10:28 | 2020-02-04 ავტორი: Prime Time

„დღეს ზურაბ ჟვანია მოკლეს!” – როგორი იყო ხათუნა ხოფერიას ზურაბ ჟვანია

„დღეს ზურაბ ჟვანია მოკლეს!” – როგორი იყო ხათუნა ხოფერიას ზურაბ ჟვანია

3 თებერვალი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეა. გამოძიების დასკვნის თანახმად პრემიერ-მინისტრი უბედური შემთხვევის მსხვერპლია, ბუნებრივმა აირმა გაგუდა. ოჯახის წევრებს კი იმთავითვე ეჭვი ჰქონდათ, რომ ის მოკლეს. ზურას ძმა, გოგლა ჟვანია, 2015 წელს, ტრაგედიიდან ათი წლის თავზე უცნობ დეტალებზე ყვებოდა.

 

მისი თქმით ის გამათბობელი, რომელიც იმ ოთახში იყო დამონტაჟებული, სადაც ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გარდაცვლილები იპოვეს, საერთოდ არ ჩართულა.

 

“გამათბობელი, რომელიც, იმ სახლში იყო დამონტაჟებული, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, საერთოდ არც კი ჩართულა. მას საერთოდ არ უმუშავია. ფედერალური ბიუროს დასკვნაში ამაზე არაფერი წერია, თუმცა ირიბი მინიშნება ამაზე მაინც არის”, – აცხადებდა გოგლა ჟვანია.

 

იმაში, რომ პრემიერ-მინისტრი მოკლეს, ზურას მეგობარი და თანაგუნდელი, ხათუნა ხოფერიაც დარწმუნებულია. ის დღეს ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.

 

„15 წლის წინ, 3 თებერვალი გათენდა… ან… არ გათენდა…

 

15 წელი და არც ერთი ნაბიჯი წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში… საქართველოს პროკურატურა! დახურე საქმე!!! სირცხვილია!!! დახურე და გახადე მასალები ჩვენთვის ხელმისაწვდომი… ამას ვეუბნებოდით მიშას სისხლიან პროკურატურას და ამას გეუბნებით 15 წლის შემდეგ თქვენ, ჩვენო მონაპოვარო!

 

ყინავდა… იყო დიდი თოვლი და გაუსაძლისი ტკივილი. ერთმანეთში არეულიყო ცოდვა და მადლი… ახლაც ყინავს, ახლაც მტკივა და ახლაც ყველაფერი ერთმანეთშია არეული……….

 

დღეს ზურაბ ჟვანია მოკლეს”.

 

ხათუნა ხოფერიას ზურას, როგორც მეგობრის, გახსენება ვთხოვეთ. „პრაიმტაიმის“ მკითხველი პოლიტიკოსს მრავალფეროვანი შტრიხებით გაიცნობს.

 

ხათუნა ხოფერია: – ძალიან ყურადღებიანი იყო. მასში მეგობრობა  გამოკვეთილი იყო როგორც ღირებულება. კარგი ურთიერთობა ჰქონდა კლასელებთან, კურსელებთან. ბუნებრივია მათთან, ვისთან ერთადაც „მწვანეთა“ მოძრაობა გააკეთა. ახალი სახეების და ადამიანების ძიებაში იყო. შემსწრე ვარ ახალი სახეები როგორ შეიყვანა ქართულ პოლიტიკაში. „მოქალაქეთა კავშირის“ სიაში „ახლების“ (გაჩეჩილაძე, გამყრელიაძე, იაშვილი…) შეყვანით გახარებული და ბედნიერი იყო. ეს ახალი სახეები წარმატებულები, განათლებულები, ვიზუალურად წარმოსადეგები იყვნენ. თუმცა მათგან მოგვიანებით დიდი დარტყმა მიიღო ზურამ.

 

ჰქონდა თვისება, რაც დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია – ეძებდა განათლებულ, წარმატებულ ადამიანს, თან ყოველგვარი შიშის გარეშე, რომ ამ ადამიანებით მისი ჩანაცვლება მომხდარიყო. თავის თავში დარწმუნებული იყო და მისთვის ახალი ადამიანების აღმოჩენა პირიქით, ბედნიერება იყო. სააკაშვილის ხელისუფლებას ეს თვისება ნაწილობრივ გააჩნდა. მიშა ახალ ადამიანებს ეძებდა, თუმცა კონკურენტებს ადვილად და ერთი ხელის მოსმით იშორებდა.

 

ზურა ყველა სფეროს კარგად ფლობდა – მუსიკას, ლიტერატურას, ხელოვნების სხვადასხვა დარგს… ნიჭიერი ადამიანების გვერდში დგომა უყვარდა.

 

ნიკოლოზ რაჭველი ფესტივალზე თუ კონკურსზე მიდიოდა და მახსოვს, დავით ტყეშელაშვილს დაავალა მაქსიმალურად ხელი შეეწყო მისთვის. ზურას იმის უნარი ჰქონდა, რომ ადამიანში თავიდანვე შეენიშნა ნიჭი.

 

პარლამენტში კარგი წიგნები შემოჰქონდათ, რუსულად ნათარგმნი ლიტერატურა. მაშინ ამდენი გამომცემლობა არ იყო და ახალი წიგნებით განებივრებული არ ვიყავით. ამიტომ ბედნიერება იყო და ჩასაფრებული ვიყავით, რომ ეს წიგნები გვეყიდა… მაშინ მილან კუნდერა პირველად წავიკითხე. მის რომანზე „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ ზურას ვუთხარი, ფანტასტიკური წიგნია, გინდა ამოგიტან-მეთქი? უცებ გამომხედა და ამ რომანის პერსონაჟების სახელები დაასახელა და ფაქტები მომიყვა… ისე უხერხულად ვიგრძენი თავი… როდის ასწრებ რომანების კითხვას, ამის დედა ვატირე-მეთქი, ვაკოცე და გამოვედი კაბინეტიდან რომ აღარ გაეგრძელებინა მოყოლა. მართლა არ ვიცი, როდის ასწრებდა ამდენს.

 

ერთხელ სანაპიროზე ხალიჩების მაღაზიაში შევედი. აზერბაიჯანელი მეპატრონე ჰყავდა მაღაზიას და მან მითხრა: ჩვენთან უცხოელ სტუმრებს ხშირად გზავნის ზურა ჟვანიაო. ერთხელ სტუმარს თვითონაც მოყვა და მე შევთავაზე – მინდა ერთი ხალიჩა გაჩუქოთ, ხელს რომელსაც დაადებთ, იმას გაჩუქებთ-მეთქი. ზურას ამოურჩევია უნიკალური, ყველაზე პატარა ზომის ხალიჩა, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა თურმე. არავინ იცის, ის ამდენად ერკვეოდა  ხალიჩებში, რომ ასეთი ძვირფასი ამოარჩია, თუ უბრალოდ თავის გემოვნებას ენდო…

მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა მსახიობებთან, მუსიკოსებთან, მეცნიერებთან. არ მახსენდება ფაქტი, როგორი დაკავებულიც არ უნდა ყოფილიყო, მათ არ გასაუბრებოდა, მათი თხოვნა არ შეესრულებინა.

 

ცეკვა დიდად არ ეხერხებოდა, იცით, ფეხი ტკიოდა. ერთადერთი, რისი ცეკვაც უყვარდა, იყო სვანური „შინა ვორგილი“, გიჟდებოდა ამ ცეკვაზე და სულ ცეკვავდა. ძალიან მხიარული ადამიანი იყო. თუ სახლში იხდიდა დაბადების დღეს, მისვლა დაუპატიჟებლად შეგეძლო. მიხვიდოდი, კარგად შეჭამდი, მოილხენდი, დროს გაატარებდი და წამოხვიდოდი… მისი სახლის დაბადების დღე განსაკუთრებულად ლამაზი იყო. მღეროდა მისი სიმამრი, მამასთან ერთად მღეროდა ნინოც… ახალი წლის ღამესაც მივდიოდი ზურასთან სახლში. დაპატიჟება არ იყო აუცილებელი. ჩვეულებრივი მასპინძელი იყო, მხიარული, წელში გამართული, უყვარდა კარგი საჭმელები რომ იყო სუფრაზე. ზღვარსგადასული დროსტარება მიდიოდა. მეგობრებთან ერთად ყოფნა უყვარდა.

 

 

2001 წელი იქნებოდა, „მოქალაქეთა კავშირს“ რომ გამოვეყავით და ოპოზიციაში წავედით. თვენახევარში მისი დაბადების დღე იყო, სანაპიროზე რესტორანში აღნიშნა. ერთადერთი გია შერაძე მოვიდა, საკრებულოს თავმჯდომარე. ხელისუფლებიდან სხვა არავინ მოსულა, დიპლომატები იყვნენ. ზოგადად მის დაბადების დღეებზე მისნისტრების ცვენა იყო ხოლმე. ზურამ იხუმრა, ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი გვესწრება, სამაგიეროდ ბევრი დიპლომატი გვყავსო. ჰქონდა კარგი და სხვადასხვანაირი იუმორი. ფანტასტიკურად მოყვებოდა ანეკდოტს. იუმორში ცინიზმიც ჰქონდა. შეიძლებოდა დაენგრიე, მაგრამ ისე აკეთებდა, ვერ ბრაზდებოდი, რადგან შიშველი ცინიზმი არ ახასიათებდა. სხარტულები იცოდა, სიტუაციის იუმორში გადაყვანა, თუმცა არანაკლებ ეფექტურად ბრაზდებოდა. არ უნდა შესკდომოდი, არგუმენტებით ვერ მოუგებდი, ამიტომ ჯობდა გაჩერებულიყავი. ტყუილ-უბრალოდ არასდროს ბრაზდებოდა.

 

სპორტი ცურვის სახით იყო მის ცხოვრებაში. ყოველ დღე სამ კილომეტრს ცურავდა. დადიოდა „ლაგუნაზე“, ეს მისი ყოველდღიური რიტმი იყო. სასწაული თუ არ ხდებოდა, ყოველ დღე ცურავდა.

 

ძალიან კარგი ადამიანი იყო. რა თქმა უნდა, მინუსები ჰქონდა, მაგრამ ბევრი დადებითი თვისებით მათ ფარავდა. ჯობდა არ გაძალიანებოდი. პერსპექტივაში შეიძლება საჭირო გამხდარიყო ადამიანის ან გაშვება, ან დაქვეითება. ძალიან განიცდიდა თუ ეს ადამიანი ვერ გაუგებდა. ცდილობდა მასთან მუდმივ კონტაქტზე ყოფილიყო. მოიკითხავდა, რას შვები, ახალი სამსახურით კმაყოფილი თუ ხარო? მეგობრობა და ურთიერთობა მისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყო. ვფიქრობ, ყველაფერი ამ ღირებულებაზე ჰქონდა აგებული. და მოგვიანებით, მისი ამ მთავარი ღირებულების პერსონაჟების მხრიდან ხდებოდა ზურას დაკნინება.

 

მაგიდაზე ედო მონბლანის საწერკალამი. მაჩვენე, როგორია-მეთქი. და მაჩუქა. წესად ჰქონდა, თუ ვინმეს რამე მოეწონებოდა, წაიღე, გქონდესო, იტყოდა…

 

როდესაც გარდაიცვალა და პარტიის ოფისში მის ნივთებს ვალაგებდით, მისმა ცოლმა, ნინომ მითხრა, არ გინდა რამე სამახსოვროდ რომ წაიღოო? და ავიღე ბუდას სამშვენისი. რაც თავი მახსოვს, სულ ედგა მაგიდაზე. ეს ბუდა მინდა-მეთქი. რაღა მაინცდამაინც ეს აირჩიეო, ნინომ მკითხა. მე ვუთხარი, ზურა რომ ბრაზდებოდა და ჩემზე თავდასხმას იწყებდა, ბუდას სლიკინა თავზე ვეფერებოდი და სანამ ჩხუბს დაამთავრებდა, ჩაფრენილი ვიყავი ამ ბუდაზე, მინდოდა ზურასთვის თავში ჩამერტყა-მეთქი (იცინის)… ახლაც სახლში მაქვს ეს ბუდა.

 

42 წლის გარდაიცვალა და მოასწრო ყოფილიყო – საქართველოს პარლამენტის საუკეთესო თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, „მწვანეთა“ ორგანიზაციის პირველი დამფუძნებელი და ლიდერი, რომელმაც ევროპაში „მწვანეთა პარტია“ საპარლამეტო ფრაქცია გახდა. შესულია მსოფლიოს ას საუკეთესო პოლიტიკოსს შორის. მისი აღიარება მის სიცოცხლეშივე მოხდა. ნაკლებად მახსენდება ვინმე, რომელსაც მის მსგავსად ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა კვალის დატოვება მოესწროს. პრაქტიკულად ყველა კანონპროექტი მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს არის მიღებული, რომელმაც საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანა საქართველოს კანონდებლობა. კონსტიტუცია 1995 წელს მიიღეს და იმავე წელს გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. 2 ათას სამასზე მეტი კანონი იქნა მის დროს მიღებული…

 

„მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი“, ჩვენი ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია და ასეც დარჩება. ეს ფრაზა ოქროს ასოებით არის ბევრგან არის ამოტვიფრული.

 

შვილებიდან პრაქტიკულად სამივე ჰგავს, მაგრამ ბესარიონი, რომელსაც ბუსას ეძახიან – განსაკუთრებით. სიარულის მანერა ზუსტად მამისნაირი აქვს. ზურგიდან რომ შეხედო, შეიძლება გული წაგივიდეს, ისეთი მსგავსებაა. ბუსას რომ რაღაცას ეუბნები და გისმენს, აქვს ის სიდინჯე და მოსმენის საოცარი კულტურა, რაც ზურას ჰქონდა.

 

პოლილიტიკოსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა, როდესაც მას მოსმენის კულტურა აქვს, ან თუნდაც იმის ილუზია შეგიქმნას, რომ გისმენს. ამ კულტურის მატარებელი იყო. ამიტომ იყო, რომ მის გარშემო ადამიანები ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით თავს. გადაწყვეტილების მიღებისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ყველას გვისმენდა. ლოგოზე, პარტიის სახელზე საათობით ვბჭობდით. არ ამტკიცებდა, რომ ერთპიროვნული იყო. უყვარდა, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გუნდურად ვიღებდით. უმნიშვნელოვანესი თვისებაა, როდესაც ლიდერს შეუძლია ყოველ ნაბიჯზე მის გარშემომყოფებს მათი მნიშვნელობა, ფასეულობა და დატვირთვა დაუმტკიცოს. ამ შემთხვევაში გრძნობ თავს გუნდის სრულფასოვან წევრად.

 

ეტიკეტის თანახმად კლასიკურად ჩაცმული უნდა ყოფილიყო, თორემ ჩაცმაზე და ტანსაცმელზე გაგიჟებული არ ყოფილა. პარტიაში რომ ვიყავით, ერთი გამოსასვლელი ღვინისფერი პიჯაკი და ჰალსტუხი ჰქონდა, რომელსაც ყველა იკეთებდა საჭიროებისამებრ. ეს იყო მორიგე ჰალსტუხი, რომელიც კაბინეტში ეკიდა და ინტერვიუს თუ გამოსვლის დროს იკეთებდნენ.  არასდროს აინტერესებდა მოდაში რა იყო, ვერც ბრენდებში ერკვეოდა…

 

იყო ძალიან ეკლესიური და ამის აფიშირებას არასდროს ახდენდა. ძალიან მტკიცე იყო თავის რწმენაში. იცავდა მარხვას. დილაობით კელაპტარი მოჰქონდა პარლამენტში. კაბინეტიდან უკან გასასვლელ, მოსასვენებელ ოთახში ბევრი ხატი ჰქონდა და იქ ლოცულობდა დილაობით. ეს კელაპტარი კი მთელი დღის მანძილზე იწვოდა… საოცარი სამყარო ჰქონდა მოწყობილი. ლოცვისას დანახული მყავს, თორემ ამის აფიშირებას არასდროს ახდენდა. მის ოთახში შევდიოდი, რადგან ნათქვამი ჰქონდა, თუ გშია, შედი და ჭამეო, ყოველთვის  ჰქონდა საჭმელი. იგივეს მეტყობა როცა ვეუბნებოდი, წამოდი, საჭმელად გავიდეთ-მეთქი. ცდილობდა ცომეული არ ჰქონოდა. თუ წონას აკრეფდა, აწუხებდა და ცდილობდა დიეტა დაეცვა.

 

ფოკას დედათა მონასტერში ჰყავდა მეგობარი, იღუმენია დედა ელისაბედი და დრო როცა ჰქონდა, ცდილობდა მასთან ჩასულიყო…

 

ისრაელში ოფიციალური ვიზიტი ჰქონდათ, ელენე თევდორაძეც მასთან ერთად  იყო. მაცხოვრის საფლავთან დიდი რიგებია სულ. ზურა ოფიციალური დელეგაციით მიიყვანეს  და ურიგოდ შევიდა საფლავზე. ელენემ თქვა, გამოსვლა დააგვიანდა და დიდი ამბავი ატყდაო. მუხლებზე დამდგარი ლოცვა ძალიან გაგრძელებია. შეშფოთებულან რიგში მდგარნი. თუმცა ვინც რწმენაშია, ის მიხვდება, რას ნიშნავს იესოს საფლავზე მოხვედრა და შანსი იქ ბოლომდე დაიცალო და ილოცო…

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X