fbpx
23:51 | 2020-12-30 ავტორი: Prime Time

7 ამბავი, რომელმაც 2020 წელს გულგრილი არავინ დატოვა

7 ამბავი, რომელმაც 2020 წელს გულგრილი არავინ დატოვა

2020 წელი კორონავირუსის პანდემიის გარდა, სხვა მხრივაც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. წლის განმავლობაში მოხდა არაერთი კრიმინალური შემთხვევა, თუ ტრაგედია, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც მთელი ქვეყანა შეძრა. „პრაიმტაიმი“ შეგახსენებთ 2020 წლის ყველაზე გახმაურებულ საქმეებს.

 

 

1 – გიორგი შაქარაშვილის საქმე

 

 

18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში მდებარე ნაქირავებ აგარაკზე 18 წლის ანი გაბეჩავა ე.წ. ოქროს დაბადების დღეს აღნიშნავდა. მან წვეულებაზე მეგობრები მიიპატიჟა, მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც – 19 წლის პერსპექტიული ფეხბურთელი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აგარაკზე სხვა, დაუპატიჟებელი სტუმრებიც აღმოჩნდნენ.

 

მალე სტუმრებს შორის კონფლიქტი დაიწყო. დაპირისპირებაში ჩართული ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა თბილისიდან დახმარებისთვის მეგობრებს მოუხმო, რომლებიც მცხეთაში ორი ავტომობილით – „მერსედესით“ და „ტოიოტა ქამრით“ ჩავიდნენ.

 

მანამდე გიორგი შაქარაშვილი და კიდევ ხუთი ახალგაზრდა (გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე, იაკობ ბრეგვაძე და კონსტანტინე (კოკო) ღიბრაძე) თბილისში დაბრუნების მიზნით მცხეთის ცენტრალურ მაგისტრალზე გავიდნენ – იმედი ჰქონდათ, რომ ტაქსს, ან გამვლელ მანქანას გააჩერებდნენ.

 

ამავე თემაზე: გასაჯაროვდა ვიდეო ჩანაწერი – აი, რას მოჰყვა დაპირისპირება ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე

 

თბილისიდან გამოძახებული ახალგაზრდები (მათ შორის მორაგბეები) მცხეთის მაგისტრალზე, გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს წამოეწივნენ, რამდენიმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა კი თავს გაქცევით უშველა. სწორედ აქ, მცხეთის ხიდთან იკარგება გიორგი შაქარაშვილის კვალი. მას ოჯახი და პოლიცია ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა, 22 ივნისს კი 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მას ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა.

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ბრალი საერთო ჯამში 17 პირს, მათ შორის ექვს არასრულწლოვანს წარუდგინა – თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით.

 

ბრალდებულთაგან ხუთი მხილებულია დამამძიმებელ გარემოებებში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში.

 

 

2 – თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

 

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ფონიჭალაში მდებარე სახლიდან 18 ივლისს, საკუთარი ავტომობილით გავიდა და გაუჩინარდა. მისი ცხედარი 22 ივლისს, შინიდან საკმაოდ შორს, მაწევანის ტყეში იპოვეს. ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე ნახეს. პოლიციას ავტომობილის ყველა კარი ჩაკეტილი დახვდა, გასაღები კი შიგნითვე იპოვეს.

 

პროკურატურამ, თითქმის ხუთთვიანი გამოძიების შემდეგ, 2020 წლის 17 დეკემბერს საქმე დახურულად გამოაცხადა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ 23 წლის პროგრამისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

პროკურატურის განცხადება და სუიციდის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე – ბაჩალიაშვილის საქმე დაიხურა!

 

ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას უნდობლობას უცხადებს და გავრცელებული მტკიცებულებების მიუხედავად, ირწმუნება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს.

 

მთელი ამ ხნის განმავლობაში გარდაცვლილის ოჯახის, მათი ადვოკატის და მედიის ერთი ნაწილის მხრიდან დასახელდა მკვლელობის რამდენიმე მოტივი, თუმცა რომელიმე მათგანის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერაც არავის წარმოუდგენია.

 

ყალბი აღმოჩნდა ე.წ. სატელიტის ფოტოებიც, რომლითაც ბაჩალიაშვილის ადვოკატს სურდა დაემტკიცებინა, რომ 18-დან 22 ივლისამდე პერიოდში ბაჩალიაშვილის ავტომობილი მაწევანის ტყეში არ იდგა და ის თითქოს მკვლელობის შემდეგ მიიტანეს ადგილზე.

 

სატელიტის ფოტოების ფალისიფიკაციის ფაქტზე პროკურატურამ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ექსპერტი დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გაყალბებული მტკიცებულებები გადასცა.

 

ასევე გაჟღერდა ვერსია, რომ თითქოს ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის პირადი ფაილები გაშიფრა, რის გამოც ის თავიდან მოიცილეს, თუმცა არც ამ მაღალჩინოსნების ვინაობა და არც საიდუმლო ფაილების შინაარსი, არავის დაუსახელებია.

 

გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მკვლელობის შესაძლო მოტივად ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტიც დაასახელა, თუმცა მოგვიანებით მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ამ ვერსიის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ გააჩნია და ის მხოლოდ მედიასაშუალებებში ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობოდა.

 

აქვე გაგაცნობთ რამდენიმე მტკიცებულებას საქმის მასალებიდან:

 

  • პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გაუჩინარების წინა დღეს, ანუ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა სხვადასხვა აფთიაქში, რისი ამსახველი ვიდეო მასალაც გამოძიებამ გაავრცელა. ირკვევა, რომ ბაჩალიაშვილმა ხსენებულ აფთიაქებში დიდი ოდენობით მედიკამენტები შეიძინა.

 

  • ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი – აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.

 

  • ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია.

 

  • გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, 13:48:27 საათზე  „გუგლის“ საძიებო სისტემის მეშვეობით ეძებდა შემდეგი სახის ინფორმაციებს: „საძილე აბები ურეცეპტოდ“, „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. ასევე, მან „გუგლის“ საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები.

 

  • იმავე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ფარმადეპოს“„იმპექსის“, „პსპ“-ს, „ჯიპისის“, „ავერსის“ აფთიაქებში, სადაც შეიძინა ზემოხსენებული მედიკამენტები.

 

  • ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება.

 

  • კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია ვებ გვერდის სათაური – What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს – რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?

 

  • ამავე წუთზე „გუგლში“ თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი – facebook cancel account after death, რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

 

  • 2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ „გუგლის“ საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide, რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის.

 

  • იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე – გვერდზე მიწერილი აქვს სათაური – Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.

 

  • გამოძიების პროცესში გაირკვა ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა პირადი ფსიქოლოგი, რომელიც სამართალდამცველებისთვის მიცემულ ჩვენებაში საინტერესო ინფორმაციას აჟღერებს:

 

„თამარს პირდაპირ თვითმკვლელობაზე არ უსაუბრია, თუმცა, ივნისის თვეში, როდესაც ჩვენ ბოლოს შევხვდით ერთმანეთს, მან ერთ-ერთ მომენტში თქვა, რომ ცხოვრება სხვანაირად წარმომედგინაო.

 

როდესაც მას შევეკითხე თუ აღნიშნულში რას გულისხმობდა, თამარმა ამაზეც ზოგადად მიპასუხა, რომ მისი თანატოლები ზოგი დაოჯახებულია და ჰყავს შვილები.

 

ზოგი უფრო აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და მისი თქმით, ვინაიდან მას არც პირადი ოჯახი ჰქონდა და არც აქტიური ცხოვრება გამოსდიოდა, აღნიშნულს ძალიან განიცდიდა“.

 

ფსიქოლოგი ასევე ამბობს, რომ ივნისში მას თამარი ძალიან ცუდ ხასიათზე მოეჩვენა და დაინტერესდა რა იყო მისი გუნება-განწყობილების მიზეზი. თამარმა უპასუხა, რომ უნივერსიტეტში ნაშრომი ვერ დაწერა ისე კარგად, როგორც მას უნდოდა და ვერ მოემზადა კარგად…

 

„მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას ჰქონდა გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, რადგან ის ისეთ საკითხებს აღიქვამდა მწვავედ, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში ის პრობლემა არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.

 

მაგალითად, ამბობდა, რომ სამსახურში, როდესაც ავეჯის ინტერიერს ცვლიან, აღნიშნული მე ძალიან მაღიზიანებსო. თვლიდა, რომ მას სხვები ჩაგრავდნენ, თავის დასაცავად კი მას არ შეეძლო, რომ ვინმეს შეწინააღმდეგებოდა და თავისი მოსაზრებები დაეცვა.

 

თვლიდა, რომ ეს ყველაფერი იყო მისი პიროვნული სისუსტის ბრალი…

 

თამარი თითქმის ყველა ვიზიტზე ახსენებდა სამსახურს და უფრო კონკრეტულად კი, ხშირად საუბრობდა ხელმძღვანელ ნიკაზე (გეჯაძე).

 

იგი წუხდა, რომ ნიკას მასთან ჰქონდა დისტანციური ურთიერთობა. მაგალითისთის იგი ასახელებდა ასეთ შემთხვევებს, რომ ყოფილა სიტუაცია, როდესაც ნიკა შესვენებისას სხვა თანამშრომლებს პატიჟებდა ყავის დასალევად, ხოლო მას არა.

 

ასევე, თამარი იხსენებდა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც მან რაღაც მიწერა ნიკას, ხოლო ნიკამ აღნიშნულზე პასუხი არ დაუბრუნა. თუმცა, სხვა თანამშრომელს, რომელმაც მიწერა ნიკას – დაუყოვნებლივ უპასუხა.

 

იგი ასევე განიცდიდა, რომ მას შეუცვალეს სამუშაო ადგილი და მაგიდა. თვლიდა, რომ იგი ასეთი შემთხვევების გამო იჩაგრებოდა და ექცეოდნენ უსამართლოდ.

 

ყველაზე ხშირად ახსენებდა ამერიკაში ვიზიტს, კერძოდ იგი თვლიდა, რომ მას აუცილებლად ეკუთვნოდა ამერიკაში კონფერენციაზე გამგზავრება, რადგანაც ჰქონდა შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, თუმცა არ გაუშვეს.

 

გარდა ამისა, ახსენებდა ვიღაც გოგოს, რომლის სახელი არ უხსენებია და ამბობდა, რომ იგი იყო ახალი მოსული და სარგებლობდა გარკვეული პრივილეგიებით“.

 

  • კომპანია „ზეგის“ თანამშრომელმა ნიკა გეჯაძემ გამოძიებას წერილი მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ანონიმური ავტორისგან მიიღო, გეჯაძე ვარაუდობს, რომ წერილი მას თამარ ბაჩალიაშვილმა მისწერა.

 

„პირველი, რაც მინდა იცოდე, ის არის, რომ არასდროს განზრახ ცუდად არ, მოვქცეულვარ. გულშიც კი არ გამივლია, შენთვის რაიმე ცუდის გაკეთება. არასდროს არც შეგნებულად და არც, შეუგნებლად.

 

პირიქით, იმას უფრო ვუშვებდი, რომ ჩემი თავისთვის დამეშავებინა რამე, ვიდრე შენთვის…

 

შენი დაცვის იმედით გათამამებული, შენი მეგობარი, როგორ მამცირებდა. არ ერიდებოდა არც მორალურ საზღვრებს და არც არფერს სხვას. იქნებ ერთადაც გადაწყვიტეთ ასე, რომ ყოველი დღე კოშმარად ქცეულიყო ჩემთვის. შურისძიება მოახერხე, კმაყოფილი ხარ თუ არა.

 

უფრო მეტად, რომ გახანგრძლივებულიყო სიამოვნება, გეტყვი, რომ არაერთხელ ვიფიქრე თვითმკვლელობაზე. შენზე ფიქრის გარეშე, არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს,“- აღნიშნულია წერილში.

 

  • თამარ ბაჩალიაშვილის უახლოესი მეგობარი დეა კაპანაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ თამარმა წარსულში თვითმკვლელობა ორჯერ სცადა.

 

„თამარმა მომიყვა იმის შესახებ, რომ სკოლის პერიოდში ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. ერთხელ მან დაიზიანა ვენები და იხსენებდა, რომ ძალიან რცხვენოდა თანაკლასელებისა და დაზიანებულ ხელებზე იფარებდა ქურთუკსა და გრძელსახელოებიან მაისურებს, რომ ვინმეს არ შეემჩნია დაზიანებები“.

 

ის ასევე იხსენებს თამარის გაუჩინარების დღეს მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის სიტყვებს.

 

„პირველ დღეს, როდესაც თამარს ვეძებდით, ჯუმბერი ამბობდა – თამარი გვეუბნებოდა – “წავალ და ვეღარ მიპოვითო”. მან ხმამაღლა დააფიქსირა ეს სიტყვები, ძალიან კარგად მახსოვს,” – ამბობს დეა კაპანაძე “რუსთავი 2-თან”.

 

  • 2012 წელს თამარ ბაჩალიაშვილი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით პირველად მოხვდა სამედიცინო დაწესებულებაში.

 

„…პაციენტმა ძალიან განიცადა, იყო გაჩუმებული, ხან გაღიზიანებული. ხშირად მოულოდნელად კრთებოდა, უკანკალებდა ხელები. ყვიროდა მომბეზრდა ყველაფერი“ – წერია 2012 წელს, ექიმ ხათუნა ჩაფიძის მიერ შედგენილ სამედიცინო ბარათში.

 

ამავე თემაზე: თამარ ბაჩალიაშვილის სულისშემძვრელი ჩანაწერები – აქ ის, ტყეში თვითმკვლელობაზე საუბრობს. 

 

 

3 – ბადრი ესებუას საქმე

 

 

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში გახსნილი ხელყუმბარა ეკავა, სატელევიზიო არხების პირდაპირ ეთერში მოხვდა, სადაც მან მძევლების მეშვეობით საკუთარი მოთხოვნები გააჟღერა.

 

ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის დასატოვებლად უსაფრთხო დერეფანს ითხოვდა.

 

რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. ამასობაში ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბადრი ესებუა გახლდათ.

 

ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. მასთან და კიდევ ორ მძეველთან ერთად ბადრი ესებუამ ბანკის ტერიტორია ფულით სავსე ჩანთით დატოვა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სამივე მძევალი გაუშვა და თანხით გაუჩინარდა.

 

მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 4 დეკემბერს ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა.

 

12 დეკემბერს, ზუგდიდში შსს-მ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავა.

 

შსს-ის ცნობით, გამოძიება ბიძინა ესებუას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.

 

უწყების განცხადებით, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას ძებნილ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიცია მას უთვალთვალებდა.

 

შსს ამბობს, რომ პოლიციამ ესებუა მაშინ დააკავა, როცა ის მიმალვას ცდილობდა.

 

„დაკავებულის კუთვნილი, ბმვ-ის მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი”.- აცხადებს შსს.

 

ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

4 – თავდასხმა სანთებელით

 

 

ბადრი ესებუას მიერ ბანკზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ 20 ნოემბერს, ანალოგიური ხელწერით ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკორსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა.

 

ის ორხევის დასახლებაში მცხოვრები ლევან ზურაბაშვილი აღმოჩნდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თავდამსხმელის ვიდეო, ასევე ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, თუმცა მის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები კლასიკური მძარცველისგან დიდად განსხვავდებოდა – ლევან ზურაბაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებს და აზარტული თამაშების აკრძალვას მოითხოვდა.

 

ამავე თემაზე: რამდენჯერ გიტირია, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე – ემოციური დიალოგი სასამართლო პროცესიდან

 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის აზარტული თამაშებით დაზარალებული პირია, რომელმაც ერთი სახლი სწორედ თამაშის გამო დაკარგა, ახლა კი იმ ბოლო საცხოვრებელსაც კარგავს, სადაც ის პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობდა.

 

სამართალდამცველებმა ლევან ზურაბაშვილი იმავე დღეს, სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

 

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ორი ან მეტრი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

 

ადვოკატის განცხადებით, იარაღი, რომლითაც ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, სინამდვილეში ხელყუმბარის ვიზუალის სანთებელა იყო.

 

ზურაბაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით, ფსიქიატრიული ექსპერტიზაა დანიშნული.

 

„ეს დაადგენს როგორც დანაშაულის ჩადენის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე იმ გარემოებას, ხომ არ წარმოადგენს იგი საფრთხეს საზოგადოებისათვის”, – თქვა პროკურორმა.

 

ამ დასკვნით დადგინდება ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა დანაშაულის ჩადენის დროს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს პროცესზე იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი.

 

 

5 – საზარელი მკვლელობა სურამში

 

 

34 წლის ილია ქურდაძე, მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 6 ივლისს სურამში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, თიკო რუსიას, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

ამავე თემაზე: მკვლელობის დროს ბავშვებიც სახლში იმყოფებოდნენ – ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლს საწოლში სამი ტყვია ესროლა

 

თიკომ და ილიკომ ოჯახი 2006 წელს შექმნეს. „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი უყვება, რომ ილია ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და პერიოდულად მკურნალობდნენ კიდეც. როცა, რამდენიმე დღე გადაბმულად სვამდა, ჰალუცინაციები ჰქონდაო – ამბობს ოჯახის ახლობელი.

 

„იმ დღეს სახლში თიკო, ილიკო და ბავშვები იყვნენ. ცოლ-ქმარს ფანტასტიური ურთიერთობა ჰქონდა. ოჯახი დიდი სიყვარულით შექმნეს. თიკოს და ილიკოს ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ ყოველთვის, სიგიჟემდე იყვნენ ერთმანეთზე შეყვარებულები.

 

თიკოს არასდროს უთქვამს, ქმარზე ცუდი. არასდროს გამოუხატავს პრეტენზია, ვაიმე ვეღარ ვუძლებ ან რაიმე მსგავსი. უყვარდა თავისი ქმარი.

 

ილიკო ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო. პერიოდულად რამდენიმე დღე სვამდა და ვიცი, რომ მკურნალობდნენ კიდეც, სულ კონტროლზე ჰყავდათ.

 

რამდენიმე სააგენტომ დაწერა, თითქოს ილიკო თიკოზე ეჭვიანობდაო. სისულელეა, ილიკოს საეჭვიანო არასდროს არაფერი ჰქონდა.

 

როცა ილიკო სვამდა, ჰალუცინაციები ჰქონდა და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი. ახლა სწორედ ეს საშინელი პერიოდი ჰქონდა, რამდენიმე დღე გადაბმულად სვამდა“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

 

ნათესავების თქმით, ტრაგედია ღამის 3-დან 4 საათამდე პერიოდში მოხდა. თიკოს და ილიკოს სამი შვილი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა ჰყავთ. უფროსი ბიჭი 13 წლის არის, მეორე 11-ის, გოგონა 9 წლის.

 

„სავარაუდოდ ილიკო შუაღამისას ადგა, შეიძლება დალია კიდეც ალკოჰოლი, მერე ალბათ მოეჩვენა რაღაცეები, შევიდა საძინებელში და მძინარე გოგოს ესროლა.

 

რამდენადაც ვიცი, ყელში და მუცლის არეში აქვს ნასროლი… ექსპერტმა თქვა, პირველივე სროლის შემდეგ გარდაიცვალაო.

 

სროლის ხმაზე ბავშვებს გაეღვიძათ. უფროსი ბიჭი ოთახში შევიდა და ეს საშინელება დახვდა… პოლიცია ძალიან მალე მოვიდა. ილიკო ეზოში დახვდა და ადგილზევე დააკავეს.

 

იმ დღეს, თიკო ბავშვებთან ერთად, მშობლების სახლში იმყოფებოდა. ილიკოს დაურეკავს და უთქვამს, ჩამოდით სახლშიო და თიკო ჩასულა. არანაირ ჩხუბს არ ჰქონია ადგილი.

 

ცოლ-ქმარი არც კი კამათობდა არასდროს. ბავშვები ამბობენ, რომ იმ დღესაც ჩვეულებრივად ჩაიარა ყველაფერმა.

 

იმ ტრაგიკულ დღეს, თიკოს და ილიკოს ქორწინებიდან 14 წელი შეუსრულდათ“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

 

 

6 – ათუკას ტრაგედია

 

 

თერჯოლაში, 11 წლის ავთოს გარდაცვალების ამბავმა მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. მოზარდი საკუთარი სახლის ეზოში ხეზე ჩამოკიდებული ნახეს.

 

მალევე გაირკვა, რომ ბავშვზე მამა სისტემატიურად ძალადობდა, დედა წლების წინ ემიგრაციაში წავიდა და პატარა ათუკასთვის უკეთესი მომავლის შექმნას ცდილობდა.

 

ამავე თემაზე: ცოლი ეკლესიაში თმით გადაათრია – ხატთან შემომფიცე, რასაც იშოვი ყველაფერს სახლში გამოგზავნიო

 

თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით სამართალდამცველებმა ბავშვის მამა დააკავეს, თუმცა დღემდე არსებობს ეჭვი, რომ მამას ბავშვი ჯერ შემოაკვდა, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო.

 

„ჩვენ არც მამის ყვირილი გაგვიგია, არც ბებიის კივილი. მისი სიკვდილის ამბავი მაშინ გავიგეთ, რაც დეიდა, რომელიც აქვე, მეზობლად ცხოვრობს, მათთან შევიდა და იკივლა, ათუკა მოკლაო. დეიდის ქმარი ამბობდა, რომ შევედით, მამა ტიროდა, მოვკალიო, მერე დაიწყო ტირილი, თავი მოიკლაო.

 

ჩვენ რომ ეს ამბავი გავიგეთ, როგორც ჩანს, ბავშვი რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო, რადგან, მისი და უკვე ტყიბულიდან იყო ჩამოსული. ბავშვი საოცრად მხიარული და კარგი ბუნების იყო. გამარჯობას რომ გეუბნებოდა, მთელი სახე უცინოდა. ბებია ამბობს, რომ ბავშვი თავად ნახა ეზოში, გარდაცვლილი. თუმცა, ძალიან საეჭვოა, რომ ამ სიცოცხლით სავსე ბავშვს თავი მოეკლა. დედას ელოდებოდა, ამბობდა, ახალი „კვადროციკლი“ უნდა მიყიდოს სექტემბერში და მერე თვითონაც მალე უნდა ჩამოვიდესო“, – ყვება ერთ-ერთი მეზობელი.

 

 

7 – შატილის ტრაგედია

 

 

23 აგვისტოს, კომპანია Traveler.ge-ს მიერ მოწყობილი ტურის მონაწილენი შატილიდან უკან ბრუნდებოდნენ. გზის არც თუ ისე საშიშ მონაკვეთზე მიკროავტობუსი მანქანას დაეჯახა, მძღოლმა მართვა ვეღარ შეძლო და ხევში გადაეშვა.

 

მიკროავტობუსში მჯდარი 20 მგზავრიდან 17 ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიყვანეს.

 

„პრაიმტაიმი“ მუდმივად გიყვებოდათ გარდაცვლილთა თუ გადარჩენილთა ამბებს. მათ შორის დების – ხატია და მედეა დევსურაშვილების შესახებ. სამწუხაროდ, მედეა გარდაიცვალა, ხატია კი კარგა ხანს ებრძოდა სიკვდილს და საბოლოოდ, გაიმარჯვა მასზე.

 

„წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, ერთ შვილი დავკარგე და მეორეს მოკითხვისაც რომ მეშინოდა“, – გვითხრა ხატიას დედამ.

 

მართლაც, საკმაოდ მძიმე იყო ოჯახის მდგომარეობა. მათ 23 აგვისტოს, გვიან ღამით შეატყობინეს ავარიის შესახებ და შემთხვევის ადგილისკენ თავზარდაცემულები გაემართნენ, თუმცა, გზაშივე აცნობეს, რომ მანქანაში მყოფი ყველა ადამიანი უკვე სხვადასხვა კლინიკასა თუ მორგში იყო გადაყვანილი.

 

გარდაცვლილ მედეას მალევე მიაგნეს, გორის პროზექტურაში. ხატიას კი ვერსად პოულობდნენ. მშობლებმა უკვე იცოდნენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო დაღუპული და მხოლოდ ღმერთის იმედი ჰქონდათ, იქნებ მეორე შვილი მაინც ენახათ ცოცხალი.

 

– სურათი მაჩვენეს, – ეს ხომ არ არის თქვენი შვილი, ცოცხალია, მაგრამ უგონოდაა და ვინაობა ვერ დავადგინეთო, – გვიყვება ხატიას მამა, გია დევსურაშვილი. – წარბებით ვიცანი ჩემი გოგო, ისეთი დაზიანებები ჰქონდა სახეზე, რომ მისი ამოცნობა ძლივს შევძელი. მაშინვე ლიკას (ცოლს) დავურეკე, ის სხვაგან ეძებდა ხატიას და ვუთხარი, ვიპოვე, ჩვენი გოგო ვიპოვე და ცოცხალია-მეთქი. როგორ შეიძლება, ერთი შვილის გარდაცვალება იცოდე და მაინც სიხარულით ბღაოდე, რომ მეორე ცოცხალია, მაგრამ ეს დიდი ნუგეში იყო მაშინ, რომ ხატია სუნთქავდა და იმედი გაჩნდა, რომ ის მაინც გადარჩებოდა. თუმცა, მხოლოდ სასწაულის იმედზე უნდა ვყოფილიყავით და ეს სასწაული მოხდა კიდეც.

 

იმ მძიმე დღეებში „პრაიმტაიმი“ წერდა, რომ გოგონების დედა, ლიკა სიმონიშვილი ყველას სთხოვდა, ელოცათ მისი ხატიას გადარჩენისთვის – ერთი შვილი ღმერთმა წაიყვანა, მეორეს გადარჩენისთვის ილოცეთ ყველამ, იქნებ ის დამიტოვოს უფალმაო. მართლაც მოხდა სასწაული და ხატია დღეს უკვე კარგადაა. დადის, სწავლობს და მალე სამსახურში დაბრუნებასაც აპირებს. დედა ამ სასწაულისთვის უფლის მადლიერია. ამას ექიმებისა და იმ ადამიანების დამსახურებად მიიჩნევს, ვინც მაშინ ხატიასთვის ლოცულობდა.

 

ასე გამოიყურება დღეს ხატია – ნახეთ, პირველი ინტერვიუ შატილის ტრაგედიის დროს გადარჩენილთან.

 

ავტორი: Prime Time
X