23:26 | 2020-04-14 ავტორი: Prime Time

12 კლასტერი და კლასტერული დიფუზია – ვინ ვისგან დაინფიცირდა საქართველოში

12 კლასტერი და კლასტერული დიფუზია – ვინ ვისგან დაინფიცირდა საქართველოში

პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ზუსტად 49 დღეში საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 296-მდე იზრდება. თუ აქამდე მარტივი იყო გამოთვლა, რომელ კლასტერს განეკუთვნებოდა რომელიმე ახალი ინფიცირებული, ახლა თვლა უკვე აირია.

 

თუმცა, „პრაიმტაიმი“ შეეცადა მკითხველს მიაწოდოს ერთგვარი დინამიკა – ვინ ვისგან დაინფიცირდა საქართველოში და როგორ მივიღეთ ეს ციფრი.

 

დღეს საგანგებო ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში სულ 12 კლასტერი დაფიქსირდა.

 

მოდით, დავიწყოთ განმარტებით:

 

რას ნიშნავს კლასტერი

 

კლასტერი, პანდემიური კონტექსტით, სპეციფიკური სიმპტომების მქონე ორი ან მეტი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფია.

 

ეს ტერმინი ჩვენი „ახლობელი“ გახდა მას შემდეგ, რაც 29 თებერვალს, ეპიდემიოლოგებმა კორონავირუსით დაინფიცირებული N1 და N3 პაციენტები ირანის კლასტერად მოიხსენიეს. თან აგვიხსნეს, რომ კლასტერების არსებობა ცუდი სულაც არ არის, რადგან მოვლენების განვითარების უკლასტერო ფაზაც არსებობს, როდესაც მხოლოდ ღმერთმა თუ იცის, ვინ ვისგან ინფიცირდება.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ერთ-ერთ ბრიფინგზე ახსენა კიდევ ერთი ახალი ტერმინი – კლასტერის გაგრძელება, რომელიც შემდგომ, ბევრჯერ გაიმეორა (ამერიკის კლასტერის გაგრძელება, ბოლნისის კლასტერის გაგრძელება, მარნეულის კლასტერის გაგრძელება და ა.შ.).

 

მისი თქმით, მალე უცხოური და ადგილობრივი კლასტერები ერთმანეთში გადაიკვეთება, რაც ეპიდემიის ახალ და საშიშ ფაზაში გადასვლას ნიშნავს.

 

თუ როგორ მივუახლოვდით საშიშ ფაზას, ამის ანალიზითვის, გთავაზობთ საქართველოში ეპიდემიის განვითარების დინამიკას:

 

ეპიდემიის დინამიკა საქართველოში

 

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული 50 წლის საქართველოს მოქალაქე მამაკაცი ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ის საზღვრიდანვე გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში.

 

კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტის შესახებ ინფორმაცია 28 თებერვალს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე გვამცნო და განმარტა, რომ ის იტალიაში მოგზაურობის ისტორიის მქონე საქართველოს მოქალაქეა.

 

29 თებერვალს, მესამე ინფიცირებული, ასევე ირანიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან და ისიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან გადაიყვანეს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში.

 

მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დადასტურდა. ეს იყო ახალი, ყველაზე მსხვილი კლასტერი – იტალიის კლასტერად წოდებული, რომელიც უცხოეთში მოღვაწე ქართველი მედიკოსის უყურადღებობით გახდა მასშტაბური.

 

იმავე საღამოს, ამ კლასტერიდან კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 44 წლის მამაკაცის კონტაქტები მოიცავდა თვითმფრინავის მგზავრებს, 2 დღის მანძილზე საქმიან შეხვედრებს თბილისის სამედიცინო კლინიკაში და ურთიერთობას საახლობლო წრესთან…

 

6 მარტს, აღნიშნული შემთხვევების გათვალისწინებით, მთავრობამ საზღვრებზე შეზღუდვები დააწესა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეაჩერა.

 

7 მარტს, მეათე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე აღმოჩნდა, რომელიც ასევე იტალიის კლასტერის მედიკოსი პაციენტისგან დაინფიცირდა. იმავე დღეს კორონავირუსით ინფიცირების სულ 4 შემთხვევა დადასტურდა.

 

9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 15 გახდა.

 

10 მარტს გამოვლინდა რვა ახალი შემთხვევა, რომელთა შორის ერთ-ერთის დაინფიცირების სავარაუდო წყარო ფულთან შეხება გახდა.

 

ჟურნალისტებთან საუბარში თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა უკვე ინფიცირებულ პირთან იტალიის კლასტერიდან (მეხუთე პაციენტის კონტაქტი), რომელსაც ფული გამოართვა.

 

14 მარტს გამოვლენილ დაინფიცირებულ 5 ახალ პაციენტთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ე.წ. მესამეული გადაცემის შემთხვევაა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი.

 

ამ დროისთვის, სულ, კორონავირუსის 30 შემთხვევა გვქონდა და მათი უმეტესობა იტალიის კლასტერს მიეკუთვნებოდა – 12 იტალიიდან შემოსული და 10 მათგან დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე.

 

15 მარტს საქართველოში პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბაზაში აისახა. კორონავირუსი დაამარცხა ინფიცირებულმა N1-მა პაციენტმა ირანული კლასტერიდან, რომელმაც ინფექციური საავადმყოფო 16 მარტს დატოვა და მედიასთან ინტერვიუებზე უარი განაცხადა.

 

18 მარტს ჯერ კიდევ გვიხაროდა, რომ უცხოურ კლასტერებთან გვქონდა საქმე. სწორედ ამ დღეს ჯანდაცვის მინისტრმაც ამას გაუსვა ხაზი:  „დღეისათვის, დაგვიფიქსირდა კიდევ ოთხი შემთხვევა. ამ ფაქტის ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ ჩვენ კვლავ ვიცით, რომელი კლასტერიდან არიან ეს პაციენტები…“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

23 მარტს, მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობამ სხვა რეალობაში გაიღვიძა – ორივე მუნიციპალიტეტი, თავისი სოფლებით, მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა. კარანტინის გამოცხადების მიზეზი კორონავირუსის (COVID-19) შიდა გავრცელება გახდა.

 

ეპიდემიოლოგებმა ივარაუდეს, რომ შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

 

ცნობილი გახდა ისიც, რომ მარნეულელი ქალი, რომელიც ვირუსის მატარებელი აღმოჩნდა, მარნეულის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა და, სავარაუდოდ, ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

 

24 მარტს თავი იჩინა ამერიკის კლასტერმა. ადამიანებს, რომლებიც უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდენენ, სიმპტომები გვიან აღმოაჩნდათ და ვირუსი ერთი ოჯახის 4 წევრს დაუდასტურდა.

 

ამ ფაქტს, იმავე დღეს, ბრიფინზე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე:

 

უკვე ფიქსირდება ახალი – თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევა, დაემატა აშშ-იდან შემოტანილ კლასტერში ოჯახის წევრებზე გადაცემა, ასე, რომ შემოტანილი ვირუსის გეოგრაფია საკმაოდ გაფართოვდა.

 

26 მარტს, ასევე საკარანტინო ზონაში, დაფიქსირდა ამერიკასთან და საფრანგეთთან (მე-13 დღეს აღმოაჩნდა) დაკავშირებული 2 ადამიანის ინფიცირება.

 

28 მარტს, ბრიფინგზე, ამირან გამყრელიძემ საგანგაშო უწოდა ახალ სამ შემთხვევას. მისი თქმით, სამი დაავადებულის შემთხვევაში დაკარგულია ინფიცირების კვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში იწყება ახალი კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების ეტაპი, როდესაც ხალხი ინფიცირდება არაიდენტიფიცირებული პირებისგან. დაავადებული ადამიანები კი დადიან და სხვებს ასნებოვნებენ.

 

30 მარტს უკვე 100 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ დღეს, ვირუსი დაუდასტურდათ ინგლისის კლასტერთან დაკავშირებულ პირებს (საკარანტინო ზონიდან), ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის 6 თანამშრომელს და მათთან კონტაქტში მყოფ 4 პირს.

 

30 მარტს, უცხოური კლასტერების გაგრძელებების (კარანტინში მყოფ პირებში ვირუსის დადასტურება და გადაცემა), ადგილობრივი კლასტერების გაჩენისა და მათი გაგრძელებების (შიდა გადაცემა) დადასტურების საფუძველზე, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა :

„დღეს საქართველოში საბოლოო მონაცემებით გვყავს უკვე 100 ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ საბედნიეროდ გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირებულების ზრდის დინამიკა არის შემაშფოთებელი. ამასთან ერთად, დღეს პირველად გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ და გაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული“,

– განაცხადა გიორგი გახარია.

 

31 მარტს შემაშფოთებელი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთმა პაციენტმა საეჭვო კონტაქტების შესახებ ინფორმაცია დამალა.

 

ის ბოჭორიშვილის კლინიკაში ოთხი დღის განმავლობაში, საერთო პალატაში სხვა დიაგნოზით მკურნალობდა, რის გამოც სხვა პაციენტიც დაინფიცირდა. ასევე, წყაროს ინფორმაციით, იმის გამო, რომ აღნიშნული მოქალაქე რისკ-ჯგუფში არ ითვლებოდა, მასთან ექიმები სპეციალური ეკიპირების გარეშე შედიოდნენ.

 

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს დაუდგინდა. ერთ-ერთი პაციენტის შემთხვევაში შიდაგადადება დადასტურდა, ხოლო მეორე გერმანიის კლასტერს მიაკუთვნეს.

 

ეს იყო გახმაურებული შემთხვევა პაციენტის შესახებ, რომელსაც არსებული ალგორითმის მიხედვით მიუდგნენ. შაბამისად, დაავადების დროულად აღმოჩენა პაციენტის ქცევაზე, თუ ნებაზე გახდა დამოკიდებული.

 

დაავადების მართვის ახალი ფაზა

 

შიდა კლასტერების მომრავლება და ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა მთავრობას რეგიონებში საკარანტინო რეგულაციების გამკაცრებისკენ უბიძგებს, თუმცა სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია შემდეგი ნაბიჯებისთვის მთავრობისგან უკვე კონკრეტული სტრატეგიის წარმოდგენას მოითხოვს.

 

მაშინ, როდესაც სიტუაცია ყოველდღე იცვლება და გადაწყვეტილებებიც სიტუაციის შესაბამისად მყისიერი უნდა იყოს, მთავრობა დილემის წინაშე დგას: გაამკაცროს რეჟიმი, რომლის ადეკვატური ეკონომიკური მხარდაჭერა ამ ეტაპზე რთული ან შეუძლებელია, თუ გადავიდეს არაერთი ქვეყნის მსგავსად, ეკონომიკური ბლოკისთვის რეგულაციების შერბილების მოდელზე?

 

9 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება. ისიც უნდა გავითვალსიწინოთ, რომ შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით წესების გამკაცრების თაობაზე.

 

ქობულეთშია საკმაოდ სერიოზული კლასტერი, ასევე მარნეული, ბოლნისი. მოგეხსენებათ, ახლა გაჩნდა ლენტეხი. სამეგრელოშია რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში. ვნახოთ, რა შედეგები გვექნება დღის ბოლოსთვის.

 

ამ განცხადების შემდეგ, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მკაცრის კარანტინი დაწესდა…

 

 

კლასტერების დიფუზია

 

ვინაიდან, გარკვეული ეტაპის შემდეგ კლასტერები ისე იშლება, რომ მათი კვალი იკარგება, რთულდება სტატისტიკის მონიტორინგიც. ამ დროისათვის, შეუძლებელია (ყოველშემთხვევაში, მედიისთვის) იმის დადგენა, თუ რომელ კლასტერზე რამდენი დაინფიცირებული მოდის.

 

ძირითადად, ჩნდება ახალი შიდა კლასტერები: მარნეული-ბოლნისის, ეროვნული გვარდიის, ეროვნული ბანკის, ქობულეთის, სვანეთის, ე.წ. სპორტსმენის (სამეგრელო), ე.წ. რომანოვების (თბილისი), ვანის, თერჯოლის…

 

ამ ვითარებაში, დაავადების განვითარების ტენდენციის ანალიზისთვის, გახმაურებული საყურადღებო შემთხვევების ქრონიკას გთავაზობთ:

 

2 აპრილს ეროვნული ბანკის – საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.

 

იმავე დღეს რუსთავში შუახნის ქალს ახალი კორნავირუსი დაუდგინდა. ის რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დედაა. მისგან დაინფიცირდა დეპუტატი და მისი ორი შვილი.

 

საკრებულოს წევრის დედა ეროვნული ბანკის თანამშრომელია, რომელსაც კიდევ 6 თანამშრომელთან ერთად კორონავირუსი დაუდგინდა. ასევე, რუსთავის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

3 აპრილს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 79 წლის ქალი, ე.წ. მარნეულის კლასტერიდან, რომელსაც კორონავირუსი 22 მარტს დაუდგინდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

4 აპრილი – „ახალი შემთხვევებიდან ძალიან საყურადღებოა ერთი შემთხვევა. დანარჩენები არის უკვე ცნობილი შემთხვევები, მათ შორის, ბანკის საცავის კლასტერის გაგრძელება. კიდევ ერთი შემთხვევა დაკავშირებულია ბოლნისის გაგრძელებასთან.

 

ერთი შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე, რომლის კვლევაც მიმდინარეობს. ეს არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

4 აპრილი – კორონავირუსით დაავადებულ სპორტსმენთან დაკავშირებით საკარანტინო ზონაში 23 ადამიანია გადაყვანილი, 4 ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა კონტაქტების დადგენა და მოძიება ისევ გრძელდება.

 

სპორტსმენი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს 4 ქალაქში იმყოფებოდა და არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ამ ქალაქებს შორისაა თბილისი, ზუგდიდი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ.

 

5 აპრილი – ე.წ ქობულეთის კლასტერი უკავშირდება 55 წლამდე ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთში, სოფელ გვარაში, მშობლების ოჯახს სტუმრობდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მან 4 აპრილს, მუცლის მწვავე ტკივილის გამო, გამოიძახა.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პაციენტი ეროვნული პროტოკოლით გათვალისწინებულ შემთხვევებს არ შეესაბამებოდა და მისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტი კლინიკაში არ ჩაუტარებიათ.

 

5 აპრილს ქალი სახლში გაწერეს, თუმცა სასწრაფო ბრიგადის ხელმეორედ გამოძახება მას იმავე საღამოს დასჭირდა. ქალს და კიდევ 5 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ შორისაა ქალის მამაც, რომელიც, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მანამდე 3-ჯერ იმყოფებოდა ქობულეთის კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით.

ჯანდაცვის სამინისტროში არ აქვთ ინფორმაცია, ვინ არის ე.წ ქობულეთის კლასტერის პირველწყარო. ასევე, უცნობია, ვირუსი ქალმა გადასდო ქობულეთში მცხოვრებ მამას, თუ – პირიქით.

 

6 აპრილი – თბილისის ზღვის ჰოსპიტლის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხ ბექაია ადასტურებს. მისი თქმით ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვისგან გადაედოთ მედიკოსებს დაავადება.

 

38 პაციენტის ანალიზი გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში და 4-ს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათ შორისაა ორი მედიკოსიც.

 

8 აპრილი – ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 60 წლის ბათუმელი ქალი, ჯერ ორ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, შემდეგ კი ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში იმყოფებოდა.

 

8 აპრილი – ბათუმელი მომღერალი აჩიკო გოგიტიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომ კორონავირუსი ისე გადაიტანა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია.

 

ის აშშ-დან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და კარანტინში იყო. მომღერალი წერს, რომ ტესტის გაკეთებას 10 დღის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა უარს ეუბნებოდნენ. სახლში წასვლის წინა დღეს აღებულმა ანალიზმა კი დადებითი პასუხი აჩვენა.

 

8 აპრილი – ვანის ადგილობრივ საავადმყოფოს 28 მარტს 75 წლის ქალმა მაღალი სიცხით მიმართა. რამდენიმე დღეში კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ექიმების განმარტებით, ინფიცირებულმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას დაუმალა სიმპტომების შესახებ და უთხარი, რომ წნევა ჰქონდა.

 

საავადმყოფო დაიხურა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან საავადმყოფოს 10-მდე თანამშრომელი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები, რომლებმაც Covid-19-ით ინფიცირებულს სახლში მიაკითხეს.

 

კორონავირუსი 75 წლის ქალის ოჯახის ორ წევრს – მეუღლეს და სიძესაც დაუდასტურდა.

 

8 აპრილი – თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. Covid-19-ით არიან დაავადებული მისი დედა და ბაბუაც.

 

სტიქაროსანი ვარაუდობს, რომ 82 წლის ბაბუა ლიფტით სარგებლობისას დაინფიცირდა, რადგან ცნობილი გახდა, რომ მესამე სართულზე მცხოვრებ ოჯახის წევრებს ჰქონდათ ახალი კორონავირუსი, რომლებიც ე.წ. რომანოვების კლასტერს განეკუთვნებიან.

 

9 აპრილი – ლენტეხში მცხოვრებ მამაკაცს, ახალი კორონავირუსი დისგან გადაედო, რომელიც ქმრისგან დაინფიცირდა. ქმარი, სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკში მუშაობს. ლენტეხის მერის ინფორმაციით, 50-ზე მეტი ახლო კონტაქტის დადგენა მიმდინარეობს.

 

9 აპრილი – ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია დედა-შვილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია.

 

მისივე თქმით, 40 წლამდე ქალი და 10 წლის მოზარდი თურქეთიდან 5 დღის წინ დაბრუნდნენ. ისინი სარფის საბაჟოდან საკარნტინო ზონაში მოათავსეს, შემოსვლის დღეს ჩაუტარდათ სკრინინგი, მაგრამ არაფერი აღენიშნებოდათ. დღეს დაუდგინდათ ტემპერატურა, იქნა აღებული მასალა და ვირუსიც დადასტურდა.

 

10 აპრილი – თერჯოლაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა შუახნის ქალს დაუდასტურდა. მისი კონტაქტების ნაწილი იდენტიფიცირებულია, თუმცა ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ. ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი. პაციენტის დაინფიცირების პირველწყარო ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

13 აპრილი – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც 4 აპრილს 54 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადასტურდა კიდევ 20 შემთხვევა. კორონავირუსი აღმოაჩნდათ მასთან კონტაქტში მყოფ პირებს, მათ შორის, ოჯახის წევრებსა და მეზობლებს და მათთან კონტაქტში მყოფ პირებსაც.

 

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების და მათი ახლო კონტაქტების რაოდენობა 203-ს შეადგენს. ისინი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან, 187 მათგანს უკვე ჩაუტარდა როგორც PCR, ასევე სწრაფი ტესტები.

 

„ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ქობულეთის კლასტერის წარმოშობის მიზეზი რამდენიმე დაუმორჩილებელი ადამიანი გახდა“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

 

14 აპრილი – ეს არის დღე, როდესაც ბოლო 24 საათში დადასტურებული შემთხვევების ზრდის ყველაზე მაღალი ციფრი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ერთბაშად 30-ით გაიზარდა. მათ შორისაა სასულიერო პირიც, თბილისში, ვერაზე მდებარე რუსული ეკლესიის მოძღვარი. ინფიცირებულია მისი ოჯახის კიდევ 4 წევრი.

 

ამ ციფრს საგანგაშო სიგნალად მიიჩნევს საქართველოს პრემიერმინისტრი და პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს. პრემიერისვე გადაწყვეტილებით 15 აპრილის 21 საათიდან ჩაიკეტება თბილისი, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი.

 

ავტორი: რუსუდან ხუბულავა

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X