ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე მდგომარეობაშია - კოკა კობალაძის ადვოკატი

00:04 07-13-2018
196

 

20 წლის კოკა კობალაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასტიკად ნაცემია და მას პოლიციის თანამშრომლები მათთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდნენ.ამის შესახებ 1tv.ge წერს. 

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. სასტიკად არის ნაცემი. როგორც იგი აღნიშნავს, პოლიციელებმა სცემეს. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ პოლიციელები სახლში შეუვარდნენ და ისე სცემეს. მოტყუებით შეავსებინეს ოქმი, ესაუბრებოდნენ მამაზე, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა და ამ ოქმის დასრულების შემდეგ, როდესაც ხელი მოაწერინეს ამის შემდეგ სცემეს და არაადამიანურად მოექცნენ, ვგულისხმობ იმას, რომ სახეზე დანა დაადეს და უთხრეს, თუ არ იტყოდა თვალს ამოუგდებდნენ და ასეთი ზეწოლის ქვეშ აიძულებდნენ, მიეცა მათთვის სასურველი ინფორმაცია. რა არის მათთვის სასურველი ინფორმაცია, ჩვენთვის უცნობია. ისეთი კითხვები იყო, რომ თითქოსდა არ იცოდნენ სად იყო მამა. ეს ტაქტიკა იყო, სტრატეგია თუ რა, ამას იმედია გამოძიება დაადგენს”,- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, საქმეში შესაძლებელია იმ ვიდეოჩანაწერების ამოღება, სადაც ფიქსირდება თუ ვინ შევიდა კოკა კობალაძის საცხოვრებელ სახლში. მისივე თქმით, არსებობს მოწმე, რომელიც ამოიცნობს კობალაძის ბინაში შესულ პირებს.

„არის მოწმე, რომელიც ნამდვილად შეესწრო აღნიშნულ ფაქტს, ასევე ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, შემოხეული მაიკა, ტანსაცმელი, რომელიც ეცვა კოკა კობალაძეს. სამედიცინო ცნობა არსებობს, რომ ნამდვილად ტვინის შერყევა აქვს. ასევე ჩვენი ინფორმაციით, არის ვიდეოჩანაწერი, სადაც მათ მანქანა გააჩერეს და შემდეგ ეს ორი პიროვნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გადაადგილდა სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ეს უკვე ერთობლიობაში იძლევა საფუძველს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს ზეწოლა”, – აცხადებს ადვოკატი.

 

თათა დავითულიანი სოციალურ ქსელში  შვილის ცემის ფაქტზე ინფორმაციას აქვეყნებს. მისი თქმით, სამართალდამცველები მის ვაჟს სახლში შეუვარდნენ და კასტეტით სცემეს.

20 წლის კოკა კობალაძე ამჟამად ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ექიმის თქმით, პაციენტს სახის არეში მსუბუქი, ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. 

,,პაციენტს სახის არეში  მსუბუქი ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. ჩატარებულმა კვლევებმა, რამე განსაკუთრებული დაზიანება არ გამოავლინა. მონიტორინგის მიზნით ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული,''- განაცხადა ექიმმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდასხმაში პოლიციელების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. უწყებაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შესწავლა დაიწყო.