fbpx
01:10 | 2020-03-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„იტალია ის იტალია აღარ არის“ – ქართველი ემიგრანტები წითელ ზონაში 

„იტალია ის იტალია აღარ არის“ – ქართველი ემიგრანტები წითელ ზონაში 

იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, კორონავირუსის მხრივ ყველაზე მძიმე ვითარებაა. ვირუსის ​გავ­რცე­ლე­ბი­თა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით იტა­ლია ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წითელ ზონად გამოცხადა და ორკვირიანი კარანტინი დაწესდა. „პრაიმტაიმი“ წითელ ზონაში მყოფ ემიგრანტებს დაუკავშირდა.

 

იტალიის ქალაქ პალერმოში მყოფი ემიგრანტი, ნინო ხომასურიძე გვიყვება, რომ ქალაქი დაცარიელებულია და ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის სპეციალური სერთიფიკატია საჭირო.

 

„ერთ თვეზე მეტია სახლიდან არ გავსულვარ. ქალაქი ცარიელი და სკოლები დაკეტილია. თავდაპირველად, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. არ იშოვება პირბადე და სადეზინფექციო ხსნარები. პროდუქტი არის. ადგილობრივები მაქსიმალურად ერიდებიან ტრანსპორტს. მე პირადად, მხოლოდ პროდუქტისათვის გავდივარ, სახლის წინ გვაქვს მარკეტი. არავინ ელოდა, რომ ვირუსის აფეთქება ასე სწრაფად მოხდებოდა, აქაური მთავრობა ძალიან მშვიდად იყო. გვეუბნებიან, დათბება და გაივლისო. მაგრამ სანამ გაივლის, ათასობით ადამიანია ავად. მოკლედ, იტალია ის იტალია აღარ არის“.

 

ვენეტოს რეგიონში, ვენეციიდან 80 კმ. ცხოვრობს ქართველი ქალი, რომელიც უკვე იტალიის მოქალაქეა. გვიყვება, რომ ყველაზე რთული სიტუაცია ლომბარდიაშია.

 

„როცა ეს რეგიონი წითელ ზონად გამოცხადდა, მოსახლეობა ღამე მატარებელს მიაწყდა და სამხრეთისკენ მიდიოდნენ. ვერ გაიაზრეს, რომ ახლა იქ მიჰქონდათ ვირუსი. ახლა უკვე სამ აპრილამდე წითელი ზონაა ყველგან. დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს ეს, თორემ აქაური ეკონომიკაც მერყეობს და უარესი მოხდება. მთავარია, დისტანციის დაცვა და ჰიგიენა, სასურველია სახლში ყოფნა, ყველა ღონისძიება გადაიდო: სპორტი, კინო, თეატრი. ჩემს უფროს შვილს „სკაიპით“ ვიდეო გაკვეთილები უტარდება, უმცროსს დავალებები მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოსდის“.

 

ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონში, 35 წლის ახალგაზრდა ქალი თვეების წინ სამუშაოდ წავიდა, საქართველოში კი დატოვა 16 წლის ქალიშვილი და ქმარი. მისი თმით, ფუნქციონირებს მარტო მარკეტები და აფთიაქები, სადაც სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ვერ შეხვალ.

 

„სამ კვირაზე მეტია სახლიდან არ გავსულვარ. ვცხოვრობ მოხუც ცოლ-ქმართან. აქეთ ცრემლები მახრჩობს, აქეთ შვილი მენატრება. ისე, იტალიაში მაქსიმალურად მობილიზებულნი არიან. ვინც კი დაიცავს დადგენილ წესებს, არაფერი არ უნდა დაემუქროს, რისკის ქვეშ არიან უფრო მოხუცები, ქრონიკული ავადმყოფები, ვენეტოში ახალგაზრდის გარდაცვალება კორონავირუსით არ გამიგია. თითქმის ყველა 80, 90 და 95 წლისანი იყვნენ“, – გვწერს ახალგაზრდა ქალი ვერონადან.

 

ინგა ბასხაჯაური, ბარი:

 

„ქალაქებში და სოფლებში იტალიისათვის უჩვეულო სიჩუმეა, გაჩერდა იტალია. ამ მთავრობამ დააგვიანა კანონების გამკაცრება, თუმც იმედს არ ვკარგავთ, რომ თვითიზოლაცია აუცილებლად შედეგს გამოიღებს. არც იყო სხვა არჩევანი, რადგან ამ ეპიდემიის ხასიათი ჯერ კიდევ ბოლომდე არაა შესწავლილი. ვერ ვიტყვი, რომ პანიკა და შიში არაა, მაგრამ ზოგიერთი რამ ჩვენზეც არის დამოკიდებული და აუცილებლად მოერევა იტალია ამ ეპიდემიას. სასურსათო და სააფთიაქო ობიექტების გარდა, ყველაფერი დახურულია. გარეთ გასვლა მხოლოდ აუცილებელი (სურსათი და წამალი) საქმის გამოა შესაძლებელი და მაშინაც, საჭიროა სერტიფიკატი. ემიგრანტებს ვუსურვებდი სიმშვიდის შენარჩუნებას, დაწესებული რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებას და მოთმინებას ისევ ამ ქვეყნის და ზოგადად ჩვენი სამშობლოს ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად. ყველაფერი იქნება კარგად!…“

 

ემიგრანტი რომიდან :

 

„რომში ვარ, წითელ ზოლში. არაფერი მუშაობს, გარდა აფთიაქებისა და სუპერმარკეტებისა. ქალაქში გადაადგილების უფლება არ გვაქვს. სპეციალურ ბლანკს ვავსებთ, რომ უნდა წავიდეთ ექიმთან ან რაიმე აუცილებელ საქმეზე. მე მაგალითად, შვილებთან ვერ მივდივარ. მაღაზიაში შესვლისას რეზინის ხელთათმანებს და ნიღბებს გირიგებენ, პროდუქტის მარაგი არის. ქართველი ემიგრანტების ნაწილი დროებით უმუშევრები დარჩნენ, ძალიან ცუდი სიტუაციაა“.

 

ფიქრია კუჭუხიძე, ბარი:

 

„ქალაქ ბარში ყველაფერი დაიკეტა, გარდა სურსათის მაღაზიების და აფთიაქებისა. მხოლოდ სავალდებულო ოფისები არის ღია. გადაადგილების დროს ამოწმებენ მოქალაქეებს. აუცილებელია, რომ გადაადგილებისას მოქალაქეებს თან ჰქონდეთ სერთიფიკატი, რომელშიც წერია სახელი-გვარი და რატომ არიან გარეთ. შესაბამისად, ეს უსაბუთო მოქალაქეების უსაფრთხოებაზე მოქმედებს. სავალდებულოა, რომ 2 კვირა გარეთ არ გავიდეთ, მაგრამ ყოველდღე მიწევს გარეთ გასვლა. მადლობა ემიგრანტებს, რომლებმაც კულტურულად გაიაზრეს კარანტინი, ისედაც კვირაში 2 დღე ჰქონდათ დასვენება. ყურადღებას გავამახვილებ 3 თვით ჩამოსულ ემიგრანტებზე. კმარა ზედმეტი პანიკა. თუ არ მიდიოდნენ, არც ახლა დაბრუნდნენ. დარჩნენ აქ და სიტუაცია დალაგდება. მხოლოდ სარკინოგზო გზით შეუძლიათ დაბრუნება სამშობლოში. ბარი-რომი-უკრაინის გავლით არის ფრენა შესაძლებელი თბილისის მიმართულებით და ვერავინ მისცემს მათ გარანტიას, რომ შუა გზაში რა შეფერხება მოხდება. ყველაზე მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გავამხენევოთ ერთმანეთი. დაველოდოთ როდის დალაგდება სიტუაცია. უნდა გავიაზროთ ის პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავართ.

 

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ნიუ-იორკშიც.

 

ცუცა კაპანაძე ნიუ-იორკიდან:

 

„ქალაქის მერმა, დე ბლასიომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომ დღეიდან შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა. ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ გარკვეული დროით კარანტინი გამოცხადდებაო, ამიტომ, მოიმარაგეთ წყალი და სურსათიო, ყველა ვემორჩილებით წესებს. სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, უკვე რამდენიმე დღეა, მაღაზიებში გაუთავებელი რიგებია, გადაიდო ყველა ღონისძიება, სპორტული თამაშები, ბროდვვეის შოუები, ქუჩაში და ტრანსპორტში ხალხის მოძრაობა საგრძნობლად შემცირდა, გენერალურ საკონსულოში ამოქმედდა 24-საათიანი ცხელი ხაზი. თითოეული საკონსულოს თანამშრომელი მზადაა დახმარებისათვის. გვირეკავენ ხშირად, ხომ არაფერი გვჭირდება. ყველა საინფორმაციო პორტალზე დადეს ინფორმაცია დახმარებისათვის. დიდი მადლობა მათ ყურადღებისათვის. ჩვენმა ქართული კულტურის ცენტრმა Dancing Cran e Danc studio ორი კვირით შევწყვიტეთ მეცადინეობა სიფრთხილის მიზნით. იმედს ვიტოვებთ, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და მალე დამარცხდება 21 საუკუნის ეს საშინელი ვირუსი”.

 

კარანტინი არ არის, მაგრამ რთული ვითარება ესპანეთშიც, – ასე აფასებენ მდგომარეობას იქაური ემიგრანტებიც. ესპანეთის ქალაქ კორდობაში მცხოვრები, ქართველი ემიგრანტი ია ჭიკაძე ამბობს, რომ ქალაქ კორდობაში სკოლები დაკეტილი და ცხოვრება შეფერხებულია.

 

„მადრიდი დაკეტილია, ხალხიც შეშინებული. პროდუქტის მაღაზიები სწრაფად ცარიელდება, პირბადე და სადეზინფექციო ხსნარები არ იშოვება. ხალხი ტრანსპორტს თავს არიდებს, მეც ფეხით დავდივარ. ამ წუთში ტელევიზიით გადმოსცეს, 3000 ინფიცირებულიაო. მეც ვწუხვარ, მაგრამ საქართველოში ვერ წამოვალ, აქ დალხენილი არავინ ჩამოდის“, – ამბობს ია ჭიკაძე.

 

ვითარება დაძაბულია საბერძნეთშიც. სალონიკში მცხოვრები ლეილა მაჩაიძე გვიყვება, რომ სკოლები დაკეტილია და მოსახლეობა სახლშია.

 

„ხმოვანი შეტყობინებები გამოგვიგზავნეს ტელეფონებზე, რომ სახლში დავრჩეთ. ქალაქი ცარიელია. პროდუქტი არის და ხალხი მხოლოდ ამისთვის გამოდის. სპირტიანი სადეზინფექციო საშუალებები არ იშოვება. პირბადითაც მე დავდივარ და იაპონელები გამოჩნდებიან ხოლმე ასე. დღეს გამოქვეყნდა 99 ინფიცირებულიაო. ამბობენ, კიდევ ორი კვირა გაგრძელდება ასეო და ვნახოთ. დაბრუნებაზე არ მიფიქრია, მანდ რა გავაკეთო. გაივლის ეს და გავაგრძელებთ ნორმალურ ცხოვრებას“.

 

ავტორი: თეონა აბესაძე

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X