თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეგობარი: ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ვცდებოდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მკვლელი არის ლადო გრიგალაშვილი

13:49 07-12-2018
524

ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ვცდებოდე და ერთი პროცენტი მაინც არსებობდეს იმის შანსი, რომ არ იყოს ეს ჩადენილი ლადო გრიგალაშვილის მიერ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მკვლელი არის ის, - ამის შესახებ თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მეგობარმა, დარეჯან თათარაშვილმა სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა.

თათარაშვილმა მოკლულისა და ბრალდებულის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლადო გრიგალაშვილის მიმართ თავიდანვე ნეგატიურად იყო განწყობილი. მოწმის თქმით, ის და ნაცვლიშვილის კიდევ ერთი მეგობარი, გრიგალაშვილისა და ნაცვლიშვილის ურთიერთობის წინააღმდეგები იყვნენ.

"ლადო გავიცანი 2017 წლის გაზაფხულზე. მის მიმართ თავიდანვე ნეგატიური დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, რადგან მიმაჩნდა არასანდოდ. სამჯერ დაშორდა სამი წლის განმავლობაში სხვა გოგოს გამო და ასეთი ადამიანი მიმაჩნია, რომ არ იყო სანდო. თუმცა ანას ძალიან უყვარდა ლადო. იმდენად ძლიერ უყვარდა, რომ მიკვირდა კიდეც. მივხვდი, რომ მათ ურთიერთობაში ჩარევის შემთხვევაში, შეიძლება ანა დამეკარგა და ამიტომ აღარ ველაპარაკებოდით იმაზე, რომ ლადო მისი ღირსი არ იყო", - განაცხადა მოწმემ.

დარეჯან თათარაშვილმა მკვლელობის დღეს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც დილით, 06:00 საათზე, ნაცვლიშვილის სახლში ლადო გრიგალაშვილის მისვლის ამბავი გაიგო, მაშინვე გაუჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა მის მიერ იყო ჩადენილი. დარეჯან თათარაშვილის ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილს სხვა ბიჭთან არავითარი ურთიერთობა, მითუმეტეს ინტიმური ურთიერთობა არ ჰქონია. 

„არაერთხელ უთქვამს ანას, რომ ჩაძინებია და ლადოს მიერ გვიან მიწერილი მესიჯი დილით უნახავს. არასოდეს ლადო არ ჩავარდნილა პანიკაში, რატომ არ მპასუხობს ანაო. აქედან გამომდინარე, გამიკვირდა, რატომ ავიდა ანას სახლში და დაუწყო ძებნა. ძალიან ცოტა ადამიანს ენდობოდა და 06:00 საათზე სანდო ადამიანის გარდა არავის გაყვებოდა. ასეთი ადამიანი იყო ლადო გრიგალაშვილი ან ოჯახის წევრები. აქედან გამომდინარე, გამოჩნდა ეჭვი, რომ ანა მისი მოკლული იყო. ეს არ გავს იმ პიროვნებას, რომელსაც საყვარელი ადამიანი მოუკლეს. გარედანაც რომ ვუყურებდი, საკმაოდ ცინიკური გამოხედვა აქვს. ბედნიერი ვიქნები, რომ ვცდებოდე და ერთი პროცენტი მაინც არსებობდეს იმის შანსი, რომ არ იყოს ეს ჩადენილი ლადო გრიგალაშვილის მიერ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მკვლელი არის ის", - განაცხადა მოწმემ.

 

 

წყარო: "ინტერპრესნიუსი"