18:31 | 2020-05-26 ავტორი: თამარ გონგაძე

“26 მაისის აღნიშვნა შევარდნაძეს იმისთვის უნდოდა, რომ ზვიადის როლი დაეკნინებინა” – გურამ პეტრიაშვილი

“26 მაისის აღნიშვნა შევარდნაძეს იმისთვის უნდოდა, რომ ზვიადის როლი დაეკნინებინა” – გურამ პეტრიაშვილი

მწერალი, მსახიობი და პოლიტიკოსი, გურამ პეტრიაშვილი დამოუკიდებლობას 26 მაისს არ ზეიმობს და ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მისთვის, 9 აპრილია.

 

გურამ პეტრიაშვილი: – თუ დამოუკიდებლები ვიყავით, რაღას ვწვალობდით და ვმიტინგობდით 1989 წელს?

ნამდვილი დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილსაა, იმ დღეს, რომ დაგვარბიეს და დაგვჩეხეს… ორი თვის მერე ზვიადმა 9 აპრილი აღიარა დამოუკიდებლობის დღედ. ჩატარდა რეფერენდუმი, კენჭისყრა – ხართ თუ არა მომხრე, 26 მაისის საფუძველზე 9 აპრილი გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობის დღედო?

 

2020-05-26"ილიას და ექვთიმეს ვერა, სამაგიეროდ, მერაბ კოსტავას მოვესწარი" - როგორია ცნობილი ქართველების 26 მაისი

 

რესპუბლიკებმა – უკრაინამ, ბალტიისპირეთმა ხელახლა მიიღეს დამოუკიდებლობის აქტები და ახალი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.

 

26 მაისის აღნიშვნა ედუარდ შევარდნაძეს იმისთვის უნდოდა, რომ ზვიადის როლი დაეკნინებინა და არ ეთქვა, რომ გამსახურდიამ დააწესა დამოუკიდებლობის დღეო.

 

დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, ეს უკვე დიდი რამაა. მე ერთ ისტორიას მოგიყვებით.

 

დიდი ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, დედას, ოლია დეიდას 5-6 წლის შავტუხა ბიჭი მოჰყვება. საპირისპირო მხრიდან დიდი ქართველი ფილოსოფოსი შალვა ნუცუბიძე მოდიოდა და პატარა ბიჭისთვის გულგრილად ვერ ჩაუვლია.

 

გაჩერებულა და მერაბის დედისთვის უკითხავს – ქალბატონო, ვინ არის ეს შავლეგოო? გავა დრო და ამ შავტუხა ბიჭს ქართველი ხალხი შავლეგოს დაარქმევს.
ის ნამდვილი შავლეგო იყო.

 

ზვიადი და მერაბი ძალიან დიდი პიროვნებები იყვნენ. ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება, როგორიც მათ მოახდინეს ჩემზე, სხვამ ვერავინ მოახდინა.

 

ეს ორი კაცი საქართველოს მატეანედან გადმოსული რაინდები არიან.

 

2020-05-26"მახსოვს, რა ცინიკურად იყვნენ მათ მიმართ განწყობილნი..." - რასთან ასოცირდება მურმან ჯინორიასთვის 26 მაისი

 

მერაბი და ზვიადი რომ საქართველოში დაიბადნენ, ამით დამტკიცდა, რომ ჩვენ ისევ ცოვხლები ვართ. ვერავინ წაგვშლის.

 

ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალი მერაბ კოსტავა მინახავს და ხელი ჩამოურთმევია. ჩემდამი პატივისცემა არაერთხელ გამოუხატავს.

 

საუკუნეები სჭირდება ასეთი ხალხის დაბადებას. ბევრ ერს არ ჰყოლია თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ასეთი გმირები…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

X