18:12 | 2020-03-27 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„ამ მძიმე წუთებშიც კი, არ მინანია ასეთ ცხელ ადგილზე მუშაობა“ – ქართველი „ხეორხიანა“ პანდემიის ეპიცენტრიდან

„ამ მძიმე წუთებშიც კი, არ მინანია ასეთ ცხელ ადგილზე მუშაობა“ – ქართველი „ხეორხიანა“ პანდემიის ეპიცენტრიდან

კორონავირუსი ის გარემოება აღმოჩნდა, რომელმაც მთელ მსოფლიოში დღის წესრიგი შეცვალა, გამონაკლისი არც „ხეორხიანაა“. უმუშავია 48 საათის განმავლობაში, გადაღლილა, შეშინებია კიდეც, მაგრამ პაციენტების ზრუნვაზე უარი არ უთქვამს, მეტიც – ახლა, დედის გზას სხვა კლინიკაში მისი 22 წლის ქალიშვილიც გააგრძელებს.

 

მარი ნავროზაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ემიგრაციაში უკვე თითქმის ორი ათეული წელია ესპანეთშია. ისიც სხვა ემიგრანტების მსგავსად, უკეთესი მომავლის შესაქმენლად წავიდა. მას ჰიპოკრატეს ფიცი არ დაუდია, მაგრამ ჰიპოკრატეზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას თავის ქართველობა აკისრებს. „ხეორხიანა“ ესპანურად ქართველს ნიშნავს. ადგილობრივები ქართველო-ს ეძახიან.

 

ამბობს, რომ ბრძოლის ძალას და პოზიტიურ ენერგიას საქართველოდან იღებს, ამიტომაც ის სამშობლოს ხშირად სტუმრობს. როცა საშიშ ვირუსზე ანალიზს უღებდნენ, ფიქრობდა, რომ ინფიცირების შემთხვევაში დაავადებას საქართველოში შეებრძოლებოდა. ჰოსპიტალის ეპიცენტრში მყოფს, მაინც თანამემამულე მკურნალები ერჩია…

 

„ქალაქ რუსთავიდან ვარ. მყავს მეუღლე და 3 შვილი: ნატა 24 წლის, რომელსაც არ მოსწონს ესპანეთი და ცხოვრობს საქართველოში. 21 წლის ლილე და 19 წლის ლუკა, რომლებიც ჩვენთან, ესპანეთში ცხოვრობენ. 13 წელია უკვე რაც ესპანეთში, მანრესაში ვარ, მადრიდთან ძალიან ახლოს. მანრესას ცენტრალურ ჰოსპიტალში ვმუშაობ, მე პაციენტების კვება მევალება. ავადმყოფებთან პირდაპირი შეხება არ მაქვს პალატებში, პალატის ექთნებს ვხვდები.

 

სანამ ძალიან გავრცელდებოდა ესპანეთში კორონავირუსი და თითო-ოროლა პაციენტი ხვდებოდა ჩვენს ჰოსპიტალში, ექთნები პაციენტების საკვებ კონტეინერებს სპეციალურ ყვითელ ცელოფანში ფუთავდნენ და ეს იყო იმის მანიშნებელი, რომ ჭურჭელი უნდა განადგურებულიყო. ახლა, იმდენად ბევრი ინფიცირებულია, რომ ეს პროცედურაც შეწყდა, თავს თვითონ ვიცავთ.

 

როცა ექთანთან ჩავდივარ და საკვები ჩამაქვს შემაძრწუნებელი ხმები გამოდის პალატებიდან -„მიშველეთ, ვიგუდები! ასეთი სიბერე არ მინდოდა“. ძალიან რთულია მედიკოსებისთვის ემოციურად ამის ატანა. ექიმები ამბობენ, რომ ფსიქოლოგიურ ძლიერ სტრესს განიცდიან, რადგან პალატებში მოხუცები გარდაცვლილები ხვდებათ. ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში დაახლოებით, 10 გარდაიცვალა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ყველანაირი დახმარება უტარდებათ, მკურნალობის კურსი საკმაოდ კარგია, მაგრამ ასაკთან უძლურები არიან. როცა განყოფილებაში ჩავდივარ, განსაკუთრებული ეკიპირებით ვარ, ვიცავ ყველა წესს. შიში რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ყველამ უარი რომ ვთქვათ სამუშაოს შესრულებაზე, კოლაფსს გამოვიწვევთ.

 

აქ რომ ისეთი მდგომარეობა იყოს, როგორც საერთაშორისო მედია ავრცელებს, ჩემს 22 წლის ქალიშვილს კლინიკაში სამუშაოდ გავუშვებდი? ხვალიდან გადის, კადრების დეფიციტია და მახარებს ეს ფაქტი, რომ ჩემი გოგონა თავის წვლილს შეიტანს. არც გიორგი სააკაძე ვარ შვილი რომ პრობლემის გადაჭრას შევწირო და არც სულელი საფრთხეები რომ ვერ გავთვალო. ჰიგიენური ნორმების დაცვის შემთვევაში, არაფერია საშიში.

 

ამ მძიმე წუთებშიც კი, არ მინანია ასეთ ცხელ ადგილზე მუშაობა. თუმცა, გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ როცა ანალიზი ამიღეს და კორონავირუსზე გადამამოწმეს, მაშინ გადაწყვეტილი მქონდა, თუ პასუხი დადებითი იქნებოდა, მე საქართველოში დავბრუნდებოდი, ჩემი ქვეყნის ექიმები სხვანაირად ამიხსნიან-მეთქი, ვფიქრობდი.

 

ვინც იღუპება, ჯერ ტაძარში გადაჰყავთ, პანაშვიდს უხდიან, შემდეგ – კრემაციას უკეთებენ ოჯახის წევრების გარეშე. ქართველებისგან განსხვავებით, აქ პატრონები სიცოცხლეში არ აკითხავენ და არ დგანან ეზოებში.

 

ძალიან გული მწყდება, რომ ესპანეთის ჯანდაცვის სისტემაზე ცუდად საუბრობენ. აქ ინფიცირებულები 100 წლამდე არიან, ღრმად მოხუცებს უჭირთ ამ ინფექციის დაძლევა. ამიტომაც, მაღალია სიკვდილიანობა. ყველაფერს აკეთებენ აქაური ექიმები.

 

ჩვენს კლინიკაში არცერთი ქართველი არაა. მედიკოსები ისე ყურადღებით არიან, განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს ადგილობრივებთან. ჩამომაქვს ქართული პროდუქცია მათთვის და ვუმასპინძლდები. ყოველ 6 თვეში საქართველოში ჩამოვდივარ, მანდ პოზიტიურ ენერგიას ვიღებ და ისე ვბრუნდები. ჩემი ქართველებისგან უამრავ მოკითხვას ვიღებ. მეუბნებიან, რატომ არ საუბრობდი ასეთი მძიმე სამუშაო რომ გქონდა, ერთად გავუმკლავდებოდითო. მე კი, მათი ნერვიულობა არ მინდოდა…

 

ესპანეთს იმიტომ შევეგუე კარგად, რომ აქ ხალხი ემოციურია, ისეთი, როგორიც საქართველოში. ერთ ექიმს პაციენტი გარდაეცვალა და ცხარე ცრემლით ტიროდა, ჭირისუფალივით იყო, არიან ისეთებიც, ვინც ცივი გონებით აღიქვამენ ყველაფერს. რაღაც ქართული არის მათშიც, მე ესპანელები სახელით არ მომმართავენ, „ხეორხიანას“ მეძახიან, ეს ქართველს ნიშნავს და ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა პასუხისმგებლობაა.“ – ამბობს მარი ნავროზაშვილი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები