23:26 | 2020-08-25 ავტორი: Prime Time

​მეორეჯერ ასე რომ გააკეთებ სუფრასთან, ამ ბოთლს გაგთხრი ერთ ადგილასო – ახალგაზრდა ქალი დამსაქმებელს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

​მეორეჯერ ასე რომ გააკეთებ სუფრასთან, ამ ბოთლს გაგთხრი ერთ ადგილასო – ახალგაზრდა ქალი დამსაქმებელს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

მიმდინარე წლის 14 აგვისტოს რესტორან ROUTE 66-დან ქრისტინა ნანიკაშვილი გაათავისუფლეს. ის მიმტანად მუშაობდა.

 

სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა მის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გამოიყენა.

 

ქრისტინა ნანიკაშვილი: „13 აგვისტოს 12 საათზე ვამთავრებდით სმენას. უფროსები ისხდნენ მაგიდასთან, ირაკლი გოგინავა, ვისთანაც მომივიდა კონფლიქტი და მეორე შეფ-მზარეული ალიკა გოგელია.

 

სამუშაო საათების შემდეგ სუფრასთან მიგვიწვიეს მე, ადმინისტრატორი ქალი და ბარმენი ბიჭი. უფროსები უკვე ნასვამები იყვნენ. მე და იმ ქალმა ერთი თუ ორი ჭიქა დავლიეთ. სადღაც ღამის ორი საათისკენ მე და ბარმენმა ხუმრობა დავიწყეთ, ჩვენ სულ ვკინკლაობდით და ვკამათობდით, ოღონდ ხუმრობით. ბარმენს ეუბნება უფროსი, შენს ადგილას რომ ვიყო, ისე გაწვალებს და ნერვებს გიშლის, დავკიდებდი ფეხებითო.

 

ცოტა უსიამოვნო იყო ამის მოსმენა, მაგრამ ხუმრობაში ვუტარებდი და ვიცინოდი, ვერაფერსაც ვერ მიზამს-მეთქი. ლიმონათის ბოთლს მოვკიდე ხელი, ამას ჩაგარტყამთ-მეთქი, ხუმრობით და სიცილით ვუთხარი ბარმენს. გამიცინა ბარმენმა, მეც გავუცინე და ამით დავამთავრეთ ლაპარაკი.

 

ირაკლი უცებ გაღიზიანდა, მითხრა,  ქალი ხარ და არ გაქვს მაგის უფლება, რომ ბოთლი წამოწიო, ეს უზრდელობააო, მეორეჯერ ასე რომ გააკეთებ სუფრასთან, ამ ბოთლს გაგთხრი ერთ ადგილასო. შოკისგან  ვერაფერი ვერ ვუთხარი. მეორეჯერაც რომ გაიმეორა იგივე, მივუბრუნდი  ბარმენს და ვკითხე, გეწყინა ეს რომ გავაკეთე-მეთქი. არაო, მიპასუხა.

 

ასევე წაიკითხეთ:

დედა ხმელეთზე სიხარულით ტიროდა, მე - გემზე - 27 წლის მეზღვაური გოგო, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია
2020-07-30დედა ხმელეთზე სიხარულით ტიროდა, მე - გემზე - 27 წლის მეზღვაური გოგო, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია

 

უფროსმა მაინც გააგრძელა, მე არ მომწონს სუფრასთან ასეთი რაღაცები, უფროსი ვარ და გასწავლიო,  მე ნაცნობი ვარ და არაფერს გეუბნები, მაგრამ შენ რომ სხვა სუფრასთან კაცებთან ასეთი რამე იკადრო, გცემენ, სიტყვიერ შეურაცხყოფასაც მოგაყენებენ და სხვა რამესაც გიზამენო. მეორე უფროსიც მეუბნება, რჩევას გაძლევს, გასწავლის, როგორც უფროსი კაციო.

 

მე ამ დროს არ ვუსმენ, ცუდად ვარ, წამოსვლა მინდა, ვეძებ შესაფერის დროს. მეორე უფროსს ეუბნება, არც მისმენს, აზრი არ აქვს ამასთან ლაპარაკსო.

 

წამოვდექი, უნდა დავტოვო აქაურობა, ასეთ შეურაცხყოფას ვეღარ მოვითმენ-მეთქი. რა გწყინს ქროსტიო, მეორე უფროსი მეუბნება, გასწავლისო. ამ დროს ირაკლიმ დაიყვირა, დაჯექი  მომისმინეო. ინსტიქტურად დავჯექი.

 

გააგრძელა, რატომ არ მისმენო, გასწავლი და შენთვის გეუბნებიო. რა უნდა მოგისმინოთ, შეურაცხყოფას მაყენებთ-მეთქი. მაშინ თუ არ გესმის უფროსის სიტყვები, არ მჭირდება შენაირი, გაეთრიე  ჩქარა სამსახურიდანო.

 

გაშტერებული ვუყურებდი, როგორ მელაპარაკებით-მეთქი და მეორეჯერაც იგივე გამიმეორა. უსიტყვოდ ავდექი, ავიღე ჩანთა და გავედი რესტორნიდან. არავინ არ გამომყოლია. მაგიდასთანაც არც არავინ აყოლია, მაგრამ არც მე გავუმართლებივარ ვინმეს. გარეთ ცუდად გავხდი, ვტიროდი, იქვე ახლოს სკამზე ჩამოვჯექი.

 

დავინახე გარეთ იდგა უფროსი, მხედავდა და არც მოსულა. წავედი სახლში.სადღაც დაახლოებით 40 წუთში დამირეკა ბარმენმა, სად ხარ, დაგელაპარაკო უნდაო. დამეწია პარკთან  და მომიყვა, გავეცი პასუხიო. თქვა, რომ თავისი აზრი დააფიქსირა, რომ უფროსი არასწორად მოიქცა ჩემ მიმართ. მე მოვუსმინე, მაგრამ არ ვიცოდი, სიმართლეს შეესაბამებოდა, თუ -არა მისი სიტყვები.

 

მესამე დღეს მივედი სამსახურში დასალაპარაკებლად. რომ დამენახა, ნანობდა, ჩივილს და გასაჯაროებას აღარ ვაპირებდი. მაგრამ მითხრა, რომ სალაპარაკო არაფერი არ ჰქონდა და თავისუფალი ვიყავი სამსახურიდან. არც ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას თქვენთან, მაინტერესებს, რით დავიმსახურე თქვენგან ასეთი შეურაცხყოფა-მეთქი.

 

რაც დაიმსახურე, რისი ღირსიც იყავი, ის გითხარიო, იმავეს იმეორებდა, არ მაცლიდა ლაპარაკს. მხარი არავინ არ დამიჭირა. დავპირდი, რომ სხვანაირად მივხედავდი ამ საქმეს, მის გვერდზეც დავწერდი, ჟურნალისტებსაც ვეტყოდი და ვიჩივლებდი. შემაგინა. მოვტრიალდი და წამოვედი. მერე დავწერე პოსტი სხვადასხვა გვერდზე.

 

პოსტზე გამომეხმაურა იურისტი თეა მარიდაშვილი, მითხრა, რომ  დამეხმარებოდა სრულიად უსასყიდლოდ. გავაგზავნეთ რესტორანში წერილი, ვითხოვდით ახსნა-განმარტებას. სამსახურიდან უკანონოდ გამომიშვა.

 

თურმე, 30 დღით ადრე უნდა გააფრთხილო თანამშრომელი. არ ჩაიბარა ეს წერილი, გამოაგზავნა უკან. ახლა 3-4 დღეში შევიტანთ სარჩელს სასამართლოში.

 

მოლოდინი მაქვს, რომ გაეცეს ამ კაცს პასუხი და არ დაავიწყდეს ის, რომ ჩვენ თანამშრომლები ადამიანები ვართ და არ აქვს  უფლება, ასე მოგვექცეს. ეს იყო შეურაცხყოფა სიტყვიერი და გენდერული ნიშნით.

 

პრაიმტაიმი რესტორნის მფლობელ ირაკლი გოგინავასაც დაუკავშირდა, რომელიც კონფლიქტის მეორე მხარეს წარმოადგენს. ის ქრისტინა ნანიკაშვილის ბრალდებას არ ეთანხმება და მით უმეტეს, დისკრიმინაციული ნიშნით თანამშრომლის გათავისუფლებას კატეგორიულად უარყოფს.

 

ირაკლი გოგინავა, რესტორან როუტ 66- ის მეპატრონე: „ახალგაზრდებს ხანდახან ახასიათებთ ფიცხი ხასიათი. ელემენტარული შესწორება, რაც ჩემი მხრიდან იყო, არ მოეწონა და ამას მოჰყვა პატარა შელაპარაკება. დიდი გამოცდილება მაქვს პერსონალთან ურთიერთობის.

 

ადრე მქონდა კიდევ სხვა კვების ობიექტები. ხანდახან ხდება, როდესაც ახალგაზრდას შენიშვნას ან რჩევას აძლევ, მაგრამ არ იღებს. იმ დღესაც ასეთი რამ მოხდა. არასწორად გაიგო იმ ბავშვმა, რაც ვუთხარით და ამას მოჰყვა კონფლიქტი.

 

ამ თემის გამწვავება და ახალგაზრდა ადამიანის შესახებ უარყოფით კონტექსტში საუბარი არ მინდა, იმიტომ რომ, მაგისთვის არ მცალია. იმ ბავშვს გადაეცით, თუ გაქვთ ამის საშუალება, ღმერთმა სიკეთე მისცეს და კარგად ყოფნა ვუსურვე.

 

ცუდი არასდროს არ მითქვამს მე არც მაგისთვის და არც ერთი სხვა თანამშრომლისთვის. თუ აქვს მტკიცებულება, რომ მე მაგას შეურაცხყოფა მივაყენე, გამოიყენოს, როგორც უნდა.

 

სამსახურიდან იმის გამო გავათავისუფლეთ, რომ თავის მოვალეობას ვერ ასრულებდა. ვერ გამოავლინა ის უნარები, რომლებიც საჭირო იყო სამსახურში. ორი თვის განმავლობაში ჩვენ შევცვალეთ ათი პერსონალი, ძირითადად – მიმტანები. პრაქტიკებს რომ გადიან, ზოგმა ორი-სამი ცვლა იმუშავა.

 

ერთი-ორი ადამიანი თავისით წავიდა, იმიტომ, რომ არ იყვნენ შესაბამისი კვალიფიკაციის. ქრისტინასაც რამდენიმე ხანი ვაკვირდებოდით,  მაგრამ ვერ დააკმაყოფილა შესაბამისი მოთხოვნები. ეს კამათი რომ არ მომხდარიყო, სამსახურიდან მაინც ვაპირებდით გაშვებას.

 

სასამართლოს თუ მიმართავს, ეს მისი უფლებაა. როგორც უნდა, ისე მოიქცევა, რა თქმა უნდა. როდესაც ჩემი პასუხი იქნება გასაცემი, მე გავცემ სრულად პასუხს კანონის მიხედვით, სადაც საჭირო იქნება, იმ ორგანოში. ამ ეტაპზე მეტი სათქმელი არაფერი არ მაქვს.“

 

„პრაიმტაიმი“ კომენტარისთვის ბარმენსაც დავუკავშირდა, მაგრამ მან პასუხის გაცემა არ ისურვა.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X