01:00 | 2020-03-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„აუცილებელია თამბაქოსთვის თავის დანებება “ – ექიმი კორონავირუსით გარდაცვლილი მწეველების სტატისტიკაზე

„აუცილებელია თამბაქოსთვის თავის დანებება “ – ექიმი კორონავირუსით გარდაცვლილი მწეველების სტატისტიკაზე

საქართველოში რისკები ძალიან მაღალია, იმ შემთხვევაში, თუ COVID-19-ის ეპიდემია მოხდა. სამედიცინო საზოგადოების რჩევა იქნება ის, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს თამბაქოსთვის თავის დანებება, – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ექიმ-დერმატოლოგი ზაზა თელია საუბრობს.

 

„კვლევების დიდი ნაწილი ჩატარებულია ჩინეთში და ამის მიხედვით, სქესი და მწეველობა განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობას. კვლევებმა, რომელშიც ბევრი პაციენტისა და ჰოსპიტალის მონაცემებია ასახული, ცხადყო, რომ პაციენტების უმეტესობა იყო მამაკაცი. ჩინეთში ძალიან დიდი სტატისტიკური სხვაობაა მწეველ ქალებსა და მამაკაცებს შორის.

 

კერძოდ, 2018 წლის მონაცემებით, 288 მილიონი კაცია მწეველი, ხოლო 12.6 მილიონი ქალი და უფრო ახალი, 2019 წლის მონაცემებით, ჩინელი მამაკაცების 47.6 პროცენტია მწეველი. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხომ არ არის სქესთან და მწეველობასთან დაკავშირებული COVID-19-ის სიმძიმის ხარისხი. სამედიცინო მხრივ ეს აიხსნება იმით, რომ COVID-19 უკავშირდება ენზიმს, რომელიც ჩვენ გვაქვს რესპირატორულ ტრაქტში. ეს იწვევს მძიმე და წვავე რესპირატორულ სინდრომს, რომელიც ლეტალური გამოსავლის ერთ-ერთი მიზეზია. ეს ენზიმი მწეველ ადამიანებს უფრო მეტი აქვთ, ამით ვარაუდობენ იმ ფაქტს, რომ მწეველ ადამიანებში შესაძლოა COVID-19 უფრო მაღალი რისკის მატარებელი იყოს ლეტალობის კუთხით.

 

მე საქართველოს ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ზრდასრული მოსახლეობის, მათ შორის თინეიჯერული ასაკის ადამიანების 80 პროცენტი მწეველია. გამოდის, რომ პროცენტულად საქართველოში რისკები ძალიან მაღალია, იმ შემთხვევაში, თუ COVID-19-ის ეპიდემია მოხდა. სამედიცინო საზოგადოების რჩევა იქნება ის, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს თამბაქოსთვის თავის დანებება. აღსანიშნავია, მეორე ხელით მწეველობაც, რომელიც აქტუალური თემაა საქართველოში. ვგულისხმობ, როდესაც ადამიანი ეწევა და მეორე ადამიანი იმ კვამლს სუნთქავს და ასევე საზოგადოებაში არაა ცნობილი მესამე ხელით მწეველობა, როდესაც ეს კვამლი ტანსაცმელზე, ნივთებზე გადადის და ეს კიდევ რისკებს მატებს“, – ამბობს ექიმ-დერმატოლოგი.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში 314 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 63.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X