16:17 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

„ორი დღე დამრჩა!..“ – 23 წლის ქართველი კალათბურთელი დახმარებას ითხოვს

„ორი დღე დამრჩა!..“ – 23 წლის ქართველი კალათბურთელი დახმარებას ითხოვს

23 წლის სპორტსმენ მალხაზ გელაშვილს, რომელიც ესპანეთში, კალათბურთის აკადემიაში მიიწვიეს, სწავლის დასაწყებად სასწრაფოდ სჭირდება გარკვეული რაოდენობის თანხა, რომლის მოგროვებასაც ვერ ახერხებს. ამის შესახებ ის „პრაიმტამს“ თავად უამბობს:

 

– „ესპანეთის ერთ-ერთი აკადემიიდან მაქვს შემოთავაზება. მაქსიმუმ, ერთი დღე დამრჩა, რომ თანხის გადარიცხვა მოვასწრო. ქირით ვცხოვრობთ, მშობლები ვერ მეხმარებიან, რადგან ოჯახში მხოლოდ დედა მუშაობს. მამას ღვიძლის ციროზის მესამე სტადია აქვს. ორი თვის წინ, ფეხზე თიაქარის ოპერაცია გაიკეთა და ამ ეტაპზე, სიარულიც კი უჭირს. დედას ხელფასი – 450 ლარი აქვს და აქედან 300 ლარს, ბინის ქირას ვიხდით. უამრავი პრობლემა მაქვს ოჯახში. ისეთ დღეში ვარ, აღარ ვიცი რა გავაკეთო. მომავალს ვერ ვპოულობ, ცხოვრებას ვერ ვიწყობ – სასოწარკვეთილი ვარ.

 

 ახლა რომელ გუნდში თამაშობთ?

 

– საქართველოში არცერთ გუნდში არ მითამაშია. გია სამხარაძესთან ვვარჯიშობდი, ყოფილი მიხეილ კეკელიძის დარბაზში, რომელიც ახლა ზაზა ფაჩულიას აკადემიის სახელით არის ცნობილი. სწორედ, ეს აკადემია დავამთავრე. ამის შემდეგ წავედი ეპანეთში, სადაც ერთი წლის განმავლობაში, კატალონიის ლიგის გუნდში ვთამაშობდი.

 

width=600

 

– გუნდში სათამაშოდ თუ მიგიწვიეს, თანხას თქვენ გთხოვენ?

 

– ესპანეთის ერთ-ერთი აკადემიიდან მაქვს შემოთავაზება, რომელიც ქ. ვილანოვაში მდებარეობს, სერბებს ეკუთვნის. ისინი დაინტერესდნენ ჩემით, მაგრამ გუნდთან მაღალი დონის კონტრაქტი რომ გავაფორმო, თანხაა საჭირო – მოთამაშე გადაამზადონ, ტრენინგები ჩაუტარონ, ტურნირები ათამაშონ და ამის შემდეგ ხდება, რომელიმე გუნდთან კონტრაქტის გაფორმება. ეს ტრენინგები რომ გავიარო და აკადემიამ დამარეგისტრიროს, ამისთვის გარკვეული თანხაა გადასახდელი.

 

width=600

 

– რა თანხაზეა საუბარი?

 

– ამ ეტაპზე სასწრაფოდ გადასახდელია 1000 ევრო. ძალიან მრცხვენია და მერიდება, მაგრამ ორი დღე დამრჩა. მთავარია ამ კვირაში მოვასწრო გადახდა. ამასთან ერთად ვიზის პრობლემაც მაქვს, თურქეთში, სტამბულში უნდა ჩავსულიყავი და იქ უნდა ამეღო ვიზა. დიდი ხნის პროცედურებია საჭირო, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვასწრებ და ამიტომ, სამი თვით წავალ და კიდევ 3 თვით გამიგრძელებენ. თუ ღმერთის წყალობით წასვლა მოვახერხე, ივნისამდე უპრობლემოდ დავრჩები.

 

width=600

 

– სპორტის სამინისტროს ან კალათბურთის ფედერაციას თუ მიმართეთ?

 

ზაფხულში მომივიდა შემოთავაზება აკადემიიდან. კალათბურთის ფედერაციამ, არცერთ გუნდში არ გამიწია რეკომენდაცია, უყურადღებოდ დამტოვეს. მიპასუხეს, რომ მათ ინტერესებში არ შედის და ვერ დამაფინანსებდნენ – ძალიან მაღალი დონის ლიგაში თუ არ გაქვს ნათამაშები, შენით ვერ დავინტერესდებითო.

 

– ანუ გიპასუხეს, რომ მათ არ ეხებათ?

 

ზაფხულში ვიყავი მისული და ვთხოვე, რომელიმე გუნდიდან მოეცათ რეკომენდაცია, მაგრამ მას მერე არავინ შემხმიანებია. ვთხოვე, ვეღარ ვახერხებ წასვლას, რადგან იქ აკადემიაში ყოფნა ხარჯებთან არის დაკავშირებული და იქნებ აქ ქართულ გუნდებთან მაინც გამიწიოთ რეკომენდაცია, რომ სინჯებზე მიმიღონ მეთქი. მიპასუხეს, შენ თუ ესპანეთში მაღალ დონეზე არ თამაშობდი და პრესა არ გაშუქებდა, არ ვინტერესდებით ესეთი მოთამაშეთიო, ეს შენი პირადი საქმეა და ჩვენ არ გვეხებაო. გამოდის, რომ არ მაქვს უფლება ვივარჯიშო, ვიშრომო და მივაღწიო იმ მაღალ დონეს? დაბადებიდან, ყველა მაღალ დონეზე ხომ არ არის. ამის შემდეგ, კალათბურთის ფედერაციას მივმართე და ვიზაზე დახმარება ვთხოვე, მაგრამ იგივე პასუხი მივიღე – „ჩვენ არ გვეხებაო“. ვიცით, რომ სტამბულში კეთდება და ჩვენ ვერ დაგეხმარებითო.

 

მანამდეც საქართველოში რომ ვვარჯიშობდი, მე და ჩემი მეგობარი ორჯერ მივედით კალათბურთის ფედერაციაში, ბურთი არ გვაქვს ვივარჯიშოთ და იქნებ, რამე ბურთი მოგვცეთ, თუნდაც მეორადი-მეთქი და გვიპასუხეს, ჩვენ არ გვეხება ეგ საკითხი, ხვალ მოდითო. მეორე დღეს მივედით და ახლა არ გვაქვს ბურთებიო. ვერასდროს დავივიწყებ ამ სიმწარეს, ამ უდიდეს ტკივილს. დღესაც გული მტკივა, ამ დღეს ხშირად ვიხსენებთ მე და ჩემს მეგობარი.

 

სხვადასხვა კომპანიებსაც გადავუგზავნე ელექტრონული ვერსია, მაგრამ ჯერჯერობით არავინ შემხმიანებია. მერიდება, ვერავის ვერ ვავალდებულებ, მაგრამ თუ შეგროვდა თანხა და გადარიცხვა მოვასწარი, ნამდვილი სასწაული იქნება. აღარ ვიცი ვის მივმართო, ვის ვთხოვო. ძალიან მინდა დავუმტკიცო ყველას, რომ მეც შემიძლია, ნულიდან წარნატების მიღწევა. პირველ.რიგში კი, სახელმწიფოს და კალათბურთის ფედერაციას, ვინც გაჭირვების დროს ხელი მკრა. ეს შანსი რომ გავუშვა ხელიდან, როგორ ვიცხოვრო… ნეტავ იცოდეთ როგორ მტკივა გული. ერთი ნაბიჯი მაკლია წარმატებამდე და ვერ ვახერხებ.

 

ჩემი პირადი ანგარიშის ნომერია – GE64TB7754945061100107 მალხაზ გელაშვილი.

 

საკონტაქტო ნომერი – 568 72 29 75.

 

„პრაიმტაიმი“ კალათბურთის ფედერაციას დაუკავშირდა და მალხაზ გელაშვილის უცხოეთში დაფინანსებაზე მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია გაარკვია.

 

„მსგავს პიროვნებას არ ვიცნობთ. მისი სპორტული კარიერა, ჩვენთვის უცნობია. ეს მოთამაშე, არც ასაკობრივ ნაკრებში და არც ნაკრებში არ ყოფილა, თორემ გვეცოდინებოდა. არც წერილი შემოსულა მის სახელზე და არც პირადად მოუკითხავს. ზოგადად, ჩვენ სიამოვნებით დავაფინანსებდით, ამის სურვილი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ფინანსური პრობლემებია – ჩვენ ძირითადად სახელმწიფო გვაფინანსებს. შესაბამისად, ამ საკითხში შეზღუდულები ვართ. ბიუჯეტზე ვართ დამოკიდებულები და ამიტომ დაფინანსების საშუალება არ გვაქვს. ყველაფერთან ერთად, ეს მოთამაშე, არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ირიცხება. ჩვენთვის უცნობი პიროვნებაა“, – აცხადებენ კალათბურთის ფედერაციაში.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები