21:14 | 2020-06-06 ავტორი: მარი ჯაფარიძე

3 წლის იყო ჩემი შვილი, როცა გავიგე, რომ ცოცხალი ყოფილა და არ მომკვდარა – მრავალცოლიანი მსახიობის გულახდილი ინტერვიუ

3 წლის იყო ჩემი შვილი, როცა გავიგე, რომ ცოცხალი ყოფილა და არ მომკვდარა – მრავალცოლიანი მსახიობის გულახდილი ინტერვიუ

 

დაიბადა ლესიჭინში და შემდეგ მშობლებთან ერთად გადავიდა ოზურგეთში, შემდეგ – თბილისში. იყო მოცეკვავე და არის მრავალცოლიანი. არის ტანდაბალი, ჭაღარა და ძალიან მხიარული. ოლეგ თავაძე, იგივე კუჭკუჭი, მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრში, მსახიობად, ახლა კი საცირკო-საესტრადო ჯგუფის ხელმძღვანელია და საქართველოს რეგიონებში კონცერტებს ატარებს.

 

მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საკუთარი ცოლებისა და კურიოზების შესახებ გულახდილად ისაუბრა.

 

– ხომ ხედავთ, ასეთი პატარა ვარ, ძმა მყავს მაღალი და ტანადი. მამაჩემს რომ ვეკითხებოდი, მე რატომ გამოვედი ასეთი პატარა-მეთქი, შენზე ვივარჯიშე და იმიტომო.

 

დედაჩემს უნდოდა, რომ ექიმი გამოვსულიყავი. მამას – პროკურორი. ერთხელაც ცეკვიდან გასტროლებზე ვიყავი მოსკოვში და იქ გავიგე, რომ ვახტანგოვის სტუდიას ჰქონდა მიღება. ჩავაბარე გამოცდები და მოვხვდი.

 

შემოვუთვალე მშობლებს, არ ატეხოთ ამბავი, მსახიობი გამოვალ და პროკურორის როლში როცა ვიქნები, მამას დავასწრებ სპექტაკლზე, ექიმის როლში რომ ვიქნები – დედას-მეთქი.

 

შემოვრჩი ასე მოსკოვში და კარგა ხანს ვიცხოვრე იქ. ჩემი პედაგოგი იყო გიორგი ვიცინი და მეუბნებოდა ხოლმე, მოუსვენარი ხარ, მაგრამ კარგი ხარო.

 

ვალერი ლეონტიევთან ვმეგობრობდი. 1994-94 წლის საახალწლო „გალუბოი აგანიოკში“ ვმონაწილეობდი კიდეც. მერე ღამის კლუბებში გამოვდიოდი, ხანჯლებს ვყლაპავდი, ცეცხლს ვიკიდებდი. ახლა უკვე ცხელ ტყვიას ვისხამ პირში და გამყარებულს ვაფურთხებ.

 

На изображении может находиться: 1 человек, улыбается

 

შემდეგ დავბრუნდი თბილისში და დავიწყე მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში. დიდი მსახიობების გვერდით რომ ვთამაშობდი, ძალიან მეამაყებოდა, თუმცა იქ დაბალი ხელფასი მქონდა, მე კი მიჩვეული ვიყავი ფულის კეთებას და ვერ გავჩერდი იქ, თან გრაფიკში მიწევდა ყოფნა და გადავედი ფილარმონიაში.

 

13 წელი იქ ვიმუშავე და მოვიარე მსოფლიო. შემდეგ ფილარმონია გაიყიდა და დავრჩი ისევ უმუშევარი. ვმონაწილეობდი კონკურსებში, მესამე ადგილი ავიღე იოგთა შორის. პირველ ადგილზე გასული მედიტაციის საშუალებით დედამიწის მიზიდულობის ძალას დაძლევს და ჰაერში იწევა, მე კი ცხელ ტყვიას ვისხამ პირში.

 

– თქვენთვის ცხელი კარტოფილის მირთმევა პრობლემა არ უნდა იყოს.

 

– მდუღარეც შემიძლია შევჭამო და რაღა კარტოფილზე მკითხეთ, ხინკალსაც ცხელ-ცხელსა და ქაფქაფას მივირთმევ.

 

– ცოლებზე მოგვიყევით. პირველით დავიწყოთ.

 

– პირველი ცოლი მოვიყვანე 17 წლისამ. ქალი მინდოდა მე უბედურს და არ ვიცოდი, ავდექი და დავქორწინდი. 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა გავცილდით. შემდგომ რა თქმა უნდა, მოვიკითხე ბავშვი და მითხრეს, რომ დაბადებისთანავე გარდაიცვალა. 3 წლის იყო ჩემი ბიჭი, როცა შემთხვევით გადავაწყდი მეგობრის ოჯახში და მაშინ გავიგე, რომ ჩემი შვილი ყოფილა.

 

– მეორე ცოლი…

 

– პირველ ცოლს რომ გავცილდი, წავედი მოსკოვში. იქიდან ჩამოვედი ნათესავის დაბადების დღეზე და იქ გამაცნეს ერთი გოგო. თურმე მანამდეც რამდენჯერმე ვყოფილვართ შეხვედრილი და ქეთინო ამბობს – მერამდენედ უნდა გამაცნოთ ეს ბიჭიო და მაშინ გავიფიქრე, შენ გაჩვენებ სეირს-მეთქი და კი გავიცანი და ცოლადაც მოვიყვანე.

 

მასთან ორი შვილი მყავს და ქეთინო და შვილებიც ახლა პოლონეთში ცხოვრობენ.

 

– მესამე…

 

– როდესაც მე და ქეთინო ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი ვიყავით, ბათუმში გავიცანი ძალიან კარგი გოგო, ლუიზა შანიძე. არ მითქვამს, რომ ცოლიანი ვიყავი, შევაყვარე თავი და კარგა ხანს ვმეგობრობდით.

 

ერთ შაბათ-კვირას ოჯახში ვარ, მერე გასტროლებზე და მეორე შაბათ-კვირას ლუიზასთან. ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ ორსულად იყო და დრო იყო, რაღაც გადაწყვეტილება მიმეღო. აბორტი გამორიცხული იყო, ამის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი და იმის გამო, რომ ბავშვს მამა ჰყოლოდა და ქალს სახელი არ შებღალვოდა, უნდა დავქორწინებულიყავით. თანაც ისე, რომ ქეთინოსთან არ განვქორწინებულიყავი.

 

გახსოვთ, რომ ადრე ქორწინების შესახებ შტამპს არტყამდნენ პასპორტში. ჩემი ძმა მაშინ იყო ჯარში.

 

დავშალე ჩემი და მისი პასპორტები, ჩემი პასპორტიდან ამოვიღე შტამპიანი ფურცლები და ჩავაკარი ჩემი ძმის პასპორტიდან სუფთა ფურცლები. ასე წავედით მმაჩის ბიუროში და მოვაწერეთ ხელი.

 

დაგვაქორწინეს და ვემზადები ქორწილისთვის. ხუთშაბათ დღეს ქეთინო და ჩემი შვილები წავიყვანე სოხუმში, თავის მშობლებთან, პარასკევს წამოვედი და შაბათს 150-კაციანი ქორწილი გადავიხადე ბათუმში.

 

На изображении может находиться: 4 человека, в том числе Olegi Tavadze

 

უამრავი მსახიობი და მეგობარი დავპატიჟე. ლუიზას მშობლები მეკითხებოდნენ, შენი მშობლები რატომ არ ჩამოვიდნენო. მე ვუთხარი, რომ დედას სხვა ქალი ჰყავდა ჩემთვის შერჩეული და რადგან არ დავემორჩილე, გაიბუტა და ქორწილში არ ჩამოვიდა მეთქი.

 

მოკლედ, გადავიხადე დიდი ქორწილი და დავიწყე ცხოვრება ორ ოჯახს შორის. სადაც ვიყავი, პასპორტში იმის შესაფერის გვერდებს ვაკრავდი ხოლმე და ასე ვწვალობდი.

 

ერთ დღეს მე, ლუიზა და მასთან შეძენილი უფროსი შვილი, რომელიც ფეხმძიმე გახლდათ, მანქანით მოვდიოდით. რაღაც მომენტში მოსახვევში მანქანა შემოვარდა, იმას ავერიდე და გზის ნაპირზე გადავედი, მანქანა ხევში გადაიჩეხა და 22 მეტრი სიმაღლიდან გადავეშვით.

 

გონზე კივილმა მომიყვანა. მანქანა ცხვირით ჩარჭობილი იყო ღელეში, წინა საბურავების ქვეშ იყო მოყოლილი ლუიზა. ფეხმძიმე გოგო გადმოვიყვანე მანქანიდან და დავსვი მოშორებით. რა ძალა მომეცა არ ვიცი და მანქანა ავწიე და გვერდზე გადავწიე, რომ ლუიზა გამეთავისუფლებინა. სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინე, ჩემს ხელებში დალია სული.

 

– მეოთხე…

 

– მეორე და მესამე ცოლთან ერთად მყავდა საყვარელიც, რომელიც იგივე ცოლია ჩემი. მოცეკვავე გოგო იყო და ჩემს შოუში გამოდიოდა. მთელი კვირა ამასტან ვიყავი, შაბათ-კვირას ხან ერთ და ხან მეორე ცოლთან. ასეთ ყოფაში ვარ და ხაშურში მაქვს კონცერტი.

 

სასტუმროში მყავს ლუიზა, შვილთან ერთად და რაღა თქმა უნდა, საყვარელიც იქაა. ჩვენს ნათესავს ჰქონია ქორწილი და ქეთინო ბავშვით ჩამოვიდა ჩემთან, რომ ქორწილში ერთად წავსულიყავით და ესენიც ამ სასტუმროში დაბინავდნენ. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარ. ქალის დანახვა აღარ მინდოდა, ისე მომაქციეს, მაგრამ რას ვიზამდი? დავრბოდი სამ ქალს შორის.

 

ერთ დღესაც მე ქეთინოსთან მძინავს და ამ დროს მესმის, ჩხუბობენ ლუიზა და გულო (საყვარელი) და ვერ რიგდებიან. მოგვადგნენ ჩვენ და ქეთინომ კარი რომ გაუღო, ყველაფერს მოუყვნენ. ამან უთხრა, მე არაფერ შუაში ვარ, აგერაა ოლეგი და ამას დაელაპარაკეთო.

 

მე წამოვჯექი და ვუთხარი, ასე უცებ სალაპარაკო არაა ეს და მერე ვილაპარაკოთ მეთქი და დავიძინე. მერე მესმოდა, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, – კბილები მაგას არა აქვს (ავარიაში მოვყევი და კბილები დავკარგე), თითები ამას არა აქვსო (მარჯვენა ხელზე ორ თითზე ფალანგები მაქვს წაცლილი), სინდისი ამას არა აქვს და ვის გამო ვჭამთ ერთმანეთსო.

 

თუმცა, მერე სამივე ცალცალკე დავარწმუნე, რომ ყველაზე ძალიან ის მიყვარდა და შემოვირიგე.

 

რამდენიმე წლის მერე გულომაც გადაწყვიტა, რომ შვილი უნდა გაეჩინა და შეასრულა კიდეც და 1989 წლის 9 აპრილს შემეძინა ბიჭი.

 

– მეხუთე…

– ვალერი ლეონტიევთან მუშაობდა ერთი ქალბატონი, რომელმაც ასევე მოისურვა ჩემგან შვილის გაჩენა. ჯერ უარზე ვიყავი, მაგრამ არ მომეშვა და დაფეხმძიმდა. მასთანაც ერთი შვილი მყავს, ოლეგ ოლეგიჩი.

 

– მეექვსე…

– რაც შეეხება მეექვსე ცოლს, ის გახლავთ ეროვნებით სომეხი. ახალციხეში ვიყავი კონცერტებით და კულტურის სახლში რომ შევედი, დამხვდა ახალგაზრდა გოგო, რომელსაც გამოველაპარაკე. თვალში მომივიდა და შევთავაზე, კონცერტებზე გამოსულიყო ჩემთან, თარჯიმნად, რომ სომხურად ეთარგმნა. ჩემს ძმას უნდა დაელაპარაკოო. რაღა დროს 46 წლის ქალის ძმასთან დალაპარაკება იყო, მაგრამ მივედი მის ძმასთან და ავიღე ნებართვა, რომ თარჯიმნობა გაეწია.

 

სამი თვე კი მომიწია იქ ყოფნა და ჩამივარდა გულში ეს გოგო და ვუთხარი, გამომყევი ცოლად-მეთქი. მამაჩემს უნდა დაელაპარაკოო. ყველა ტრადიცია გამატარა მოკლედ. ახლა ამაზე გადავირიე, მაგრამ სხვა გზა არ იყო. მივედი მამამისთან და ვუთხარი, – ეს ქალი მომწონს და გამატანე-მეთქი. – ეს ქალი არ არის, ეს გოგოა, წაიყვანე და თუ ქალი აღმოჩნდება, უკან მომიყვანეო. ასე წამოვიყვანე და კი ვცხოვრობთ ერთად უკვე 9 წელია.

 

– ცოლის მოყვანას კიდევ აპირებთ?

 

– რაღა დროს 62 წლის კაცის კიდევ ცოლის გამოცვლაა, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს. მეექვსე ცოლს გაფრთხილებული ვყავარ, რომ თუ ვუღალატებ, მომკლავს და ამიტომ ჯერჯერობით კი ვარ ჭკვიანად. ამ მეუღლესთან შვილი არ მყავს, სამწუხაროდ, ისე კი დანარჩენ ხუთ ცოლთან 6 შვილი მყავს და ბედნიერი კაცი ვარ.

 

На изображении может находиться: 2 человека, в том числе Olegi Tavadze, люди улыбаются, люди стоят и на улице

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X