12:55 | 2020-03-23 ავტორი: Prime Time

„გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში“ – დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი შექმნილ ვითარებაზე

„გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში“ – დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი შექმნილ ვითარებაზე

დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის პრევენციაზე, საეკლესიო მსახურების, მრევლის ტაძრში მისვლისა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე ვრცელ წერილს აქვეყნებს.

 

დეკანოზი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ახლა, ამ რთულ რეალობაში არ არის კამათისა და საქმის გარჩევის დრო!

 

„ვფიქრობ აშკარად გამოიკვეთა, რომ დიდი მისია გვექნება შესასრულებელი…!
რა თქმა უნდა, ეს მისია ერგება ყველას, მაგრამ მას სჭირდება არა გულზე მჯიღის ცემა, არამედ დამშვიდება, დაფიქრება და მოცდა.

 

გაიხსენე, ვინ ამტკიცებდა, რომ არ მიატოვებდა და უარყო… ფრთხილად!

 

გაიხსენე, ვინ იყო, ვინც თითქოს საერთოდ არ იდგა უფლის გვერდით და ფარული მოწაფე აღმოჩნდა, რომელიც იმ მნიშვნელოვან „წამს“,საჭირო და მნიშვნელოვან დროს ელოდებოდა და უფლთან სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის ყველამ მიატოვა… ამიტომ ნუ ჩქარობ, ილოცე, იფიქრე, ელოდე და ის თავად გიჩვენებს, სად, როდის და როგორ სჭირდები ღმერთსა და მოყვასს! (საკეთებელი ბევრი იქნება…)

 

ვფიქრობ, ამ რთულ რეალობაში არ არის კამათისა და საქმის გარჩევის დრო!

 

ვფიქრობ, მორწმუნეების ის ნაწილიც გულწრფელია, ვისაც სწამს და სჯერა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას უკან და მიაჩნია, რომ სწორედ ამით რჩება უფლის ერთგული.

 

მეორენი კი ფიქრობენ, რომ თვითონ მზად არიან თავგანწირვისთვის, მაგრამ მათ მაინც არ აქვს უფლება, სხვის ნაცვლად გადაწყვიტონ ეს გმირობის აქტი და საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი.

 

მჯერა და მწამს, რომ ორივე პოზიცია ღვთისა და მოყვასის მსახურების გულწრფელი სურვილიდან მომდინარეობს. ჭკუის დარიგების დრო არ არის, საჭიროა სწრაფი მოქმედება! პროგნოზებს არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ (ღმერთმა ქნას, შევცდე) სულ მალე რეალობა თავად გვიჩვენებს, დაგვაფიქრებს და შეგვაშფოთებს

 

ამიტომ, უპირველესად გასაკეთებელია არ ავჩქარდეთ (განცხადებებით, მოწოდებებით), გავუფრთხილდეთ ერთმანეთს რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს – დარჩით სახლში! (არ ვგულისხმობ სასულიერო პირებს რომელთაც ყველა შემთხვევაში მოგვიწევს მსახურება სულიერი თუ ხორციელი ყველა ადამიანისათვის)

 

უწმინდესის საკვირაო ქადაგებაშიც გარკვევით იყო მითითებული, რომ რთული გზა გველის და ერთმანეთი არ უნდა მივატოვოთ. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი მისია არა გულზე მჯიღის ცემა, შფოთვითა და ოხვრით თვითმკვლელობაა, არამედ სიტუაციის გართულების (რაც, ვფიქრობ, გარდაუვალია) პირობებში აღმოვჩნდეთ სწორედ იქ, სადაც უფლის მიერ მოწოდებული მისია მიგვანიშნებს, იქ, სადაც ღვთისა და მოყვასის მსახურების შესაძლოა ყველაზე სარისკო ზონებია! ამიტომ აუცილებელია, მივენდოთ უწმინდესის სიტყვებს – ვილოცოთ, ვიფიქროთ, დაველოდოთ ჩვენი მოქმედების დროს ღვთისა და მოყვასის თავგანწირვით მსახურებისთვის და უფალი აუცილებლად მოგვიხმობს! (ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რესურსი რომელიც ჩვენში ძალიან დიდია სწორად იქნას გამოყენებული)

 

წირვა, ლოცვა, მარხვა და ზიარება სწორედ იმისთვისაა, რომ მოგვამზადოს ამ მსახურებისთვის და არა პირიქით, რომ არ ვიფიქროთ მოყვასის უსაფრთხოებაზე,
არ გავუფრთხილდეთ მის სიცოცხლეს,
არ ვიზრუნო მასზე და მხოლოდ ზიარება იყოს ჩვენი თვითმიზანი;

 

ჩვენ ხომ იმიტომ დავდივართ ტაძარში, იმიტომ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რომ ჩვენი მაცხოვარივით თავი დავდოთ მოყვასისთვის.

 

ვილოცოთ დაველოდოთ და მოვემზადოთ – მოყვასისთვის თავის დადების ჟამი მოგვიახლოვდა, ყველას გვერგება დავალება, ყველას ექნება თავისი მისია, მაგრამ ხმაურით, გულზე მჯიღის ცემით, ცრუ დაპირებებით შეიძლება მთავარი გამოგვრჩეს, გამოგვეპაროს, დავრჩეთ ტრაბახის ამარა და ავტირდეთ, ვითარცა თავი მოციქულთა პეტრე…

 

აშკარაა, რომ მოყვასისთვის თავდადების დრო დგება და პირველად მივხვდი (შესაძლოა, ვცდები), როგორ შეიძლება გაბრწყინდეს (ამ სიტყვის ძალიან უბრალო გაგებით) საქართველო…

 

დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღმოვჩნდებით მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდებით ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის, განურჩევლად პარტიისა, ეროვნებისა და სხვა სოციალური სტატუსისა!

 

სულ ვფიქრობდი, რას შეიძლება ჩვენს ირგვლივ გამეფებული საშინელი დაპირისპირება და პოლარიზება დაესრულებინა და სწორედ ახლა დადგა ეს დრო. ეს არის უდიდესი მისია, გავერთიანდეთ ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის! (ვილოცოთ, მოვემზადოთ, დაველოდოთ)

 

ნუ განკითხავ საკუთარ თავს და ნურც მოყვასს, რომ მცირედ შეშინდი, დაიბენი ან სახლში ჩაიკეტე. ეს ბუნებრივია, და საჭიროც, ეს ზრუნვაა მოყვასზე და საკუთარ თავზე.

 

მოციქულებიც ჩვენსავით იყვნენ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. მთავარია იფიქრო, ელოდო, მოემზადო და ის დახშულ კარშიც შემოვა, მოგიწოდებს და შენს მისიას აღგასრულებინებს!

 

„და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!“(იოანე 20.19) – ეს არის უდიდესი მისია, გავერთიანდეთ ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის!

 

ეს არის ჩემი როგორც ადამიანის, მღვდლის და მოქალაქის პირადი აზრი, რომელიც არ შემეძლო არ დამეფიქსირებინა.

 

ესეც გაივლის! მთავარი არა ისაა ჯვართან დგეხარ თუ არა ჯვარცმის დროს, არამედ ჯვარცმის მერე ჯვარცმულის გარეშე სიცოცხლე რომ აღარ შეგიძლია!

 

გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის!“, – წერს დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები