,,სახლში მარტო იყო, მივარდნენ და კასტეტებით სცემეს'' - კოკა კობალაძის ბებია

19:54 07-12-2018
298

 

"პოლიციელები მიუვარდნენ ბიჭს სახლში და ეკითხებოდნენ მამის ადგილ სამყოფელს, გავარკვიე რომ ბავშვის მამა ალეკო კობალაძე კანონიერი ქურდია, რომელიც ორი თვის წინ სპეცოპერაციით დააკავეს საფრანგეთში," - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ სოციალურ ქსელში დაწერა. ჟურნალისტის ინფორმაციით კოკა კობალაძე, პოლიციელებმა იმის გამო სცემეს, რომ მან სამართალდამცავებს ყავის მოდუღება შესთავაზა, რაზეც ისინი გაბრაზდნენ. ნინო ჯღარკავას თქმით კოკა კობალაძე ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან დაკავშირებით, ,,პრაიმტაიმი'' კოკა კობალაძის ოჯახის წევრებს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, ბიჭი გუშინ საღამოს პოლიციამ სცემა და ტვინის შერყევა აქვს მიღებული. 

,,გუშინ, საღამოს, ბავშვი მარტო იყო სახლში. 20 წლის ბიჭზეა საუბარი, რომელიც არის უჭკვიანესი, უპატიოსნესი.ამ დროს პოლიცია შედის სახლში და ეუბნება:სად არის, ბიჭო მამაშენი? მთელმა  საქართველომ და ნახევარმა მსოფლიომ იცის, რომ  ორი თვის წინ, საფრანგეთის სპეცოპერაციის დროს დაიჭირეს. კობამ უთხრა, რომ სახლში არავინ იყო და პოლიციისთვის უკითხავს, რას მიირთმევთ ყავას თუ ჩაისო? შენ ვის ,,ეკაიფებიო'' და კასტეტით სცემეს ბავშვი. ტვინის შერყევა აქვს. ახლა, გვითხრეს, რა მოხდა მერე ტვინი აქვს შერყეულიო. რომ მოეკლათ, რა უნდა გვექნა ?,- განაცხადა კოკა კობალაძის ბებიამ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად - „Caucase Normandie“. დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“: საბერძნეთის ქალაქ სალონიკში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“ დააკავეს.