ვერტმფრენის ავარიულად დაშვებისას დაშავებული 5 პირიდან ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, ოთხის მდგომარეობა კი, სტაბილურად მძიმეა

14:37 07-12-2018
26

ექიმების ინფორმაციით, სოფელ ართანის ტერიტორიაზე ვერტმფრენის ავარიულად დაშვებისას დაშავებული ხუთი პირიდან ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, ოთხის მდგომარეობა კი, სტაბილურად მძიმეა. დაშავებულებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. 

ამ ეტაპზე არც ერთი მათგანის თბილისში გადაყვანა არ იგეგმება. 

სოფელ ართანის ტერიტორიაზე ვერტმფრენის ავარიულად დაშვებისას დაშავებულები სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა მოინახულა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკლიძემ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში და ყამბარაშვილის კლინიკაში მოთავსებულების შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მოისმინა. მან ის პაციენტიც მოინახულა, რომელსაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი განცხადებით, შემთხვევის დროს ხუთივე დაშავებული თელავის კლინიკებშია გადანაწილებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა შეიძლება განხდარიყო ავარიული დაშვების მიზეზი კეკელიძემ განმარტა, რომ ვერტმფრენი ტექნიკურად გამართული იყო და მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად 3 მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 პოლიციის თანამშრომელი დაშავდა.

“მიმდინარე წლის 12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმური როტაციის მიზნით მიფრინავდა“, - აცხადებენ შსს-ში.

 

"ინტერპრესნიუსი"