fbpx
18:25 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

„ბედნიერი ვარ ნამდვილად“ – მსახიობ პავლე ნოზაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს

„ბედნიერი ვარ ნამდვილად“ – მსახიობ პავლე ნოზაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს

20 იანვარს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის წინ, საქართველოს დამსახურებული არტისტის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატისა და ღირსების ორდენის კავალერის, 72 წლის მსახიობის პავლე ნოზაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

 

„პრაიმტაიმი“ მსახიობს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

 

მინდა გითხრათ, რომ 20 რიცხვი და ჩემი ემოციები, ჩემს ცხოვრებაში აღმავლობის დღეა. ჩემს ხალხს, ჩემს საქართველოს მოწიწებით ჩავაბარე ჩემი ნაშრომი, რომელსაც ერის სიყვარული ჰქვია. გადავეცი ის, რასაც გულით ვატარებდი მთელი ჩემი ცხოვრების  მანძილზე.

 

– ვარსკვლავის გახსნა…  

 

უნდა გენახათ, რა საოცარი საღამო იყო! ვარსკვლავის გახსნა, მთავრობის ინიციატივით გაიმართა. ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ, ამ არაჩვეულებრივი საღამოსთვის.

 

– მოღვაწეობა, მოზარდ მაყურებელთა თეატრში…

 

მას შემდეგ, რაც გიგა ლორთქიფანიძემ მოზარდმაყურებელთა თეატრი ჩაიბარა, ამ თეატრის მსახიობი ვარ. იმ პერიოდში მეტეხის თეატრი დაიხურა და ბევრი მსახიობი უმუშევრად დავრჩით.

 

– 60 წელი სცენაზე… 

 

დიახ. სწორედ 60 წლის წინ დავდგი სცენაზე ფეხი და მას შემდეგ, არც ჩამოვსულვარ. რაც სცენაზე ვდგავარ, ჩემი ერისთვის და ჩემი ხალხისთვის გაკეთებული დიდი სიხარულია, რომელსაც სიყვარულიც ჰქვია. პირველად, 12 წლის ასაკში ვეზიარე სცენას. ბავშვობაში ვცეკვავდი კიდეც, პიონერთა სასახლეში, სადაც უძლიერესი პედაგოგები მყავდა. ახლა უკვე, 72 წლის ვარ.

width=600

 

– 12 წლის ასაკში შესრულებული პირველი როლი… 

 

1961 წლს, გერმნიასთან გამარკვების 20 წლისთავთან დაკავშირებით, ბავშვებს აგროვებდნენ სპექტაკლისთვის, სადაც ერთადერთი გმირი იყო, რომელიც 16 წლის ასაკში ომში წავიდა და დაიღუპა. კომპოზიტორი მიხეილ ჩირინაშვილი იყო, რომელსაც პირველად, სწორედ მაშინ შევხვდი. რამდენიმე წლის შემდეგ, დაიწერა პიესა „ჩაუქრობელი ვარსკვლავი“, სადაც მთავარ როლში ვთამაშობდი. ამ გმირის  შესრულების შემდეგ, საკავშირო ფესტივალის ლაურეატი და პირველი ოქროს მედალი დავიმსახურე – 1967 წელს, როცა უკვე 16 წლის გავხდი.

 

 თქვენ მიერ შესრულებული ფილმები… 

 

ბევრ ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული – „ნეილონის ნაძვის ხე“, „მხიარული რომანი“, „მონანიება“, „დონ კიხოტი, „მეტიჩარა“, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ასრულებს. იმ პერიოდში, ნინო საკმაოდ პატარა იყო, მაგრამ უკვე ძალიან კარგად მღეროდა. ერთხელ, საქველოქმედო საღამოზე ვიყავით საგარეჯოში. ნინოც, ჩვენთან ერთად იყო. კითხეს, აბა რას გააკეთებო. ვიმღერებო, უპასუხა. გავოცდი, არ ვიცოდი, ასე კარგად თუ მღეროდა. სიმღერა რომ დაიწყო გავოცდით ყველა, ისეთი წკრიალა ხმა ამოდიოდა. მაშინ ვთქვი, ამღერეთ ეს ბავშვი, რა სასწაული ხმა აქვს-მეთქი. მართალია, იმ პერიოდში ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, მაგრამ საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი იყო, თითქმის ყველა სფეროში. დღესაც ძალიან მიყვარს ეს ბავშვი. რომ გავიგე, ფეხმძიმედ არისო, ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. უფალს ვთხოვ, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს –  ბედნიერ დედობას ვუსურვებ.

 

– თქვენს შთამომავლებზე რას გვეტყოდით, როგორც ვიცი დიდი ბებია, დედის მხრიდან, საკმაოდ ცნობილი და წარმოსადეგი ქალბატონი გახლდათ…

 

ჩემი დიდი ბებია, ლორდ ჯეკის შვილი იყო. მისი დედა თურმანიძის ქალი იყო. დიდი ისტორიაა, ნორვეგიიდან იყვნენ როგორც ვიცი, ახლაც კი იკვლევენ ამ ამბავს. ბოლშევიკები დევნიდნენ ლორდს და როგორც ვიცი, მოკლეს. ბევრი ფოტოები მაქვს. ყველა მისი შთამომავალი განსხვავებული, ევროპული სტილის არიან. ჩემი შვილიშვილები და შვილთაშვილებიც, ევროპული გარეგეგნობით გამოირჩევიან.

 

width=600

 

 ამ ეტაპზე რას მოღვაწეობთ?

 

ჯერ კიდევ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მოქმედი მსახიობი ვარ. ამავე დროს ფილმებსაც ვიღებ, ჯერჯერობით ჯან-ღონით სავსე ვარ.

 

width=600

 

– ქართული თეატრი დღეს…

 

დაახლოებით, 1200- მდე სპექტაკლი მაქვს ნათამაშები. ადრე ხშირად დავდიოდით რაიონებში და სპექტაკლებს უფასოდ ვთამაშობდით. ეხლა კი, ძალიან რთული მდგომარეობაა ამ მხრივ რაიონებში. კვდება თეატრალური ხელოვნაბა, თითქმის აღარ არსებობს. ჩვენ თუ არ მივხედეთ, არ ვიცი როგორ იქნება. დეფიციტია მსახიობების და რეჟისორების. თუ ეს კოდი არ ჩაიდო და ეს ხალხი რაიონებში არ გაიგზავნა, ძალიან გაუჭირდება ქართულ თეატრს და ქართულ კულტურას. თეატრი თუ დაიღუპა, ერიც დიღუპება, ღმერთმა დაგვიფაროს.

 

– უამრავი ცნობილი მსახიობი, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყო…

 

ნამდვილად, უამრავი ლეგენდარული ქართველი მსახიობი, რაიონიდან იყო. ვინც რაიონიდან წამოვიდა, ყველას კარგად ესმის, რა დევს ადამიანის სულში. თუ ადამიანს, ბუნებასთან კონტაქტი არ აქვს, თუ ფეხშიშველამ არ გაირა ბალახზე, ტყის სურნელი არ შეიგრძნო და თუნდაც, არ მოეფერა ძროხას, ამის გარეშე ძალიან რთულია სცენაზე ასვლა. სამწუხაროდ, წავიდა ძველი თაობა, რომლებმაც ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, ისინი ყველაფერში საუკეთესო და ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ.

 

– ბედნიერი წლები…

 

ბედნიერი ვარ ნამდვილად, უამრავი კარგი მოგონება მაქვს, ბოლობოლო 45 წელი ბუმბერაზ ადამიანებთან ერთად ვიდექი და ჯერ კიდევ ვდგავარ სცენაზე. შარშან,  ძველი თაობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, უდიდესი რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა, რომელიც ერისთვის და პირადად ჩემთვის, უდიდესი დანაკლისი იყო. მასთან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს.

 

– პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია თუ, თეატრი?

 

ჩემი ჰობი, ჩემი ოჯახია. მყავს ძალიან კარგი მეუღლე, შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. მეუღლე, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაში ჩემ პროფესიულ განვითარებაში, ყოველთვის გვერდით მედგა. ყოველთვის რთულია დრამატულ ხელოვნებას გაუძლო, ამისათვის ხელოვნებაში მთავარია პროფესიონალიზმი, ასევე დიდი სიყვარული და ის დიდი ენერგია, რასაც თეატრი გაწვდის. ამას მოვლა სჭირდება. ახლაც კი, სწორედ იმ პროფესიონალიზმს ვემსახურები, რომელიც ღამე გაგაღვიძებს და იმ საქმეს გაგაკეთებინებს, რომელსაც ნიჭთან ერთად, უდიდესი მუშაობა სჭირდება.

 

 რას ეტყოდით საზოგადოებას?

 

მოვუწოდებ საზოგადოებას, მათ შორის ჩემ თავს, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ადამიანი, როდესაც თავის საქმეს აკეთებს, მაშინ არის თავის სიმაღლეზე და ამ დროს, ქვეყანაც თავის ადგილზე დგება. ჩემო ქვეყანავ, ჩემო საქართველო, პირველ რიგში გაერთიანებას, ერთსულოვნებას, ერთმანეთის მოფერებას და სიყვარულს გისურვებ. ამის გარეშე, ჩვენ ვერავინ გადაგვარჩენს. ჩვენ უნდა ჩავაგდოთ ნიადაგში თესლი, ისე როგორც ჩვენმა წინაპრებმა. მუდამ ერთად უნდა ვიყოთ, პატარა ერი ვართ და ამისათვის ყოველთვის სიფხიზლეა საჭირო. მირჩევნია, ყოველთვის თავისუფლებისთვის ვიბრძოდე. მებრძოლი სული, ყოველთვის მოქმედია, არასდროს არ იძინებს. არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა მიძინებული იყოს. მინდა, ყოველთვის  ფხიზელი, მოძრავი, მომღერალი, კულტურის გამტანი იყოს, არა მარტო მსოფლიოში, არამედ კოსმოსშიც კი. ეს გადარჩენს ჩემს საქართველოს, ჩემი ხალხის ყველაზე მეტად მომწონს, რომ რაც უნდა უჭირდეს, არ შიმჩნევს, ღიმილით გაგიღებს კარს და ღიმილით ჩაგეხუტება. გამარჯვებას ვუსურვებ ჩემ საქართველოს და ქართველ ხალხს.

 

შეგახსენებთ, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის ღვაწლმოსილ მსახიობ პავლე ნოზაძის სასცენო მოღვაწეობა, თიქმის ექვს ათეულ წელს ითვლის. იგი სხვადასხვა დროს, მოღვაწეობდა ბორჯომის სახალხო თეატრში, მეტეხის, ახმეტელის, ქართული ნოველის თეატრებში. გადაღებულია არაერთ ქართულ ფილმში, მათ შორის „მეტიჩარა“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „ცეცხლთან თამაში“(გულო), „დონ კიხოტი“(მეფუნდრუკე, თავადი), „მონანიება“(მეხანძრე), „მხიარული რომანი“(მოჩხუბრები) და სხვა.

 

პავლე ნოზაძის ვარსკვლავი

დღეს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ , ღვაწლმოსილი მსახიობის პავლე ნოზაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

Gepostet von ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი am Montag, 20. Januar 2020

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X