
21:00 საათიდან გადავდივართ ე.წ. კომენდანტის საათზე, მოვუწოდებ მოქალაქეებს, აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„საღამოს 21:00-საათიდან გადავდივართ სხვა რეჟიმზე, ე.წ კომენდანტის საათზე.
მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ დღეიდან აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რადგან აღსრულების პროცესს სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შსს-ს და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლები საკონტროლო პუნქტებზე აკონტროლებენ ქალაქებს და ამ ნაწილშიც, ისევე როგორც გადაადგილებისას, კონტროლის გაადვილებისა და აღსრულების პროცესის გაადვილების მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების, ისე თვითონ პოლიციის თანამშრომლებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ქონა, ამიტომ ეს არის აუცილებელი მოთხოვნა“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, სიტუაციის გამწვავების პარალელურად მთავრობა პერიოდულად ამკაცრებდა ზომებს და დადგა ეტაპი, როდესაც აუცილებელი გახდა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.