22:17 | 2020-05-08 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

2 წლის ბავშვი მჭადის ფქვილზე მყავს – როცა ფქვილი უთავდება, ოთხი შვილის დედა მოწყალებას ითხოვს

2 წლის ბავშვი მჭადის ფქვილზე მყავს – როცა ფქვილი უთავდება, ოთხი შვილის დედა მოწყალებას ითხოვს

როცა არავის ელის, მაშინაც აივანზე დგას და სახლის წინ მდებარე ბაზრობაზე საარაკო ვაჭრობას სევდიანი გაჰყურებს. სევდიანი იმიტომ, უკვე რამდენიმე დღეა 41 წლის ხათუნა ვასაძეს, სახლში საჭმელი არ აქვს. ოთხი შვილის დედა უკიდურეს გაჭირვებაშია.

 

ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ორწლინახევრისაა. გოგონა ხელოვნურ კვებაზეა თუმცა, იმის გამო, რომ დედას მისთვის საჭმლის ყიდვა არ შეუძლია, უკვე ერთ კვირაზე მეტია მოხალულ მჭადის ფქვილისგან ფაფას უმზადებს…

 

„ხან მჭადის ფქვილსაც არ ჭამს, მაწონზე და რძეზეც უარს ამბობს. პრეტენზიული ბავშვია. როცა მშიერი ტირის, ამ დროს აღარ ვიცი რა გავაკეთო…“ – ამბობს ხათუნა.

 

მაშინ როცა მჭადის ფქვილი უთავდება, მეტროში მოწყალებას ითხოვს. ასეთი დღეები კი ხშირად არის ხოლმე… ახლა იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც არ მუშაობს, გამოსავალს ვეღარ პოულობს…

 

„ხშირად გამიგონია, თუ არ ჰქონდა საშუალება ამდენ შვილს რატომ აჩენდაო. ღმერთმა მომცა და მისი მადლიერი ვარ.

 

არავის ვაწუხებ. როცა ძალიან მიჭირს, მეტროში ჩავდივარ ბავშვთან ერთად და მოწყალებას ვითხოვ.

 

ბევრჯერ შემხვედრია ნაცნობი და რომ დავუნახივარ, თვალი მოურიდებიათ. საკვებთან ერთად პრობლემაა ბავშვის პამპერსიც…“- აცხადებს ხათუნა.

 

ოთხი შვილის დედის ცხოვრება მარტივი არასდროს ყოფილა. ადიგენის რაიონში, სოფელ იჯარეთში ექვს დედმამიშვილთან ერთად იზრდებოდა.

 

22 წლის წინ გარიგებით დააქორწინეს. ყველაფერი თითქოს კარგად აეწყო. მეუღლესთან ერთად ცხოვრების დინებას მიჰყვებოდა, მაგრამ…

 

ათი წლის წინ, ერთმა ტრაგიკულმა დღემ, მისი ოჯახის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მეუღლე მაღალი ძაბვის სადენებმა იმსხვერპლა.

 

ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ხათუნა მეუღლის ოჯახმა სახლში აღარ გააჩერა და, როგორც თავად ამბობს, სამ შვილთან ერთად ქუჩაში გამოაგდეს..

 

ღია ცის ქვეშ დარჩენილი ქვრივი ქალისა და ობოლი ბიჭების ცხოვრება თიანეთში, საქონლის ფერმაში გაგრძელდა. გაზეთში ნაპოვნი განცხადებით მიაგნო მეურნეობას, სადაც მწველავ ქალბატონებს ეძებდნენ.

 

ასე მივიდა მარტოხელა დედა სამ შვილთან ერთად საქონლის ფერმაში სამუშაოდ და ახალი ცხოვრების დასაწყებად.

 

საქმის და შვილების მოვლას ერთმანეთს ვერ უთავსებდა. ამიტომ უმცროსი შვილი ხუთი წლით მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართო. პატარა ბიჭუნა სხვის ოჯახში იზრდებოდა.

 

სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, რომლისგანაც ორწლინახევრის გოგონა ჰყავს. ოთხი წელი იმუშავა ფერმაში. მერე მეუღლესთან და შვილებთან ერთად ახალი ცხოვრების დასაწყებად დედაქალაქში ჩამოვიდა.

 

მეორე მეუღლე წარმოშობით კახელია, მას თავის ოჯახთან ურთიერთობა არ აქვს და შესაბამისად – წასასვლელიც. ხათუნას მამა-პაპისეულ სახლში მისი ძმები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ…

 

ამიტომ ქირით ცხოვრობენ. ამ ხნის განმავლობაში თბილისის თითქმის ყველა უბანში გამოიცვალეს სახლი.

 

იყო შემთხვევები, როცა ბინის ქირის გადაუხდელობის გამო ჩუმად გამოპარულან… მაღაზიაში დადებული ვალები ახლაც მოჰყვება.

 

მოვალეები ხშირად ურეკავენ და თანხის დაბრუნებას სთხოვენ. იმის გამო, რომ საშუალება არ აქვს, ვალს ვერ აბრუნებს.

 

„როცა მოვალეები მირეკავენ არ ვპასუხობ. მერე სხვა ნომრებიდან მირეკავენ და მეჩხუბებიან. რომ მქონდეს საშუალება აუცილებლად დავაბრუნებდი… მეუღლე დასუფთავების სამსახურში მუშაობს, მისი ხელფასი მხოლოდ ქირის ფულად გვყოფნის.

 

ოროთახიან პატარა ბინაში ექვსი ადამიანი ცხოვრობთ. ბევრჯერ ვცადე შედარებით იაფფასიანი ბინის მოძებნა, მაგრამ მრავალშვილიან ოჯახს მეპატრონეები ბინაში შეშვებაზე უარს მეუბნებიან. ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი მეუღლის ხელფასი და სოციალური დახმარებაა, საიდანაც წინასწარ გამოტანილი თანხის გამო ნახევარი გვიკავდება.“ – ამბობს ხათუნა.

 

უფასო სასადილოს სერვისითაც სარგებლობდა, მაგრამ ბოლო ორი თვეა, რაც საცხოვრებელი შეიცვალეს და ამის გამო ამ სერვისითაც ვეღარ სარგებლობს.

 

„ამ პატარა ბინაში ჩვენი მხოლოდ თეთრეული და ჭურჭელია, დანარჩენი მეპატრონეს ეკუთვნის. პირველი ქორწინებიდან 12, 18 და 20  წლის ბიჭები მყავს. უფროსი შვილიც შეძლებისდაგვარად მეხმარება. ავტომობილების სამრეცხაოზე მუშაობდა, მაგრამ ახლა სამუშაოც არ აქვს. მამის გარდაცვალების შემდეგ სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო…

 

გული მწყდება, რომ შვილებისთვის არაფრის გაკეთება შემიძლია. დღესასწაულები ჩვენთან არ დგება. ამ ახალ წელს სახლში ტკბილეული კი არა, პურიც არ გვქონდა…

 

არასდროს გადამიხდია შვილებისთვის დაბადების დღე. პატარა გოგონას კი ახალი ტანსაცმელი არასდროს სცმია. ხან ჩემი მეგობრები მაძლევენ და ხანაც დედმამიშვილები მიგზავნიან თავიანთი შვილების დაპატარავებულ ტანსაცმელს. ბავშვის დამტოვებელი არ მყავს, სამსახურს ვერსად ვიწყებ.“ – ამბობს ხათუნა.

 

ყველაფრის მიუხედავად ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან  ოთხი შვილის დედაა. ახლა მხოლოდ უფლის და საზოგადოების დახმარების მოლოდინშია. სჯერა, რომ კეთილი ადამიანები ისევ არსებობენ და განსაცდელში მყოფს არ მიატოვებენ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

X