ცნობილი ხდება, სად გააგრძელებენ საქმიანობას ყოფილი მინისტრები

16:59 07-12-2018
210

მთავრობის ახალი შენადგენლობის მიღმა დარჩენილი მინისტრები მუშაობას კვლავ სახელისუფლებო გუნდში განაგრძობენ.

Imedinews-ის ინფორმაციით, განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების საკითხებში პრემიერის მრჩევლის პოსტს დაიკავებს. კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იქნება და კულტურის სფეროს გაუწევს კოორდინირებას.

რაც შეეხება დევნილთა და განსახლების ყოფილ მინისტრს სოზარ სუბარს, მისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში ახალი დეპარტამენტი იქმნება, რომელიც კოორდინირებას გუბერნატორების მუშაობას გაუწევს. კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან თვითმმართველობების კოორდინირების ნაწილის გამოყოფა და ამ ფუნქციის მთავრობის ადმინისტრაციაში გადატანა იგეგმება.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს, პრემიერმა უკვე თქვა, რომ კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მცირე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა: განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.

მინისტრობის კანდიდატებს და პრემიერმინისტრს დეპუტატები 13 ივლისიდან მოუსმენენ. მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. 

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით 5 ივლისს დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდა.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.