11:25 | 2020-02-10 ავტორი: Prime Time

3 წლის ბიჭს, რომელიც მთლიანი პურის ჭამას ნატრობდა, სახლს აუშენებენ

3 წლის ბიჭს, რომელიც მთლიანი პურის ჭამას ნატრობდა, სახლს აუშენებენ

ბიჭს, რომელსაც წვიმის დროს კარადაში ეძინა, სახლს აუშენებენ – ამის შესახებ „სიკეთის ქალაქი“ სოციალურ ქსელში წერს და განცხადებას ავრცელებს.

 

„ძალიან სასიხარულო და მაგარი ამბები გვაქვს ამ ბავშვებთან დაკავშირებით. თქვენ ყველამ ნახეთ პატარა ლევანიკოს ისტორია. ბიჭი, რომელიც ნატრობს, რომ ერთი პური მხოლოდ მან შეჭამოს და რომელსაც წვიმა არ უყვარს, რადგან წვიმის დროს კარადაში სძინავს, ის ყვარლის რაიონში სოფელ თხილისწყაროში ცხოვრობს. მამინაცვლის ძალადობას გამოქცეული თათიას ოჯახმა კი პანკისის ერთ სოფელში, მიტოვებულ სახლს შეაფარა თავი.

 

გუშინ კოკა-კოლას პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ დაგვირეკა და ბავშვების მდგომარეობით დაინტერესდა. Coca-Cola Bottlers Georgia ვუთხარით, რომ ხალხისაგან შეგროვებული თანხით, ამ ოჯახებისთვის საკვების მარაგის პრობლემა უკვე მოხსნილია, თუმცა არ მოხერხდა სახლის პრობლემის მოგვარება.

 

ლევანიკოს სახლი შეკეთებას არ ექვემდებარება, ხოლო თათიას ოჯახის მიერ ამავე სოფელში მოძებნილ ნაგეგობაზე ყვარლის მერიამ შესახლებაზე კი განაცხადა თანხმობა, მაგრამ ის შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, რადგანაც მხოლოდ კედლები და სახურავია და მას რემონტი სჭირდება, რომ ბავშვებმა ადამიანურად იცხოვრონ.

 

ბატონმა თემურმა გვითხრა, რომ ლევანიკოს ოჯახს სახლს აუშენებს, თათიას და საბას იმ შენობას გაურემონტებს, რომ ბავშვებმა მშვიდად და მოწესრიგებულად გააგრძელონ ცხოვრება.

 

„სიკეთეს არ სჭირდება აფიშირება და არც საქვეყნოდ მადლობა არ არის საჭირო“, – მთხოვა ბატონმა თემურმა, თუმცა მე არ დავეთანხმე და დღეს, საჯაროდ ვწერ ამ ამბავს“, – წერია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, 2017 წელს შექმნილი „სიკეთის ქალაქი“ არის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვებს და მოხუცებს ეხმარება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები