19:05 | 2020-07-21 ავტორი: თამარ ბუჩუკური

100 წლის წინ, აქტიური ქალი დეპუტატები გვყავდა, ახლა კვოტების აუცილებლობაა – ბაია პატარაია

100 წლის წინ, აქტიური ქალი დეპუტატები გვყავდა, ახლა კვოტების აუცილებლობაა – ბაია პატარაია

ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში, ქალებისთვის აქტიური როლის მინიჭება, არც ისე ხშირია. ეს თითოულ პოლიტიკურ სუბიექტს ეხება.

 

განსაკუთრებით მათ, ვინც დასავლური ღირებულებებით აპელირებს. „მეტი ქალი პოლიტიკაში“ სწორედ დასავლური ხედვაა და ის ერთ-ერთი ღირებულებაა, რომელიც ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებას მოიცავს – თვითრეალიზაციასა და არა დისკრიმინაციულ მიდგომას.

 

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია „პრაიმტაიმთან“ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობაზე საუბრობს.

 

ის ამბობს, რომ ქვეყნის ცხოვრებაში ქალების დეფიციტი საბჭოთა მემკვიდრეობის მძიმე შედეგია, რადგან ჯერ კიდევ, ერთი საუკუნის წინ, ქართულ პოლიტიკაში განსაკუთრებულ როლს სწორედ ქალები ასრულებდნენ.

 

დღეს, „ქალების პოლიტიკაში“ ლოზუნგად იქცა, რადგან თითოეულ მოქმედ პარტიაში სწორედ ქალის როლის გაზრდის პრობლემა იმდენად მწვავედ დგას, რომ შესაბამისი კანონის მიღებაც კი გახდა საჭირო  – ე.წ. კვოტების დაშვება.

 

რატომ არიან უკეთესი პოლიტიკოსები ქალები - პასუხი ახალგაზრდა პოლიტიკოსი ქალისგან აჭარიდან
2020-05-23რატომ არიან უკეთესი პოლიტიკოსები ქალები - პასუხი ახალგაზრდა პოლიტიკოსი ქალისგან აჭარიდან

 

„კანონის თანახმად, ქალთა ჩართულობაზე პოლიტიკაში კვოტის ამოქმედება არ არის მაჟორიტარ დეპუტატთა კანდიდატებზე გაწერილი.

 

კვოტების მიღება საჭირო იმიტომ გახდა, რომ ქალებს საარჩევნო სიებში არ სვამენ. „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარ დეპუტატთა კანდიდატების ასეთი ფორმით წარდგინება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ქალებს პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი ბარიერი აქვთ.

 

ეს პრობლემა თითოეულ პარტიაში დგას. კვოტების არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა, პარლამენტში კიდევ უფრო შემცირებულიყო ქალთა წარმომდგენლების რაოდენობა.

 

საქართველოში მოქმედი პარტიები ძალიან მასკულინურია. მხოლოდ კაცები იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს გადაწყვეტილებები არ ეფუძნება ადამიანთა შესაძლებლობებს, არ არის მერიტოკრატიული. გაუგებარი პრინციპებით ხელმძღვანელობის გამო, ქალები გარეთ რჩებიან.

 

ისეთ საზოგადოებებში, სადაც ქალებს თანაბარი მონაწილეობის საშუალება აქვთ, იქ კვოტები არ არის საჭირო.

 

საქართველოში პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა დისკრიმინაცია რომ არ ხდებოდეს, საერთოდ არ მოვითხოვდით კვოტებს. ვალდებულების შემთხვევაში მეტ ქალს წარადგენდნენ.

 

კვოტების მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ კვოტებს არსებობა საჭირო არ არის, თუმცა მათაც ნახეს, რომ ძალიან საჭიროა.

 

– რას ეტყოდით მათ, ვინც ამბობს, რომ „პოლიტიკა ქალის საქმე არ არის?“

 

– ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ პოლიტიკა ქალის საქმე არ არის, აქვს სერიოზული ღირებულებითი პრობლემები. ასეთებს ჰგონიათ, რომ ქალი ნაკლებ ნიჭიერია, ნაკლები შესაძლებლობები აქვთ.

 

თუ გადავხედავთ ჩვენი დეპუტატების განათლებასა და შესაძლებლობას, მგონია, რომ ძალიან ადვილი საქმეა, არა თუ – რთული.

 

საქართველო პატრიარქალური ქვეყანაა, სადაც ქალი არის დაჩაგრული. მიაჩნიათ, რომ ქალის საქმე დედობა და დიასახლისობაა. უპირატესობას ანიჭებენ ბიჭ შვილს, უძრავ ქონებასაც ძირითადად, უტოვებენ ბიჭს.

 

ქალი, რომელიც კარიერის შექმნაზეა ორიენტირებული, ჰგონიათ, რომ ის მხოლოდ ერთობა და არ უნდა ჰქონდეს კარიერულ წინსვლაზე პრეტენზია.

 

ეს საბჭოთა მძიმე მემკვიდრეობაა. დამოუკიდებლობისას, 100 წლის წინ, საქართველოს ძლიერი ქალი დეპუტატები ჰყავდა, რომლებიც ძლიერ ფემინისტურ მოძრაობის ჯგუფებს წარმოადგენდნენ.

 

როცა ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში ქალთა უფლებებისთვის იბრძოდნენ, ქართველი ქალებიც ძალიან აქტიურები იყვნენ და მაშინ, გვყავდა ინტელექტუალი კაცები, რომლებისთვისაც ეს ღირებულება იყო.

 

გასაბჭოებამ ჩვენი საზოგადოების განვითარება შეაფერხა. აღარ ვართ იმ საწყისებზე, რაზეც დასავლეთი. ამიტომ, დაჩქარებული წესით, გვიწევს განვითარებაზე ზრუნვა“. – ამბობს ბაია პატარაია.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

X