვერ აღვნიშნავთ მის იუბილეს…

 

არ ვიცი რა იქნება მომავლში, როცა საბა საბავშვო ბაღში მივა, შევეცდები სამუშაო მოვძებნო. ღმერთის წყალობით, მეუღლეს თუ გავუკეთეთ ოპერაცია, ყოველდღიურად საშინელი ტკივილი აღარ დატანჯავს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ იქნება.

 

სამწუხაროდ გარანტიას ექიმები ვერ გვაძლევენ, რომ ოპერაციის შემდეგ მუშაობას შეძლებს, მაგრამ ტკივილი მაინც აღარ შეაწუხებს.

 

ვერ ვსარგებლობთ უფასო სასადილოს სერვისით. გვითხრეს, განცხადება დაწერეთ და რიგი როცა მოგიწევთ მაშინ ისარგებლებთო.

 

საკმაოდ ბევრი ადამიანი ყოფილა მოლოდინის რეჟიმში და ვის როდის მოუწევს სარგებლობა არავინ იცის. დაწერილი მაქვს განცხადება და ამ დრომდე ველოდები.

 

პანდემიის გამო, სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების გადახდა არ გვიწევდა, თუმცა ახლა ესეც დაგვაწვება მხრებზე. ბევრჯერ ყოფილა როცა ზამთარში გაზი და ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო ჩაუჭრიათ.

 

2020-06-12"მხოლოდ ჩემს ძმაზე მეფიქრება... ძნელია სისხლ-ხორცის დაკარგვა" - ეთერ თათარაიძის ტრაგედია

 

ერთხელ 15 ლარის გამო გაგვითიშეს დენი და რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვი სიბნელეში მყავდა.

 

ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი სოციალური დახმარება 170 ლარია. აქამდე, რომ იტყვიან კეთილი ადამიანების დახმარებით მოვედით.

 

ახლა, სამი დღის სამყოფი საკვები გვაქვს, მერე ალბათ, ბავშვი ისევ მშიერი მეყოლება. კეთილ ადამიანებს მივმართავ, ისევ მათი დახმარების იმედი მაქვს.“- ამბობს ნათია.

 

ნათია ებრძვის სიდუხჭირეს, მეუღლის ავადმყოფობას და მაინც არ ნებდება. სჯერა და იმედი აქვს, რომ დღევანდელ რეალობას კეთილი ადამიანების დახმარებით შეცვლის.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X