fbpx
19:31 | 2020-12-30 ავტორი: Prime Time

2020 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები – ყველაფერი მოკლედ და დეტალურად

2020 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები – ყველაფერი მოკლედ და დეტალურად

2020 წლის ქართული პოლიტიკური კალენდარი, საკმაოდ ხანგრძლივი და დატვირთული გამოდგა. მსოფლიოში, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, უეცრად მოსულმა კოვიდპანდემიამ, პრაქტიკულად ყველაფერი შეცვალა და არივ-დარია.

 

საქართველოში მიმდინარე წელი ორი ძირითადი მახასიათებლით გამოირჩა – პანდემია და არჩევნები. თუ პანდემია უეცრად დაატყდა თავს მსოფლიოს და ყველაფერი თავდაყირა დააყენა, საპარლამენტო არჩევნები სტაბილური და ახალი პოოლიტიკური რეალობის შექმნის განცდას აჩენდა, თუმცა ყველაფერი მაინც სხვაგვარად მოხდა.

 

წარმოგიდენთ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მომხდარ მთავარ მოვლენებს:

 

ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში, მმართველმა ძალამ გასცა დაპირება, რომ 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდებოდა, მაგრამ იმავე წლის 14 ნოემბერს, ეს იდეა საპარლამენტო განხილვების შემდეგ ჩავარდა. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო.

 

 

8 მარტის შეთანხმება

 

 

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პროცესში აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ელჩები ჩაერთნენ, რამაც პარტიებს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება, რომელიც საარჩევნო სისტემის მოდელს ეხებოდა, 8 მარტს შეთანხმებით დაასრულა.

 

შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატი, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილება, 1%-იანი ბარიერი და ე.წ. ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

 

საბოლოოდ, 2020 წლის 29 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც შეიძლება ჩაითვალოს წინ გადადგმულ ნაბიჯად ქართული დემოკრატიისთვის.

 

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამ ცვლილებებს დიდი ხანია ითხოვდა, დოკუმენტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა. მიზეზი გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვება იყო.

 

 

კარტოგრაფების საქმე

 

 

საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი ჯერ 1996 წელს დაიწყო. 24 წლის განმავლობაში საზღვრის მხოლოდ 66 %-ია შეთანხმებული.

 

შეუთანხმებელ მონაკვეთზეა საქართველოსთვის მნიშნელოვანი ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლი – VI საუკუნეში აგებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

 

დავით გარეჯის კომპლექსთან ვითარება არაერთხელ გამწვავებულა. ბოლოს, 2019 წლის გაზაფხულზე, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილება შეზღუდეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა შეჩერებული იყო, პროცესი 2019 წლის მაისიდან განახლდა.

 

2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას გამოძიების დაწყების შესახებ ამცნო. საუბარია წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტერიტორიების დათმობის მცდელობაზე. პროკურატურის ინფორმაციით, აღმოჩენილია 1938 წლის რუკა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს მომუშავე სამთავრობო კომისიამ მოლაპარაკებების დროს შეგნებულად არ გამოიყენა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

 

7 ოქტომბერს, საქმეზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ოპოზიცია კი მათ პოლიტკურ პატიმრებას მიიჩნევს, რამეთუ გარეჯის საქმის წამოწევა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

 

 

31 ოქტომბერი – არჩევნები

 

 

ცესკოს მონაცემებით ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 1 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო. მე-10 მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო მანდატი 9 საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა.

 

პროპორციულ ნაწილში “ქართულმა ოცნებამ” ხმების 48.22% მიიღო, რაც 928 780 ხმას უტოლდება; მაჟორიტარულ ნაწილში კი მმართველმა გუნდმა 30-ვე სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ პირველი ტური ტოტალურად გაყალბდა.

 

საბოლოოდ, ახალ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 90 მანდატი ერგო, ოპოზიციას კი 60.

 

11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტი ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე შეიკრიბა.

 

ოპოზიციური სპექტრი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს და გაზაფხულზე მასშტაბურ საპროტესტო ტალღას აანონსებს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს და ირწმუნება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

 

გაყალბების მტკიცებულებების წარმოდგენას მმართველი გუნდი ოპოზიციას პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სთავაზობს, თუმცა ოპოზიცია ამ შეთავაზებაზეც უარს ამბობს, ისევე როგორც ხმების ხელახლა გადათვლაზე.

 

ნოემბრის ბოლოს აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამდგომლობით, ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

 

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებები ქვეყანაში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად იმართება. ოთხი რაუნდის შემდეგ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მე-5 რაუნდის მოლოდინში არიან.

 

ოპოზიციის მტკიცების მიუხედავად, ეუთოს, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკუთარ ანგარიშებზე წერენ, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა და დარღვევების მიუხედავად, ამომრჩევლებს ჰქონდა საშუალება საკუთარი ნება საარჩევნო ყუთებთან დაეფიქსირებინათ.

 

სწორედ აქედან გამომდინარე, ევროკავშირი, ევროპარლამენტარები, მეგობარი ქვეყნის დიპლომატები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ და პოლიტკური დისკუსიის ცივილიზებულ ჩარჩოში გადატანისკენ მოუწოდებენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

 

 

პომპეოს მარათონი

 

 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს დედაქალაქს 17-18 ნოემბერს სტუმრობდა. ის, საქართველოს გარდა ოფიციალური ვიზიტებით საფრანგეთს, თურქეთს, ისრაელს, ყატარს, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია.

 

პომპეო შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პატრიარქ ილია მეორეს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

 

შეხვედრების ფონზე ოპოზიციამ მდუმარე აქცია გამართა. სახელმწიფო მდივანი ოპოზიციის წარმომადგენლებს არ შეხვედრია. მან თავის თანაშემწეს, ფილიპ რიკერს სთხოვა დარჩენილიყო და გაემართა შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან.

 

პომპეოს ვიზიტი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და რეგიონში აქტიურად მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს (ყარაბაღის მეორე ომი და მისი შედეგები) დაემთხვა.

 

 

გირჩი „გაიშალა“

 

 

„ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას“ – რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ. ჯაფარიძის თქმით, მის გადაწყვეტილებას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ საჯაროდ საუბარს არ აპირებს.

 

26 დეკემბერს ახალი პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” დაფუძნდა. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე იქნება. მისი თქმით ახალი “გირჩის” საარჩევნო კამპანიაც და ბრძოლის გზებიც განსხვავებული იქნება. მას სურს, რომ ახალი პარტია უფრო ღია პლატფორმა იყოს ახალგაზრდებისთვის. პოლიტიკურ საქმიანობას „გირჩის“ სახელის ქვეშ დამოუკიდებლად აგრძელებენ იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სანდრო რახვიაშვილი.

 

 

გრიგოლი წავიდა, ნიკა მოვიდა

 

 

15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პარტიიდან წასვლის რამდენიმე მიზეზი დაასახელა – ოდიოზური ფიგურები პარტიის გარშემო და შიგნით, თავდასხმები დიპლომატიურ მისიებზე და ხელმძღვანელობის მიერ გუნდთან შეუთანხმებელი ტაქტიკა.

 

საინტერესოა, რომ ცოტა ადრე, 10 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკურ პარტიებს, ქუჩის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებისკენ მოუწოდებდა.

 

გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გახლდათ, შესაბამისად პოსტი ვაკანტური აღმოჩნდა. ახალი თავმჯდომარის არჩევა ელექტრონული კენჭისყრის ფორმით მოხდა და მასში ორი კანდიდატი მონაწილეობდა – ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე. 20 779 ადამიანის ხმა ასე გადანაწილდა: 64.9 % ნიკა მელია, 35.1 % ლევან ვარშალომიძე.

 

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ყრილობაზე, ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს.

 

დაანონსდა, რომ პარტია ტრანსფორმაციის გზას დაადგა. ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ გამორიცხა შს ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობა, რომელსაც გრიგოლ ვაშაძის ზემოხსენებულ განცხადებაში ერთ-ერთ ოდიოზურ ფიგურად მოიაზრებდნენ.

 

 

(არა)პარალელური დათვლა

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ 25 დეკემბერს თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ორგანიზაციის გამგეობამ საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე პასუხისმგებლობა მას დააკისრა.

 

საკითხის შეისწავლის შემდეგ, „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობამ განაცხადა, რომ ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი „ადამიანური შეცდომაა“, ხოლო ამ შეცდომის შესახებ საზოგადოების დაგვიანებით ინფორმირებაზე პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება.

 

გამგეობის წარმომადგენლებმა 25 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტეს, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გამგეობის წევრებს, „სამართლიანი არჩევნების“ გუნდსა და თავად დირექტორს შორის მიღწეული კონსენსუსის საფუძველზე გადადგა. თავად ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვება გამგეობის შეფასების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა. მანვე გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზაციისთვის რეპუტაციის შენარჩუნებაც დაასახელა.

 

შეგახსენებთ, რომ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ პარალელური დათვლის შედეგები თითქმის იდენტური აღმოჩნდა იმ მონაცემებთან, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

 

P.S.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2020 წლის პოლიტიკურმა კრიზისმა სტარტი ჯერ კიდევ 2019 წელს აიღო. თუ მოვლენებს კიდევ უფრო მასშტაბურად შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ დღევანდელი მოცემულობა, აქამდე მიმდინარე პროცესების ლოგიკური კონსეკვენციაა.

 

2021 წელში ვაბიჯებთ არასტაბილური პოლიტიკური ამინდით, შუამავალი ელჩების იმედით, ორ ბანაკად გაყოფილი პოლიტიკური სპექტრით და რაც ყველაზე ცუდია, საზოგადოების მხირდან არჩევნების მიმართ კიდევ უფრო ნაკლები ნდობით.

 

პარტიულ ინტერესზე მაღლა, ქვეყნის ინტერესის დაყენება – უტოპიაა?!

 

 

ავტორი: გიორგი ლორია

 

ავტორი: Prime Time


X