fbpx
22:49 | 2020-09-25 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ქეთო ხვიბლიანი: „გავაცნობიერე, რომ სამეზობლოს ჩემი ეშინოდა“ – მის შესახებ ბევრმა არ იცის, არადა…

ქეთო ხვიბლიანი: „გავაცნობიერე, რომ სამეზობლოს ჩემი ეშინოდა“ – მის შესახებ ბევრმა არ იცის, არადა…

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა… აფხაზეთის ომი უამრავი გმირის ისტორიას ინახავს, მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა შესახებ ბევრმა არც არაფერი იცის…

 

ქეთინო ხვიბლიანი ერთი მათგანია… ის ბზიფში დაიბადა და გაიზარდა. 22 წლის იყო, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო და ახალგაზრდა გოგონა ომის ქარცეცხლში პირველივე დღეებიდან ჩაერთო. მას აფხაზები დევნიდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მხედრიონელი იყო. თუმცა, იღბლისა და გონიერების წყალობით ქეთინო გადარჩა. ის 2008 წლიდან ემიგრაციაში გახლდათ.

 

ქეთინო ხვიბლიანმაპრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად ილაპარაკა განვლილ ცხოვრებაზე. საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ, 6 საათი ვისაუბრეთ და ამ ხნის განმავლობაში თვალზე ცრემლი არ შეშრობია.

როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, უფრო მეტ ემოციას მასში მშვიდობიან პერიოდზე ლაპარაკი იწვევდა, ვიდრე ომის დროს გადატანილი გასაჭირი.

 

„ვცხოვრობდი ბზიფში, სულ ვიყავი აფხაზების გარემოცვაში. მხოლოდ 2 ქართული ოჯახი გვყავდა მეზობლად – კახიანები და ხვიბლიანები და კიდევ ერთი ოჯახი, სადაც ქმარი აფხაზი იყო, ცოლი კი სვანი. დანარჩენები აფხაზები გახლდნენ.

 

იქ ვიყავი, აფხაზეთში, მაგრამ ომის დაწყება მეზობელი აფხაზი ბიჭისგან გავიგე, რომელიც ჩემს ძმასთან მოვიდა და სთხოვა: ომში მეგობარი მომიკლეს და შავი ტანისამოსი თუ გაქვს, მათხოვე, სამძიმარზე რომ წავიდეო.

 

 

 

 

– რომელ ომში მოკლეს, რას ამბობ-მეთქი? – როგორ, არ გაგიგია, ქართველებთან ომი რომ დაიწყოო?

გაოცებული დავრჩი, მაგრამ შემდეგ გავიგეთ, რომ სიმართლე ყოფილა.

 

ოჯახს ვუთხარი, როგორც კი დერეფანი გაიხსნება, მაშინვე უნდა გავიდეთ-მეთქი, მაგრამ როცა გასვლის საშუალება გაჩნდა, არც ერთმა არ დავტოვეთ იქაურობა.

 

ბზიფში იყო დასახლება, რომელსაც სვანების უბანს ეძახდნენ, რადგან იქ მხოლოდ სვანები ცხოვრობდნენ. ერთ დღეს იქიდან ყველა მამაკაცი წაიყვანეს აფხაზებმა შტაბში.

 

არ ვიცი, საიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე ვიყავი მხედრიონელი, მაგრამ თურმე აფხაზების შტაბში ჩემზე ულაპარაკიათ, ქეთინო ხვიბლიანი მხედრიონელია და აქ უნდა მოვიყვანოთო. ერთ-ერთმა სვანმა, რომელმაც ეს მოისმინა, დედაჩემს უთხრა, გოგო გააქციე და გადამალე, თორემ საბჭოში თქვეს, რომ დაკითხვაზე უნდა მიიყვანონო.

 

ეს ამბავი გულთან ახლოს არ მიმიტანია, რადგან ვიფიქრე, – ჩვენთან უამრავი მხედრიონელი ცხოვრობს, თანაც – მამაკაცები და რაღა მე მომადგებიან, მით უმეტეს, რომ ეს ამბავი სიმართლე არ არის-მეთქი.

 

ჩვენი სახლიდან 100 მეტრში, მინდვრის გადაღმა ხის გადამამუშავებელი საამქრო იყო. ერთ დღეს გადავწყვიტე, იქიდან შეშა მომეტანა და ზამთრისთვის მომემარაგებინა. მე და ჩემი უმცროსი ძმა წავედით, რომელიც დაბადებიდან მეორე ჯგუფის ინვალიდია. შიგნით, შენობაში შევედი და შეშას ვაწყობდი, ჩემი ძმა გარეთ იდგა და ხმა გავიგონე, რომ ჩემი აფხაზი მეზობელი ეჩხუბებოდა. რომ გამოვედი და ვიკითხე, რატომ ჩხუბობდა, შეცბა და უკან დაიხია.

 

იქიდან რომ წამოვედი, დავფიქრდი, ჩემს დანახვაზე ასე უცებ რატომ გაჩერდა. გავაცნობიერე, რომ ჩემს სამეზობლოს ჩემი ეშინოდა. თუმცა, ამაზე სხვა დროს არ მიფიქრია. ერთადერთი, მიკვირდა ხოლმე, რომ ასაკოვანი აფხაზი კაცებიც კი გამარჯობის თქმას მასწრებდნენ. ეს კი წარმოუდგენელი რამ გახლავთ მათი მხრიდან, რადგან ასაკობრივი სუბორდინაცია მკაცრად არის დაცული. როგორც ჩანს, ამათაც ეგონათ რომ, მხედრიონელი ვიყავი და ჩემი ეშინოდათ.

 

მოვდივართ მე და ჩემი ძმა შეშით დატვირთულები და გავიგონეთ ჩვენი სახლიდან ყვირილის ხმა. სირბილით წავედი სახლისკენ, შევიხედე ეზოში და რას ვხედავ? შეიარაღებული აფხაზებითაა სავსე ეზო და მე მკითხულობენ. არც კი დავფიქრებულვარ, ისე შევაჭერი ეზოში.

 

როგორც კი დამინახეს, ალყაში მომაქციეს და – ვინ ხარო? მკითხეს. შიშის გრძნობა საერთოდ არ მქონია, წინ დავუდექი, – მე აქ ვცხოვრობ და თქვენ ვინ ხართ-მეთქი? – კითხვა შევუბრუნე. – შენ ხარ მხედრიონელიო? – მხედრიონელი არა, მაგრამ ქეთო ხვიბლიანი ვარ-მეთქი. იარაღი სად გაქვსო? – მკითხეს. სახლში მხოლოდ მამაჩემის სანადირო თოფი იყო. სხვა იარაღი საიდან უნდა გვქონოდა? – გაჩხრიკეთ სახლი-მეთქი, – შევთავაზე.

 

იმ დილით, ვიდრე შეშაზე წავიდოდი, სახლში რაც მქონდა ჩემთვის ნაყიდი და ჯერ ჩაუცმელი ტანისამოსი თუ თეთრეული, ყველაფერი ტომრებში ჩავალაგე და იქვე, მეზობლის სახლში გადავიტანე. იქ არავინ ცხოვრობდა და სახლიც ისეთი იყო, რომ ყურადღებას არ იქცევდა და ვიფიქრე, რომ თუ ვინმე სახლში შემოვიდოდა და გაძარცვას დაგვიპირებდა, ამ ნივთებს მაინც გადავარჩენდი.

 

თურმე ჩემი მეზობელი აფხაზი ბიჭები დურბინდით მითვალთვალებდნენ ტყიდან, ეს ყველაფერი დაუნახავთ და უფიქრიათ, რომ იარაღი გადავზიდე მეზობლის სახლში. ამბავი მიუტანიათ შტაბში და იმიტომ დამადგნენ თავზე.

 

კარგა ხანს სახლში იბორიალეს და მერე იმ მეზობლის სახლში გადავიდნენ, სადაც მე დილით ტომრები შევზიდე. მეც იქ გადამიყვანეს. იმ ოჯახს ეზოს გადახურულ ფანჩატურში ჰქონდა ონკანი, ონკანთან სკამი და მაგიდა. იმ მაგიდასთან იჯდა ამათი უფროსი და ხელში უზარმაზარ დანას ატრიალებდა, რომელიც მეზობლებს შემთხვევით დარჩენიათ მაგიდაზე.

 

ამ დანის ტრიალით ცდილობდა, ჩემზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოეხდინა.

 

– ახლა ყველა მხედრიონელი ჩამოგვითვალე, ამ სოფელში ვინც ცხოვრობს, თორემ ამ დანით აგაჭრი ხორცს და მარილს დაგაყრიო. ამის გაგონებაზე უცებ მოვწყდი ადგილიდან და გამოვიქეცი. კი მტაცეს ხელი, მაგრამ ვერ მომიხელთეს და ჭიშკრამდე მივირბინე. იქ სხვები დამხვდნენ, დამიჭირეს და უკან მიმაბრუნეს. ამასობაში მეზობლის ბიჭებიც მოვიდნენ, ვინც დილით მითვალთვალებდნენ და უთხრეს, სარდაფში ჩაზიდა ტომრებიო. მოითხოვეს, რომ სარდაფში ჩავყოლოდი, მაგრამ უარი ვუთხარი. – არ ჩამოვალ, თავად ჩადით და მოძებნეთ, იქვე აწყვია ის ტომრები, რომელიც ჩავიტანე-მეთქი. კარგს არაფერს ველოდი მათგან და სარდაფში არ ჩავყვებოდი, თუმცა შიში მაინც არ მქონდა, რატომღაც საერთოდ არ ვღელავდი.

 

ჩავიდნენ სარდაფში, ამოიტანეს ტომრები, ყველაფერი ამოყარეს და ამოქექეს. იარაღი ვერ ნახეს, მაგრამ როცა წავიდნენ, ეს ყველაფერი თან წაიღეს.

 

მერე მითხრეს, დღეს იარაღის დასამალად რომ იყავი, ვიცით და იქ წაგვიყვანეო. ხის გადამამუშავებელ საამქროს გულისხმობდნენ.

 

შევეკამათე და ერთმა მათგანმა ავტომატის ჯერი მომაყარა ფეხებში. პირდაპირ ტერფებთან შემომიხაზა ტყვიებით. არც კი შევკრთი. უკვე ყველაფრისთვის მზად ვიყავი და სიკვდილისაც არ მეშინოდა.

 

მერე უფროსმა გასცა ბრძანება, რომ გუდაუთის შტაბში წავეყვენე. იქ მტერი მოხვდა, ისეთი სიტუაცია იყო, მაგრამ მაინც არ შევდრკი. – წავიდეთ, მაგრამ საჭესთან მე დავჯდები-მეთქი.

 

გაუკვირდათ, მანქანის ტარება რომ შემეძლო. მაშინ ძალიან ცოტა ქალმა თუ იცოდა ავტომობილის მართვა.

 

– ეს ნამდვილად მხედრიონელია, მანქანის მართვა სცოდნიაო, – დაასკვნეს.

 

ამ დროს დავინახე, ჩემი აფხაზი მეზობელი, რომელსაც სვანი ცოლი ჰყავდა. დავუძახე და ვუთხარი, – ვიტალი, გააგებინე ამ ხალხს, რომ მხედრიონელი არ ვარ-მეთქი. არ ამომიდგა მხარში, ძალიან აგრესიულად ილაპარაკა ჩემზე. პირი დამრჩა ღია. არა და, მის ცოლს სულ გვერდით ვედექი, თუ რამე დასჭირდებოდა, ვეხმარებოდი კიდეც. ამან კი მიგანა. მაშინ ვუთხარი ჩემს თავს – ქეთო, არავის ენდო და არავინ დაინდო-მეთქი.

 

არც ერთი აფხაზი მეზობელი არ გამოჩნდა და არ მომეშველა. საკუთარ ეზოშიც კი არ გამოვიდნენ. არა და, ყველამ იცოდა, რაც ხდებოდა ჩემს თავს.

 

ვდგავარ შეიარაღებული აფხაზების წინ, ზურგით შევბრუნდი მათკენ და ვეუბნები – მესროლეთ, რატომ არ მესვრით? ვაჟკაცობა არ გყოფნით-მეთქი? ისეთ რაღაცებს ვეუბნებოდი, რომ ესროლათ. გაისროლეს, მაგრამ ჰაერში. – ამცდა, კიდევ მესროლეთ-მეთქი, შევაგულიანე და ამ დროს დავინახე, ჩვენკენ მოდის იმ უბანში ახლად ჩასახლებული აფხაზი ქალი, რომელიც მუდამ ჩვენს სახლში იჯდა, როცა გინდა დავბრუნებულიყავი შინ. ამ ქალს საშინლად ვერ ვიტანდი. რატომღაც არ მიყვარდა, კუდიანი ჯადოქრის ასოციაციას იწვევდა.

 

მის დანახვაზე გულს შემომეყარა. ვიფიქრე, ახლა ეს კიდევ უარესებს იტყვის-მეთქი, მაგრამ რომ მოგვიახლოვდა, მამაკაცების წინაშე მუხლებზე დაეშვა და სთხოვა, რომ ჩემთვის არაფერი დაეშავებინათ. – არ შეეხოთ ამ გოგოს და რასაც მეტყვით, იმას გავაკეთებო. თვალებს არ ვუჯერებდი. ვისგანაც არ ველოდი, სწორედ ის გამომექომაგა.

 

– ამას უმადლოდე და ფეხები უკოცნე, რომ გადარჩიო, მითხრეს და წავიდნენ.

 

ამ ქალმა რომ დაინახა, ისინი წავიდნენ, არც მომკარებია, ჩემკენ არც გამოუხედავს, ისე ადგა და წავიდა. ჩემს ეზოში დამხვდნენ ჩემი მეზობელი აფხაზი ბიჭები, რომლებმაც შემომთავაზეს, – ჩვენ მხარეს გადმოდი და იომეო.

 

– არცერთ მხარეს არ ვიბრძვი, არც მხედრიონელი ვარ და თავი დამანებეთ-მეთქი, ვუთხარი. რომ არ მომეშვნენ, საღამოს 9 საათზე შევხვდეთ და დავილაპარაკოთ-მეთქი, ბოლოს ასე მოვიშორე. მთავარი იყო, ესენი წასულიყვნენ რომ მეც გავმქრალიყავი იქიდან.

 

ამათი წასვლის მერე მეც წავედი სახლიდან და ამავე სოფელში, სვანების უბანში გადავედი. იქ შემიფარა ნავერიანების ოჯახმა და იგეგმებოდა ჩემი გაცვლა რომელიმე ტყვე აფხაზში, რომ უსაფრთხოდ გადავეყვანე მშვიდობიან ტერიტორიაზე, მაგრამ „უბრალო“ აფხაზში ვერ გამცვლიდნენ, ცოტა წონიანი პიროვნება უნდა დაეჭირათ ვინმე, რომ იმაში გავეცვალე. ამასობაში მთელი თვე გავიდა. როგორც იქნა, დაიგეგმა გაცვლა 2 ოქტომბერს, მაგრამ სწორედ მაგ დროს მოხდა შეტევა და დაიკარგა გაგრა, რის გამოც ჩავრჩი ადგილზე.

 

მე რომ ვერსად მომაგნეს, დაიწყეს დედაჩემის შეწუხება. ერთ საღამოს ჩემებთან სახლში შესულან და ჩემი ძმა და დედაჩემი ოთახში გამოუკეტავთ, სადაც ლოგინებში ნაკვერჩხლები შეულაგებიათ. ძლივს გადარჩნენ ჩემები მაშინ.

 

ამასობაში დაზამთრდა. იმ წელს გაგრაში ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა. ამ შუა ზამთარში ჩამოიარეს აფხაზებმა სვანების უბანში, ყველა სახლიდან გამოჰყავდათ ხალხი და ამოწმებდნენ. ჯერ ვიფიქრე, რომ შინიდან გავიქცეოდი, სადმე ბუჩქნარში დავიმალებოდი, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ იქ რომ ვეპოვნე, უფრო საშიში იყო. ამიტომ გავედი მეც გარეთ და გავერიე ხალხში. დავინახე, რომ აფხაზებს შორის ის ბიჭია, ვინც ჩემთან სახლში იყო მოსული, როცა იმ აფხაზმა ქალმა გადამარჩინა.

 

ისიც შევნიშნე, რომ მაკვირდებოდა, მაგრამ ისე ვიქცეოდი, ვითომ არაფერი. არც შევიმჩნიე. მერე მოგვიახლოვდა და ჩემი ოჯახის დიასახლისს ეკითხება ჩემზე – ამას იცნობთო? – კი, ჩემი დააო. მერე მამამისს ჰკითხა, – ეს შენი შვილიაო? იმანაც დაუდასტურა და შემეშვნენ. ამჯერად ასე გადავრჩი.

 

იმ დღეს ყველა მამაკაცი წაიყვანეს და უკან ორით ნაკლები დაბრუნდნენ. ძმები ხარძიანები უგზოუკვლოდ დაიკარგნენ, არც მკვდრები უნახავს ვინმეს ამის შემდეგ და არც ცოცხლები.

 

ჩემი ერთი ძმის გაყვანა მინდოდა უსაფრთხო ადგილზე. ერთი აფხაზი კაცი აკეთებდა ამ საქმეს, ოქროს სანაცვლოდ. ერთ საღამოს მასთან წავედი მოსალაპარაკებლად. მარტო არ ვიყავი, ოჯახის ერთი წევრი ქალბატონი გამომყვა. მოველაპარაკე, რომ 20 გრამი ოქროს სანაცვლოდ ჩემს ძმას საზღვარზე გადაიყვანდა. შევთანხმდით და უკანა გზაზე, სახლამდე სულ ცოტა მანძილი გვქონდა დარჩენილი, რომ რაღაც მანქანა წამოგვეწია.

 

ჩემი თანმხლები ქალი გაიქცა და ჭიშკარში შევარდა. მე კი ფეხს არ ავუჩქარე, ეჭვები რომ არ გამომეწვია. მეზობლის ჭიშკართან წამომეწივნენ და შემიჩერეს ფეხებთან. – სად მიდიხარო? – სახლში მეთქი. – სადაა შენი სახლიო? – აქ-მეთქი, – ვუთხარი და ხელი უმისამართოდ გავიქნიე. – ჩაჯექი მანქანაშიო, მითხრეს და ვიფიქრე, ჯობია, ამ მეზობლის ავმა ძაღლმა შემჭამოს, ვიდრე ამათ წამიყვანონ-მეთქი (ძალიან ავი ძაღლი ჰყავდათ). გავაღე ჭიშკარი, შევედი ეზოში და ჭიშკარი ჩავკეტე.

ცოტა ხანში დავინახე, რომ წავიდნენ და გადავედი იმ ოჯახში, სადაც ვიმალებოდი.

 

აბანოში ვაპირებდი შესვლას, რომელიც სახლის გარეთ, ეზოში იდგა და ამ დროს დავინახე, რომ რამდენიმე მანქანა მოადგა იმ მეზობლის ჭიშკარს, სადაც მე ცოტა ხნით შევაფარე თავი. გააღვიძეს სახლის პატრონი და – აქ რომ გაუთხოვარი გოგო ცხოვრობს, სად არისო? – იკითხეს. ამან თავისი და აჩვენა, რომელიც ასაკოვანი იყო და გაუთხოვარი. გადაირივნენ ესენი, – დაგვცინიო? ერთი შემოარტყეს კიდეც.

 

მე რომ ეს დავინახე, ფანჯრიდან გადავიპარე და ტყისკენ წავედი დასამალად. მთელი უბანი გააღვიძეს და გაჩხრიკეს. ის ოჯახიც გაჩხრიკეს, სადაც მე ვცხოვრობდი და გვიან წავიდნენ.

 

მერე ისე მოხდა, რომ რამდენიმე აფხაზმა მომკრა თვალი, რომელიც მიცნობდა და დადგა საჭიროება, რომ იქიდან წავსულიყავი, რადგან ოჯახი, რომელმაც შემიფარა, საშიშროების წინაშე არ დამდგარიყო.

 

 

მეზობლები დამეხმარნენ და გამიკეთეს ყალბი პასპორტი, რუსული გვარით. ჩემთან ერთად რამდენიმე ნათესავი ქალი და ოთხი ბავშვი წამოვიდა და საზღვრისკენ წავედით სადაც ბზიფიდან „ელექტრიჩკით“ უნდა მივსულიყავით. პასპორტი კი მქონდა, მაგრამ მაინც მეშინოდა, რომ ეჭვი არ შეჰპარვოდათ მის რეალურობაში. როცა მატარებელში კონტროლი ამოვიდა, ცოტა შევშფოთდი.ფეხზე ვიდექი, ჩემ წინ კი აფხაზი გოგონები ისხდნენ და ლაპარაკობდნენ.

 

რუსულად ჩავერთე მათ ლაპარაკში და ისეთი სახე მივიღე, თითქოს ქართველი არ ვიყავი და ამ გოგონებს ვახლდი. კონტროლმა ისე ჩამიარა, რომ პასპორტი არ მოუთხოვიათ და გადავრჩი. მივაღწიეთ ფსოუს საზღვრამდე, სადაც უზარმაზარი რიგი დაგვხვდა. მე ჩავდექი რიგში ჩემი ორი ჩემოდნით, რომელიც ჩემმა მასპინძლებმა თავის ნათესავებთან გამომატანეს. ჩემი ნივთებიდან საერთოდ არაფერი წამომიღია. ვდგავარ რიგში და ვხედავ, რომ ძალიან მკაცრი კონტროლია. შესაძლოა, დავიწვა. მოვათვალიერე იქაურობა და დავინახე, რომ ცოტა მოშორებით არის „ჩორნი ხოდი“, სადაც აფხაზები, ჩეჩნები გადიან შემოწმების გარეშე. გადავწყვიტე, მეც იქიდან გავსულიყავი.

 

ვიფიქრე, ვისარგებლებ იმით, რომ გარეგნულად რუსს ვგავარ, უაქცენტოდ ვლაპარაკობ რუსულად და იქნებ გამიმართლოს-მეთქი. გამოვედი რიგიდან და გავემართე მყარი ნაბიჯებით ამ გასასვლელისკენ. უკნიდან მიყვირიან, მეძახიან, მე ყურადღებასაც არ ვაქცევ და უკვე ძალიან ახლოდან რომ მომესმა ხმა, დავდგი ჩემოდნები და მკლავები და მაჯები მოვისრისე, ვითომ იმიტომ შევჩერდი, რომ ხელები მეტკინა ჩემოდნის სიმძიმისგან.

 

მოგდევ და გეძახი, რატომ არ ჩერდებიო? – თავზე წამომადგა აფხაზი. რუსულად ვუპასუხე – არც გამიგონია, მე თუ მეძახდით, ხელები მეტკინა, თუ შეიძლება, დამეხმარეთ ჩემოდნების გადატანაში, სამშობლოში (რუსეთში) მივდივარ როგორც იქნა, სამუდამოდ და ბოლო კეთილი საქმე გამიკეთეთ, პასპორტს კი აქვე გაჩვენებთ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ ნახავთ თუ სხვები-მეთქი და ხელი წავიღე ჯიბისკენ, პასპორტის ამოსაღებად, მაგრამ ამან სტაცა ხელი ჩემს ჩემოდნებს, – არაა საჭირო პასპორტიო, მითხრა და გაქუსლა იმ გასასვლელისკენ.

 

ასე გადავედი საზღვარზე. მალე ჩემი თანხმლები ქალები და ბავშვები გამოვიდნენ და ერთად გავაგრძელეთ გზა. ამ დროს შემომხვდნენ ჩემი აფხაზი მეზობლები, რომლებიც მაშინ დურბინდით მითვალთვალებდნენ. კანისტრებით ბენზინი გადმოჰქონდათ და რომ დამინახეს, ერთს კანისტრებიც კი გაუცვივდა ხელიდან, ისე გაუკვირდა, რადგან ყველას ეგონა, რომ მე დიდი ხნის დატოვებული მქონდა აფხაზეთი და რას წარმოიდგენდნენ, რომ იქვე, სოფელში ვიყავი ამდენი ხნის განმავლობაში.

 

მივაღწიეთ სადგურამდე. ფაქტობრივად, ორი კვირა იქ ვიცხოვრეთ, რადგან ჩემი ძმა უნდა გადმომეყვანა ოქროს საშუალებით, ჩემს თანმხლებთ კი ფული არ ჰქონდათ, რომ ბილეთები აეღოთ და გაფრენილიყვნენ და ჩემს იმედად იყვნენ. მოკლედ, დიდი წვალების შემდეგ გადმოვედით დრანდაში, სადაც ჩემი თანმხლები ადამიანები დავტოვე და მე გავემგზავრე სოხუმში, რომ ჩემი მეორე ძმა გადმომეყვანა, მაგრამ ერთმანეთს ავცდით, რადგან ის უკვე გადმოყვანილი დამხვდა. გადავწყვიტე, ბზიფში ჩემს სახლში ჩავსულიყავი და დედა მომენახულებინა. შუა გზაში შემხვდნენ ჩემი მეზობელი აფხაზები და იმათგან გავიგე დედას ამბავი, რომ კარგად იყო. აღარ გავაგრძელე გზა, უკან გამოვბრუნდი, ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი და ქუთაისში ჩამოვფრინდი, შევხვდი ჩემს ძმას, დავაბინავე და დავბრუნდი აფხაზეთში, გაგრის ბატალიონს შევუერთდი და იარაღი ავიღე ხელში.

 

ვიბრძოდი პოზიციებზე, რასაც ხშირად აპროტესტებდნენ ბიჭები და მოითხოვდნენ, რომ შტაბში მემუშავა, მაგრამ შტაბში დასაჯდომად არ წავსულვარ ომში. თავს დამცირებულად ვგრძნობდი ამის გამო. მუდმივად წინა პოზიციებზე ვიყავი.

 

ბატალიონში პირველად 50 ავტომატი მოიტანეს და მალევე – 150. ამ 150-დან ერთი ჩემი იყო. ამასაც პროტესტი მოჰყვა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობდი იარაღს. არც ჩემს იარაღს ვანდობდი ვინმეს. ჩვევად მქონდა, თუ ქალაქში გავდიოდი, სამხედრო ფორმას ვიხდიდი და იარაღს ვაბარებდი იმ ადამიანს, ვისაც ეს თანამდებობრივად ევალებოდა და ვაფრთხილებდი, რომ იარაღი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცა სხვისთვის, თუ ჩემს არყოფნაში შეტევა მოხდებოდა.

 

ომის დასრულებამდე ვიყავი წინა ხაზზე, შემდეგ ჩამოვედი თბილისში და გავაგრძელე სწავლა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა ჩემი ადგილის პოვნა საზოგადოებაში. ჩავიკეტე და არავისთან ვკონტაქტობდი. რაღაც უცნაური ფიქრები მქონდა. ვინმე რომ მოკვდებოდა და ტიროდნენ, მიკვირდა, რა ატირებდათ. ვინმე თუ დაბადების დღეს ან ქორწილს გადაიხდიდა, ესეც მიკვირდა, რა ეზეიმებათ-მეთქი? არავისთან კონტაქტი არ მინდოდა, ვიყავი ჩემთვის. ომზე მეტად მშვიდობიან პერიოდში გამიჭირდა. ომში ხომ უშიშარი ვიყავი, არასოდეს მქონია სკვდილის შიში, მტრის შიში, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი არ შევმდრკალვარ, მაგრამ გადატანილმა სტრესებმა თავისი დაღი დამატყო და მშვიდობიან პერიოდში გამოვლინდა.

 

20 გრამ ოქროდ ნაყიდი სიცოცხლე – აფხაზეთში მებრძოლი ქალის ძალიან ემოციური ინტერვიუ

 

გავიხსენი მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავთხოვდი და პირველი შვილი შემეძინა. ბავშვმა შემცვალა რადიკალურად და ცხოვრების ხალისი დამიბრუნა, მაგრამ დღემდე ვბორგავ ძილში, ხანდახან წამოვხტები და ღია ფანჯარასთან უნდა დავდგე, რომ ხუთვამ გამიაროს. გამუდმებით მესიზმრება ის სიტუაციები, რომ გავრბივარ და მომდევენ, რომ ვიბრძვი… ეს საშინლად მთრგუნავს.

 

(გაგრძელება იქნება)

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X