პროკურორი ფონდ "იავნანას" საქმეზე - სისხლის სამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ არის დაწყებული

17:41 07-12-2018
42

პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, როდესაც დასრულდება მიმდინარე გამოძიება ფონდ "იავნანაში" თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, პაატა ბურჭულაძის მიმართ სამართლებრივი გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.

ამის შესახებ პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც პაატა ბურჭულაძე საქველმოქმედო ფონდ "იავნანაში" თანხების სავარაუდოდ არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე გამოძიების კითხვებს მაგისტრანტ მოსამართლესთან ერთად პასუხობდა.

"როგორც ცნობილია, გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად ფონდ "იავნანას" თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში წარმოიშვა გარკვეული კითხვები მოწმესთან დაკავშირებით, რაც ეხება თანხების ხარჯვის მიზნობრიობას. შესაბამისად, დღესაც ამ მიმართულებით იყო კითხვები.

საზოგადოებისთვის დავკონკრეტდები, რომ ფონდი "იავნანა" დაფუძნდა 2004 წელს და მისი დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს 2014 წლიდან მოყილებული, ანუ საქმე გვაქვს პრაქტიკულად 14 წლის პერიოდთან. მოგეხსენებათ, ფონდ „იავნანას" საქმიანობა არის მრავალმხრივი, შესაბამისად, დოკუმენტაციაც საკმაოდ მოცულობითია. ამ პერიოდში გამოძიების მიერ დაიკითხა არაერთი მოწმე. პრაქტიკულად ასეულობით მოწმეა გამოკითხული. შესაბამისად, ამ ინტენსიური საქმიანობის ფარგლებში პერიოდულად წარმოიშვებოდა კითხვები, რომელიც დღეს გამოძიების ინტერესებიდან დაესვა პაატა ბურჭულაძეს, როგორც ფონდის პრეზიდენტს. საუბარია ფაქტზე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება. ხაზს ვუსვამ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის არავის მიმართ. საუბარია ბატონ მოწმეზე, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული ფაქტებისა და მოვლენების ირგვლივ დაესვა კითხვები, რაზეც დღეს შესაბამისი პასუხი მივიღეთ. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ფასდება ცალკეული მტკიცებულება და როდესაც გამოძიების ეს ეტაპი დასრულდება, ყველა ის მტკიცებულება ერთობლიობაში შეფასდება და შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. რაც შესაძლოა იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, როგორც დევნის დაწყების, ასევე სხვა გადაწვეტილება", - განაცხადა ჯვარშეიშვილმა.