17:54 | 2020-03-24 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

„სერგო ყველას გვიხუტებდა გულში“ – რას ჰყვებიან ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილ მამაკაცზე

„სერგო ყველას გვიხუტებდა გულში“ – რას ჰყვებიან ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილ მამაკაცზე

ბარსელონაში, კორონავირუსით გარდაცვლილი 73 წლის სერგო მელაძის ცხედარს, დღეს კრემაცია ჩაუტარდება.

 

გარდაცვლილი მამაკაცი წლების განმავლობაში ახალციხის რაიონულ თეატრში მსახიობად და ადმინისტრატორად მუშაობდა. მას წალენჯიხის პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული.

 

„ჩვენი თეატრის გამორჩეული მსახიობი იყო, უნიჭიერესი, საოცარი პიროვნება. 22 წელი იმუშავა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ადმინისტრატორის თანამდებობაზე“, – ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.

 

მისივე თქმით, სერგომ წალენჯიხის პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და რამდენიმე წლის განმავლობაში წალენჯიხაში, ბოლო 15 წელი კი ბარსელონაში მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობდა.

 

73 წლის მამაკაცი სამშობლოში უკანასკნელად სკოლის დამთავრების ბანკეტზე, გასული წლის 25 ივნისს ჩამოვიდა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, კლასელების შეკრების ინიციატორი თავად სერგო მელაძე იყო. „პრაიმტაიმი“ წალენჯიხაში მის მეგობრებს დაუკავშირდა.

„ყველას გვიხუტებდა სერგო გულში, გვეფერებოდა… საოცარი ადამიანი იყო, გამორჩეული ქართველი, უნიჭიერესი მსახიობი, როგორ დაგვწყვიტა გული ყველას“, – ამბობს სერგო მელაძის კლასელი ლია ანთია.

 

მისივე ინფორმაციით, თანაკლასელები მომავალ შეკრებას სექტემბერში გეგმავდნენ, სადაც სერგო მელაძეც უნდა ყოფილიყო.

 

კლასელების ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება სერგო მელაძის მეუღლე და მისი შვილები.

 

73 წლის სერგო მელაძე ბარსელონაში COVID 19-ით 22 მარტს გარდაიცვალა.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები